ოლე გუნარ სოლსკიაერმა გულშემატკივრები ფაქტიურად გააფრთხილა, რომ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა ვერ იქნება ისეთი აქტიური როგორსაც გულშემატკივრები ელიან. კოვიდ პანდემიამ "იუნაიტედზე" ფინანსურად იმოქმედა ნორვეგიელის თქმით.
მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" წინა წლებთან შედარებით უკეთეს შედეგს აჩვენებენ ეს საკმარისი მაინც არ არის კარგი კონკურენცია გაუწიონ თანაქალაქელს და ამავდროულად კლუბს უჭირს ხოლმე დიდ გუნდებთან შემტევი და ლაღი ფეხბურთის თამაში.
ამ მომენტისთვის "პრემიერ ლიგაში" ასეთი სიტუაციაა, "იუნაიტედი" მეორე ადგილს იკავებს, მაშინ როცა "სიტი" 15 ქულით უსწრებს მას, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედს" ერთი მატჩი მარაგში აქვს, რომელსაც დღეს "კრისტალ პალასთან" გამართავს. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შემდეგ ტურში თანაქალაქელები ერთმანეთს ეთამაშებიან "ეტიჰადზე".
გულშემატკივრები კლუბის კიდევ უფრო განვითარებისთვის მთავარ გზას ტრანსფერებში ხედავენ, მოთხოვნა ნათელია - რამოდენიმე მაღალი ხარისხის ფეხბურთელის შეძენა, როგორებიცაა ჯეიდონ სანჩო, ერლინგ ჰაალანდი და რაფა ვარანი.
"შემოსავლების შემცირება და ეკონომიკური კრიზისი ჩვენც შეგვეხო.
უნდა ვიყოთ რეალისტები და პასუხისმგებლიანად უნდა ვაწარმოოთ ის საქმე რასაც ვაკეთებთ, ეს ეხება არა მარტო მოედანს.
სატრანსფერო ბაზაზე ბევრი კარგი ინფორმაცია გვაქვს, მიმდინარეობს განვითარება. სად შეგვიძლია ფულის დახარჯვა? ან რამდენის დახარჯვა შეგვიძლია? მოდით რეალურ სამყაროს დავუბრუნდეთ, რომელიც შეიცვალა.
ვფიქრობ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე უფრო და უფრო ნაკლები ტრანსფერი გაკეთდება სამომავლოდ.
ამ სიტუაციას სხვა მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ, ჩვენ ძალიან კარგი აკადემია გვაქვს, სადაც გვყავს იმედის მომცემი ტალანტები, ეს შეიძლება მათთვის უკეთესი შესაძლებლობა იყოს.
ყველა სხვა კლუბი მსგავს სიტუაციაშია, ჩვენც მათგან არ განვსხვავდებით ამ კუთხით.
ყოველთვის ვცდილობთ განვავითაროთ შემადგენლობა. ვეძებთ უკეთეს ფეხბურთელებს. "