პრემიერ ლიგის 20 კლუბიდან ყველაზე დიდ სარგებელს გლეიზერები ნახულობენ.
პრემიერ ლიგის კლუბებს უზარმაზარი ფინანსური რესურსი რომ აქვთ, ეს ცნობილი ფაქტია. ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ თითქმის ყველა მათგანს ძალიან მდიდარი მფლობელი ჰყავს.
თუმცა კლუბის მფლობელები თავიანთი ფინანსური მოტივაციებით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, რუსი მილიარდელი რომან აბრამოვიჩისთვის "ჩელსი" ჰობია, საყვარელი საქმე, რომელსაც დიდძალ რესურსს ახარჯავს და მისგან ფინანსურ მოგებას არ ელის. ამაზე მეტყველებენ ციფრებიც: ბოლო 5 წელში აბრამოვიჩმა კლუბში £440 მილიონით უფრო მეტი ჩადო, ვიდრე უკან ამოიღო. ეს მაჩვენებელი მეტია, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერი კლუბის მფლობელის.
შვეიცარიულმა გამოცემა Swiss Ramble-მა, რომელიც ძირითადად საფეხბურთო ბიზნესსა და ფინანსებს სწავლობს, დაითვალა პრემიერ ლიგის ყველა კლუბის მფლობელის კლუბში ჩადებული და უკან ამოღებული თანხა. მონაცემების მიხედვით, ბოლო ხუთ წელში პრემიერ ლიგის 20 გუნდიდან 12-ის მფლობელმა კლუბში უფრო მეტი თანხა ჩადო, ვიდრე უკან ამოიღო. მათ შორის არიან "ჩელსი", "სიტი" და "ლივერპული". "არსენალის" ხელმძღვანელობამ ზუსტად იმდენივე ამოიღო, რამდენიც ჩადო, ხოლო დარჩენილი 7 კლუბის მფლობელებმა კლუბიდან უფრო მეტი აიღეს, ვიდრე თავად მისცეს.
პრემიერ ლიგის კლუბების მფლობელების ფინანსების მოძრაობა ბოლო 5 წელში როგორც გრაფიკიდანაც ხედავთ, გლეიზერებმა კლუბიდან £89 მილიონით (ყველაზე მაღალი მაჩვენებელი) უფრო მეტი ამოიღეს იუნაიტედიდან, ვიდრე თავად ჩადეს, მათ მოყვებიან "ტოტენჰემის" მფლობელები (£40) და "ნიუკასლის" მფლობელი მაიკ ეშლი (£18).
საინტერესო მონაცემებია კლუბების მხრიდან აღებული და დაფარული სესხების თანხების შედარებისასაც. ბოლო 5 წელში ყველაზე მეტი - £561 მილიონი "ტოტენჰემ ჰოთსპურსმა" ისესხა, რაც ახალი სტადიონის მშენებლობით იყო განპირობებული.
ყველაზე მეტი თანხა სესხების დაფარვაში არსენალმა გაიღო, მათ ბოლო 5 წელში £101 მილიონით მეტი გაიღეს სესხების დაფარვაში, ვიდრე აიღეს, რაც ლოგიკურია, რადგან ისინი ჯერ კიდევ ისტუმრებდნენ "ემირეიტსის" მშენებლობის ხარჯებს. საინტერესოა, რომ "არსენალის" შემდეგ ვალების დასაფარად ყველაზე დიდ თანხას "იუნაიტედი" იღებს.
ცხადია, როცა საქმე ტრანსფერებში დახარჯულ თანხებზე მიდგება, ოლე გუნარის გუნდი აქ ჯერ კიდევ ერთ-ერთი მოწინავეა. Sky Sports-ის მიხედვით, წითელი ეშმაკები მხოლოდ "ჩელსის" ჩამორჩებიან ბოლო 4 სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხებით.
წყარო: SportBible