ანდერ ერერამ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მათ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები უწოდა.
"როცა გყავს ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში 24-25 გოლი გაიტანა, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ის გუნდს არ სჭირდება?
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. რა თქმა უნდა, შეიძლება ყოველ სეზონში 50 გოლი არ გაიტანოს, მაგრამ მაინც ყოველდღე იბრძვის, იგებს, საკუთარ თავზე ზრუნავს. ეს პატივისცემას მოითხოვს.
მას სეზონის ყველა მატჩში ვერ აიძულებ გოლი გაიტანოს, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იქნება.
არის ერთი რამ, რაც არ იტყუება - ეს არის სტატისტიკა. რონალდუ ყოველთვის მზადაა იბრძოლოს, გაიტანოს, ირბინოს, აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე.
მიმაჩნია, რომ არც კრიშტიანუს და არც ლეოს კრიტიკის ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, ყველა მათზე ისაუბრებს, რადგან ისინი ალბათ ორი საუკეთესო მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში.
პირადად ჩემთვის მესის გვერდით თამაში, მასთან ერთად ვარჯიში ოცნება იყო - ოცნება, რომელიც რეალობად იქცა.
მას შემდეგ რაც მესი პირადად გავიცანი, რეალობა იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო - ის ყოველთვის ცდილობს გუნდს დაეხმაროს, ყველას პატივს სცემს, ის საუკეთესო ფეხბურთელია ისტორიაში და ხედავთ, როგორი თავმდაბალია.
ძალიან კარგია, რომ კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა. ის გოლებს იტანს და დაბრუნდა იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო.
ხანდახან ვხედავ, როგორ უპატივცემულოდ იქცევიან მათ მიმართ ზოგიერთი გაზეთები ან ჟურნალისტები. მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ ყველაფრისთვის, რაც მათ ფეხბურთს მისცეს.
მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ იმისთვის, რაც გააკეთეს და რის კეთებასაც აგრძელებენ დღემდე", - განაცხადა "პსჟ"-ს და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.