"ასტონ ვილას" ნახევარმცველი მშვენიერ სეზონს ატარებდა, მაგრამ ამჯერად სხვა რამით მიიქცია ყურადღება: კარანტინის წესები დაარღვია და თანაც ავტოავარიაში მოჰყვა.
საინტერესოა, რომ 28 მარტს გრილიშმა ვიდეო გამოაქვეყნა Instagram-ზე: Stay Home (დარჩით სახლში)... ყველას მოუწოდა დარჩითო და თვითონ (Rang Rover-ით) ნასვამ მდგომარეობაში დადიოდა. ის მეგობარი გოგოს წვეულებაზე გახლდათ დილამდე. გზაში საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მანქანა დააზიანა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ გრილიში ნასვამი იყო, თუმცა დებოში არ აუტეხავს და ამბობდა, დამნაშავე ვარო.
გრილიში "ასტონ ვილას" კაპიტანი და საუკეთესო ფეხბურთელია. ბრიტანული საიტები წერდნენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გრილიშისთვის 80 მილიონი ევრო გაამზადა. ახლა როგორ იქნება საქმე, უცნობია. მაინც იყიდის "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეკ გრილიშს? თავად ფეხბურთელმა კი ბოდიში მოიხადა.