"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს მიაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა ალეხანდრო გარნაჩოს დატოვებაში პოზიტიური ნიშნებიც არის.
18 წლის გარნაჩო ლიგის თასის მატჩში "ასტონ ვილასთან" შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ვინგერის სრული დებიუტი გასულ თვეში შედგა, როცა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ მატჩში გოლით გამოიჩინა თავი, სამი დღის შემდეგ კი პრემიერ ლიგაში იმავე "ასტონ ვილასთან" სასტარტოდან ითამაშა.
ესპანეთის ნაცვლად არგენტინის ნაკრების არჩევის შემდეგ გარნაჩო პირველად ეროვნულ გუნდში მარტში მიიწვიეს, თუმცა მას შემდეგ არგენტინელთა რიგებში აღარ გამოუძახებიათ.
"რთულია რამის თქმა", - განაცხადა ტენ ჰაგმა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ჰკითხეს. - "არ ვიცნობ არგენტინელთა ყველა ხელმისაწვდომ ფეხბურთელს, თუმცა, რა თქმა უნდა, შერჩეული 26 მოთამაშიდან ბევრი ვიცი.
მეორე მხრივ კი უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია მსოფლიო თასზე წასვლა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ. თუმცა ვერ გეტყვით, მისთვის ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა თუ არა. ჩემი აზრით, უბრალოდ საღი გონება უნდა შეინარჩუნოს, ბევრი იმუშაოს და განვითარდეს მატჩიდან მატჩამდე".
ტენ ჰაგი მოხიბლულია გარნაჩოს გავლენით, მაგრამ ფიქრობს, რომ "იუნაიტედის" შემადგენლობაში თავის დამკვიდრებისთვის თავისი თამაშის გარკვეული ელემენტები უნდა დახვეწოს.
"ვფიქრობ, კარგად შემოვიდა და ეს თამაშზე მის მიერ მოხდენილ გავლენასაც დაეტყო. ორი საგოლე გადაცემა, კარგი დრიბლინგი, უკან ჩარბენები - მაგრამ მაინც აქვს გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი. მაგალითად, როცა გრძელი გადაცემა კეთდება, თავურზე სკოტ მაკტომინეისთან ერთად არ უნდა იბრძოლო, გადმოვარდნილი ბურთის აღებას უნდა ეცადო.
ასე რომ, მას ჯერ კიდევ აქვს სასწავლი, მაგრამ მისი განვითარებით და ამაღამ ნაჩვენები თამაშით, რა თქმა უნდა, კმაყოფილებით ვართ.
შეიძლება თუ არა, რომ რეგულარულად ითამაშოს? დამოკიდებულის მის მიდგომაზე, შეხედულებაზე. თუ მუშაობას განაგრძობს, მიდგომას შეინარჩუნებს, ეს შესაძლებელი იქნება. ყოველდღიურად განვითარებისკენ სწრაფვისა და ცხოვრების სტილის სწორად წარმართვის შემთხვევაში ამას შეძლებს.
როგორც ნახეთ, მას აქვს შემტევი ფეხბურთის უნარები, რომლითაც კომპაქტური დაცვითი ხაზის გარღვეავს ახერხებს. ნებისმიერ გუნდს, რომელსაც შემტევი ფეხბურთის თამაში სურს, ამას მეტოქის ნახევარზე აკეთებს, შესაბამისად სჭირდებათ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეს მოატყუებს.
ამასთან, დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაც შეუძლია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს დამოკიდებულია მის შეხედულებაზე, დაცვით უნარებზე, დისციპლინაზე - როცა ამას შეძლებს, ყველაფერი შესაძლებელი იქნება".