ფრედმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მას კლუბის დატოვება სურს, რადგან შიშობს, რომ დონი ვან დე ბეკის ყიდვის შემდეგ სათამაშო დრო არ ექნება.
იყო ინფორმაცია, რომ ბრაზილიელს შეეძლო თურქეთში გადასვლა, მაგრამ თავად ფრედი ირწმუნება, რომ ის მზად არის იბრძოლოს თავისი ადგილისთვის.
"მე მინდა აქ დარჩენა - ეს არის ჩემი სურვილი, წასვლა არ მინდა. როგორც ყოველთვის ვამბობდი, მსურს ვიყო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ამ კლუბისთვის თასები მოვიგო. ვან დე ბეკის მოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენ ვძლიერდებით და ეს ყველა ჩვენგანისთვის კარგია."
"ახალ სეზონში უფრო მეტი მოთამაშე გვჭირდება, რადგან მოთხოვნები განსხვავებული იქნება. კალენდარი მკაცრი იქნება და ჩვენ გვჭირდება დიდი გუნდი, რომელიც ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. როცა დიდ კლუბში თამაშობ, კონკურენცია ჩვეულებრივია, ამიტომ მე ამას შეჩვეული ვარ. ასე მოხდა "იუნაიტედში" ჩემი პირველი დღიდან".