კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ პირველ გოლზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ჰარი მაგუაიერი იმედოვნებს, რომ "ატალანტასთან" მატჩში გატანილი გოლი მისთვის პირველი იქნება მრავალთაგან, რომელსაც ის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში "იუნაიტედი" ბერგამოელებთან პირველი ტაიმის შემდეგ 0-2 მარცხებოდა, თუმცა მატჩის მოგება მაინც მოახერხა მარკუს რეშფორდის, მაგუაიერისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლების წყალობით.
სწორედ გუნდის კაპიტანმა გაათანაბრა ანგარიში, რაც "წითლების" გამარჯვების საწინდარი გახდა შემდგომში.
ეს გოლი ინგლისელი მცველისთვის სადებიუტო გამოდგა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და კაპიტანი იმედოვნებს, რომ კიდევ მრავალჯერ გამოიჩენს თავს.
"მრავალთაგან პირველია, იმედი მაქვს. როგორც წესი, თავით გამაქვს გოლები, მაგრამ ამ სეზონში მიუხედავად მრავალჯერადი შანსისა, თავით გოლი ვერ გავიტანე.
მიმდინარე სეზონში პირველი, ჩემპიონთა ლიგაზე კი სადებიუტო გოლი გავიტანე, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, რომელიც მატჩს ესწრებოდა, საამაყო მიზეზია.
აღნიშვნისთვის დროც კი არ მქონდა, რადგან ბურთის დაბრუნებაზე და გამარჯვებაზე ვფიქრობდი".ქამბექი მაშინ შედგა, როცა რონალდუმ ზედიზედ მეორედ გაიტანა გამარჯვების გოლი ევროტურნირზე, რასაც მაგუაიერი შესანიშნავი ხედიდან ადევნებდა თვალს.
"მის ზურგს უკან ვიდექი და კარგად ვხედავდი. ნახტომი, დროის შერჩევა - ეს იყო იდეალური თავური. უკან ვიდექი და დავინახე, როგორ შევიდა ბურთი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში. ვიცოდი, რომ დროს იდეალურად შეარჩევდა - ამას ყოველდღე ვუყურებთ ვარჯიშზე და მისი კარიერის განმავლობაშიც გატანილი გოლებითაც ვხედავთ.
ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა ჩვენთვის".მიუხედავად გამარჯვებისა, მატჩის დებიუტში გაშვებული ორი გოლი ცხადყოფს, რომ გუნდს ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი და 28 წლის ფეხბურთელი აღიარებს, რომ ცუდი შედეგია მიმდინარე სეზონში კარის ერთადერთხელ შენახვა "მშრალად".
"რა თქმა უნდა, ეს ცუდია, ამ კლუბისთვის ეს ცუდი შედეგია. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ გაცილებით სოლიდურები ვიყოთ. ვგონებ, ბოლო სამი თუ ოთხი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით. ბოლო ოთხ მატჩში 4 გოლი და ჩვენ სწორედ ამის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან სეზონის დასაწყისში ამ მხრივ კარგები ვიყავით".წყარო:
manutd.com