მაიკლ კერიკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოს პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბი და წავიდეს კლუბიდან მას შემდეგ, რაც მან შეასრულა თავისი მოვალეობა დროებითი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
ჯონ მურტომ, კლუბის საფეხბურთო დირექტორმა განაცხადა: „კლუბში გატარებული 15 წლიანი განსაკუთრებული მსახურების შემდეგ, მაიკლი გვტოვებს გულწრფელი მადლიერებითა და საუკეთესო სურვილებით ყველასგან, ვინც მანჩესტერ იუნაიტედშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვწუხვართ მისი წასვლის გამო, ჩვენ პატივს ვცემთ და გვესმის მაიკლის გადაწყვეტილების.“
„ის ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი კლუბის ისტორიაში და ამ ბოლოს, როგორც შესანიშნავი მწვრთნელი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა კლუბისთვის ორ მწვრთნელთან, რათა დახმარებოდა მათ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაში, რომელსაც ახლა რალფ რანგნიკი გაუძღვება.“
„ჩვენ მადლობლები ვართ იმ მტკიცე ლიდერობისთვის, რაც მაიკლმა ამ გარდამავალ პერიოდში გვიჩვენა და მიუხედავად იმისა, რომ ის ამიერიდან ჩამოცილდება კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებას, ის მუდამ გულმხურვალედ იქნება მიღებული „მანჩესტერ იუნაიტედში“, როგორც კლუბის ლეგენდა.“
თავად მაიკლ კერიკმა განაცხადა: „ამ დიდებულ კლუბში გატარებული წლები ყოველთვის ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდად დარჩება. როდესაც 15 წლის წინ პირველად მოვედი გუნდში, ჩემს ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამდენი ტიტულის მოგებას და, რა თქმა უნდა, არასოდეს დამავიწყდება ის ფანტასტიკური მოგონებები, რომელიც მრჩება, როგორც ფეხბურთელობის, ისე მწვრთნელობის პერიოდიდან.“
„თუმცა ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ახლა არის სწორი მომენტი, რათა დავტოვო კლუბი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა მოთამაშეს, განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო შიდა მომსახურე პერსონალის მიმართ - ადამიანების ასეთ დიდებულ ჯგუფთან ხანგრძლივი მუშაობა ნამდვილი სიამოვნება იყო ჩემთვის და ამ პერიოდში მე არაერთი ხანგრძლივი მეგობარი შევიძინე.“
„მე ვარ და ყოველთვის ვიქნები „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი და რაც შემეძლება ხშირად დავბრუნდები უკან. მინდა რალფს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო მომავალში და მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა უკვე ტრიბუნებზე ვიქნები, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი.“
მაიკლმა 2006-დან 2018 წლამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ჩაატარა 464 შეხვედრა, რა დროსაც მოიგო 5 პრემიერ ლიგის ტიტული, 1 FA თასი, 2 ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი.
იგი სამწვრთნელო შტაბს 2018 წელს, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ შეუერთდა და იმუშავა ჟოზე მოურინიოსა და ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით.