"მანჩსეტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი დაკავებულ თანამდებობაზე თავს მშვიდად და მყარად ნამდვილად ვერ უნდა გრძნობდეს ვინაიდან და რადგანაც, "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში არასახარბიელო პოზიციაზე იმყოფებიან.
ამას ზედ ერთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა. მართალია ოლე გუნარის შეგირდები პირველ პოზიციას იკავებენ ჯგუფში, თუმცა მდევარ "პარი სენ ჟერმენსა" და გერმანულ "ლაიფციგს" ასევე ქულათა ის რაოდენობა აქვთ რაც "იუნაიტედს".
რაც შეეხება ბოლო ტურს, ინგლისური გრანდი სტუმრად სწორედ "ლაიფციგს" დაუპირისპირდება, ბურთების შეფარდებით ინგლისელები აშკარა უპირატესობით სარგებლობენ, თუმცა გერმანელები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
სპორტული ტაბლოიდები ნორვეგიელი სპეციალისტის განთავისუფლებას სწორედ ამ თამაშის შედეგით წინასწარმეტყველებენ. სხვადასხვა წყაროების ცნობით, იმ შემთხვევაში თუ "იუნაიტედი" გერმანიაში დათმობს შეხვედრას და ჯგუფში ჩარჩება, სოლსკიაერს აუცილებლად გაანთავისუფლებენ.
Bild - ის ჟურნალისტი კრისტიან ფოლკი აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას, რომ "წითელ ეშმაკებს" სოლსკიაერის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავთ. საქმე ეხება პარიზული გრანდის გერმანელ თავკაცს ტომას ტუხელს.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით თავად ტუხელიც განიხილავს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების საკითხს.