ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი მეტად დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედისათვის".
"წითელმა ეშმაკებმა" მინიმალური სხვაობით, შეხვედრის კომპენსირებულ დროში, უნაი ემერის "ვილიარეალი" ანგარიშით 2 - 1 დაამარცხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
გადამწყვეტი გოლი, ინგლისური გრანდის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდის დამრიგებელმა ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ როდესაც კრიშტიანუ გუნდშია, გამარჯვების შანსი ბოლო წამამდე არსებობს.
"ძალიან ძნელია გაუმკლავდე ამ "ვილიარეალს" რომელსაც სათავეში უნაი ემერი უდგას. ვფიქრობ, რომ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი დაგვეხმარა - ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრები და პირადად კრიშტიანუ რონალდუ.
როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს, გამარჯვების შანსი ბოლო წამამდე გაქვს შენარჩუნებული. ეს მნიშვნელოვანი სამი ქულაა, სუსტი შეხვედრები აქ არ არსებობს, რადგან გუნდებს შორის სხვაობა არ არის დიდი". - ციტირებს BT Sport - სოლსკიაერის სიტყვებს.