ოლე გუნარ სოლსკიაერმა გაამხილა, თუ რა მეთოდს მიმართავს "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხბურთელის შეძენისას.
"იუნაიტედის" ბოლო სატრანსფერო საქმიანობა იანვარში შედგა, როცა იჯარის წესით ოდიონ იგალო დაიმატეს და ბრუნო ფერნანდეში შეიძინეს.
ფერნანდეშის შეძენა სოსლკიაერის ოსტატობის გამოვლინებაა, რამეთუ ბრუნომ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩებში ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც თავის გუნდს მესამე ადგილზე გასვლაში დაეხმარა.
ნორვეგიელმა ამ ტრანსფერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ლისაბონის "სპორტინგიდან" პორტუგალიელის შეძენამდე ფერნანდეშის შესახებ აზრი ჰკითხა კრიშტიანუ რონალდუს, ვინც თავის მხრივ დიდი როლი ითამაშა "ოლდ ტრაფორდზე" მის ბრუნოს გადასვლაში. "ჩვენ გვყავს უფროსი სკაუტები და ანალიტიკოსები, რომლებიც უმცირეს დეტალებს განიხილავენ. მაგრამ ასევე ვესაუბრებით თანაგუნდელებს, რომელთაც ნაკრებში მათთან ერთად უთამაშიათ. ამიტომ კრიშტიანუ ჩემთვის მარტივად მისაწვდომი იყო პატრის ევრას დამსახურებით, მისმა რეკომენდაციებმა კი ფერნანდეშს დიდი სამსახური გაუწია.
მაგალითად, ინგლისელი ფეხბურთელის შეძენის შემთხვევაში მარკუსს ვესაუბრები. რას ფიქრობ ამა თუ იმ თანაგუნდელზე? შენი აზრით, მოერგება გუნდს? ჰარი მაგუაერის შემთხვევაში, ის მისი "ინსტაგრამისა" და "ტვიტერის" გამომწერია, ამიტომ კარგად იცის, როგორი ადამიანია. მიკ ფელანი კი მას "ჰალში" წვრთნიდა. ამის ხარჯზე მეტ-ნაკლებად ვიცით ყველაფერი, რაც მისი ხასიათის შესახებ გვინდა ვიცოდეთ.
ამას ყოველ ჯერზე ვერ გააკეთებ, ზოგჯერ რისკიც საჭიროა. თუმცა, ჰუმანურ თვისებებსაც უნდა დააკვირდე", - განაცხადა სოლსკიაერმა.
ნორვეგიელმა ასევე გაამხილა, თუ რას ეუბნება გუნდის ახალწვეულს და ახსნა, როგორ შეიცვალა მისი ფილოსოფია ბოლო წლებში.
"პირველ ყოვლისა, კლუბისთვის საუკეთესო მინდა. მაგრამ ფეხბურთელს ვეუბნები, რომ მას შეუძლია, კარიერა მსოფლიოს უდიდეს კლუბში აიწყოს, ისტორია შექმნას და აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო, მაგრამ მათ მაგივრად მე ვერ გავაკეთებ ყველაფერს - მაღალ საფეხურზე თავად უნდა ავიდნენ.
თუმცა, 10 წლის წინ "მიოლდეში" სამწვრთნელო კარიერის დაწყებიდან დღემდე ძალიან შევიცვალე. მაშინ უფრო პირდაპირი ვიყავი და ვეუბნებოდი, როგორ იყო სინამდვილეში. ახალბედებს განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ და ზოგჯერ მიუღებელიც. მათ განსხვავებულად უდგები, თუმცა ამავდროულად იწვევ კიდეც".