"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი განმარტავს, რომ "ლივერპულთან" დაპირისპირების წინ რამდენიმე ფეხბურთელს "ატალანტასთან" მატჩიდან უმნიშვნელო დაზიანება გამოჰყვა.
მარკუს რეშფორდმა და ფრედმა იტალიურ კლუბთან შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დატოვეს, მატჩის შემდეგ კი ნორვეგიელმა დაადასტურა, რომ ინგლისელს ბარძაყი აქვს დაჭიმული.
მატჩის მიწურულს კოჭლობდა ბრუნო ფერნანდეშიც, რომელმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მწვრთნელმა კი მის შესახებ განაცხადა, რომ პორტუგალიელის თამაში "ლივერპულთან" საეჭვოა.
ფორმის აღდგენას ცდილობს სანაკრებო შესვენებიდან ტრავმით დაბრუნებული ენტონი მარსიალი, რომელსაც, სავარაუდოდ, თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.
გუნდს კვლავ ვერ ეხმარება რაფაელ ვარანი.
"უმნიშვნელო დაზიანებები გვაქვს, რაც მატჩის დროს ნორმალური მოვლენაა. კარგი კი ისაა, რომ ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გაიღეს. კვირის მატჩში არავის მონაწილეობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველა იქნება მზად. ენტონი თავისი ფორმის აღდგენაზე ჯერ კიდევ მუშაობს, ვნახოთ, როგორ იქნება ხვალ", - განაცხადა სოლსკიაერმა.
ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მწვრთნელმა სიტუაციის შესახებ კიდევ უფრო მეტი ისაუბრა.
"ოთხშაბათის მსგავსი მატჩებიდან ყოველთვის გამოგყვება უმნიშვნელო დაზიანებები. ორი თუ სამი ასეთი შემთხვევა გვაქვს, მაგრამ იმედია, სრული შემადგენლობიდან შევარჩევ ფეხბურთელებს. ბრუნოს მონაწილეობა კვირა საეჭვოა, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, ფორმაში ჩადგეს.
ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, მზად იქნება თუ არა ფრედი. ალბათ, ძირითადი გუნდი გვეყოლება 2-3 ფეხბურთელის გამოკლებით".