23 წლის ინგლისელმა გოლკიპერმა, დინ ჰენდერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს საკუთარი მომავალი 2025 წლის ივნისამდე დაუკავშირა, თუმცა "წითელ ეშმაკებს" ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვთ. ჰენდერსონის ანაზღაურება კი კვირაში 120 000 ფუნტი სტერლინგი იქნება.
"გზა, რომელიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გავიარე, ჩემი განვითარებისთვის ფანტასტიკური იყო და "შეფილდში" გატარებული პერიოდი მისი ნაწილი გახლავთ. "იუნაიტედს" უმაღლესი დონის 3 მეკარე ჰყავს, რომლებმაც ფეხბურთში დიდ წარმატებას მიაღწიეს და მათთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი."
"ნდობა, რომელიც "მანჩესტერმა" და მთავარმა მწვრთნელმა გამომიცხადა, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და პროგრესის გზაზე სიარულს აუცილებლად გავაგრძელებ. ყოველდღე მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ამ დიადი კლუბის რიგებში რაც შეიძლება ბევრი მატჩი ჩავატარო. ახლა ინგლისის ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული და შემდეგ ახალი სეზონისთვის მოვემზადები", - განაცხადა ჰენდერსონმა ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.