ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ამერიკიდან დაბრუნდა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასაც შეხვდა. "The Sun"-ის თანახმად, ფორვარდმა იტალიაში ვიზიტიც მოასწრო და ლუკაკუ კლუბს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს.
როგორც იტალიური პრესა იუწყება, რომელუ "ინტერს" ხუთწლიან კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, რომ ბელგიელს წასვლის უფლება 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" 2017 წელს ლუკაკუს გადასაბირებლად "ევერტონს" სწორედ 75 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. ხელმძღვანელობას კი ბელგიელის ნაკლებ თანხად გაყიდვა არ სურს.
ანტონიო კონტე ლუკაკუს შეძენას ჯერ კიდევ "სტემფორდ ბრიჯზე" ყოფნის დროს ცდილობდა, თუმცა - უშედეგოდ. თავად ლუკაკუმ კი განაცხადა, რომ იტალიაში თამაში მისთვის მიმზიდველი და საინტერესოა.