როგორც მოგეხსენებათ, "პრემიერ ლიგის" 31-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "შეფილდს" უმასპინძლა და მეტოქეს დიდი სხვაობით, ანგარიშით 3-0 მოუგო. სამივე გოლი ანტონი მარსიალის ანგარიშზეა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" თავკაცმა ნახევარმცველებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლ პოგბა სასურველ კონდიციებში ჯერ კიდევ არ არის.
"პოგბა ჯერ კიდევ შორსაა იდეალური ფორმისგან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სექტემბრის შემდეგ ის პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ვიმედოვნებ, რომ ფორმაში შესასვლელად დიდი დრო არ დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს თამაშს სრულებით აკონტროლებდა."
ამასთან, ნორვეგიელმა სპეციალისტმა პოგბასა და ფერნანდეშის წყვილზე გააკეთა კომენტარი.
"პოგბამ და ბრუნომ ნამდვილი ხარისხი აჩვენეს დღეს და ასეთ ნიჭთან მუშაობა ჩვენთვის ამაღელვებელია."
"მეტოქე პრესინგის თამაშს ცდილობდა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონტრ-პრესინგს ვთავაზობდით და თუ მოწინააღმდეგეები უკან დაიხევენ, ვხედავთ, რომ მარსიალის, გრინვუდის, პოგბასა და ფერნანდეშის შეთამაშებული თამაშის წყალობით მაინც შეგვიძლია მომენტების შექმნა."