ბრუნო ფერნანდეში აცხადებს, რომ გარისკვას კვლავ მიმართავს, რათა თანაგუნდელებს გოლის გატანაში დაეხმაროს, თუ ამის საჭიროება "ლივერპულთან" მატჩშიც იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კვირას "ლივერპულს" უმასპინძლებს და იმედოვნებს, რომ "ატალანტასთან" გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთ მეტოქეს დაამარცხებს.
3-2 ანგარიშით მოგებული მატჩის შემდგომ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს პორტუგალიელმა განაცხადა, რომ მიუხედავად პირველ ტაიმში პასის დროს დაშვებული ბევრი შეცდომისა, სწორედ სარისკო გადაცემების კეთებამ შეაძლებინა მას მეორე ტაიმში ორ გოლში მონაწილეობა.
"ეს არის, რაც არის, ზოგჯერ რისკი საჭიროა. ალბათ, ამდენს არ უნდა ვრისკავდე, როგორც ამას პირველ ტაიმში ვაკეთებდი, როცა ბევრი პასი გავანიავე, მაგრამ ვალდებული ვარ ასე მოვიქცე, რათა ვიპოვო ჩემი თავდამსხმელები.
ზოგჯერ ვაცნობიერებ, რომ რთულად შესასრულებელი გადაცემაა ან ადრესატამდე მისვლის შანსი არ აქვს, მაგრამ ჩემი ფორვარდების მოძრაობას პატივი უნდა ვცე და მათ გოლის გატანაში უნდა დავეხმარო.
შეცდომებს კვლავაც დავუშვებ, მაგრამ ვუშვებ იმის გამო, რომ მაქსიმუმს ვცდილობ და თანაგუნდელებს გოლის გატანაში ვეხმარები. რასაც მე ვაკეთებ, იმავეს ცდილობენ ფრედი, სკოტი და პოლი - მაქსიმალურად ცდილობენ, თავდამსხმელს გოლი გაატანინონ. რა თქმა უნდა, ვხვდები, რატომ ითხოვს ხალხი უფრო მეტს ჩვენგან, ჩვენ ხომ დიდი კლუბი ვართ.
ისინი ასეთ დონეზე თამაშს მოელიან ყოველთვის, ყოველ ტაიმში, მაგრამ ზოგჯერ მეტოქე პრობლემებს გიქმნის. დღეს "ატალანტამ" პირველ ტაიმში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ ამის მეტი აღარ მახსენდება.
მახსენდება მხოლოდ გოლები და მურიელის შანსი, თუ არ ვცდები, ამის შემდეგ კი ჩვენ ვქმნიდით შანსებს, მაგრამ გოლი ვერ გაგვქონდა. ხოლო როცა ვერ გაგაქვს გოლი, ხალხი ბრაზობს".
ბრუნომ განმარტა, რომ ვარჯიშზე მისი თანაგუნდელები კვლავ არ დაზოგავენ თავს, რათა იურგენ კლოპის გუნდის წინააღმდეგ სათანადოდ მოემზადონ.
"ყოველთვის უნდა ცდილობდე დაშვებული შეცდომების გამოსწორება. დღევანდელი დღეც არ არის განსხვავებული. დღეს დავუშვით ბევრი შეცდომა, მატჩი მაინც მოვიგეთ, მაგრამ ხვალ ვარჯიშზე გავალთ და ვეცდებით, გავიგოთ, რა გავაკეთეთ დღეს არასწორად, რათა არ გავიმეოროთ იგივე "ლივერპულთან" მატჩში.
სწორედ ასეა, ვფიქრობ, გუნდი მატჩიდან მატჩამდე უნდა აკვირდებოდეს, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად. ამის ხარჯზე კი აღარ ვიქნებით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავით რამდენიმე მატჩის განმავლობაში "ლესტერის", "ასტონ ვილას", "ევერტონისა" და დღევანდელი პირველი ტაიმის შემთხვევაში. უნდა გავიდეთ ხვალ ბაზაზე და განვიხილოთ შეცდომები, რათა გამოვასწოროთ ისინი."
ფერნანდეშს მიაჩნია, რომ მატჩის მიმდინარეობისას მთელი გუნდის წევრები იღებენ მონაწილეობას თავდასხმასა და თავდაცვაში, ამიტომ ცალკეული მოთამაშეების დადანაშაულება არ ღირს.
"რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები გოლი უნდა გავუშვათ და უფრო მეტი უნდა გავიტანოთ. გოლის გაშვებაში კი მხოლოდ დაცვას არ უნდა ვადანაშაულებდეთ, რადგან მთელი გუნდი იცავს თავს.
ყველანი ერთად ვვარჯიშობთ დაცვაზე და ყველანი ერთად ვვარჯიშობთ შეტევაზე, ამიტომ, როცა გოლი ვერ გაგვაქვს, თითოეული ფეხბურთელის ბრალია, როცა გოლს ვუშვებთ, ასევე თითოეული ფეხბურთელის ბრალია, თუმცა, ზოგჯერ ინდივიდუალური შეცდომებიც ხდება - ასეთია ფეხბურთი, ასე ხდება, ჩვენ კი უნდა მივხვდეთ ამის მიზეზს და ვეცადოთ, იგივე არ გავიმეოროთ მომდევნო მატჩში".