"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ატალანტასთან" მატჩში ფეხბურთელებისთვის ნათქვამი სიტყვების შინაარსი გაამხილა.
"წითლებს" "ლესტერ სიტისთან" განცდილი მარცხის შემდეგ რეპუტაციის აღდგენისთვის საჭირო გამარჯვების მოპოვება იტალიურ გუნდთან პირველ ტაიმში ძალიან უჭირდა, თუმცა შესვენებაზე 2-ბურთიანი ჩამორჩენის გასვლის მიუხედავად, "იუნაიტედმა" შეხვედრა 3-2 მოიგო და F ჯგუფის სათავეში მოექცა.
როცა მატჩის შემდეგ ოლე გუნარს ჰკითხეს, ფეხბურთელები უდგანან თუ არა მხარში მთავარ მწვრთნელს თამაშის მხრივ, მან უპასუხა: "არც კი დაიწყოთ! ნუ მოექცევით ფეხბურთელებს უპატივცემულოდ. ისინი "იუნაიტედის" რიგებში თამაშობენ და იციან, რომ მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ადამიანები არიან.
მათაც სწორედ ეს ვუთხარი. ამაღამ ისინი არიან ყველაზე იღბლიანი ადამიანები - თერთემეტეულს პლუს სათადარიგო შემადგენლობა - რადგან "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თამაშობენ. ეს კი ის არის, რაც მილიონობით ბიჭსა და გოგონას სურს".
გუნდის ღირებულება კიდევ ერთხელ გამოვლინდა, როცა შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თავისი მუხტი შეიტანეს გუნდის თამაშში, ეს ერთიანობა კი შესაძლოა, გადაიზარდოს ჯილდოში სეზონის მიმდინარეობისას.
ოლეც აღიარებს, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანია, რადგან ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომელთა მოედანზე შესვლა და გარდატეხის შეტანა შეუძლიათ.
"მრავალჯერ მითქვამს, რომ ძალიან გამიმართლა ასეთი ფართო შემადგენლობა რომ მყავს. საკითხი მდგომარეობდა შემდეგში: შესვენებაზე გამოიყენებ მათ? მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ ბევრი ცვლილების განხორციელება იყო საჭირო, უბრალოდ ხარისხი უნდა აგვემაღლებინა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. შეცვლაზე შემოსულებმა სხვაობა შეიტანეს და ჩვენც სწორედ ამას ველით მათგან. სწორედ ამას ელიან შენგან, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელისგან. თუ 20 წუთი მოგეცა სათამაშოდ, ამ 20 წუთში 90 წუთის საქმე უნდა ჩაატიო".