ანტონიო ვალენსიამ სეზონის ბოლოს კლუბი დატოვა. ეკვადორელი ძველი მწრთვნელის, სერ ალექს ფერგიუსონის, დამოკიდებულებას იხსენებს.
ვალენსია "ოლდ ტრაფორდზე" 2009 წელს გადავიდა და შესანიშნავი სტარტიც აიღო, თუმცა მეორე სეზონში ტრავმა მიიღო და ეს მის კარიერაზე ცუდად აისახა.
ტრავმების გამო ვალენსიას დიდი დროის გამოტოვება მოუწია, თუმცა მაინც მოახერხა და "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისთვის დაბრუნდა.
მისი დაბრუნება არც თუ ისე მარტივად მოხდა. ეკვადორელს, კლუბის სამედიცინო პერსონალს და მთლიანად სამწრთვნელო შტაბს დიდი ენერგიისა და შრომის ჩადება მოუწია, თუმცა ვალენსისას სჯერა, რომ მის დაბრუნებაში ყველაზე დიდი როლი ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა ითამაშა და ამისთვის დღესაც მადლობას უხდის. "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგებიდან მეორე სეზონში"რეინჯერსთან" მატჩის შემდეგ ტრავმა მივიღე, რომელიც ძალიან სერიოზული იყო."
"ოპერაცია დამჭირდა, ორ დღეში გამწერეს და უკვე სახლში ვისვენებდი. კარებზე ზარი იყო, ჩემმა პარტნიორმა უპასუხა და აღმოჩნდა, რომ კართან თვით სერ ალექს ფერგიუსონი იდგა. გუნდის მთავარი ფიგურა ჩემს სახლში იყო და მამხნევებდა, მეუბნებოდა, რომ მთელი კლუბსი თანადგომა მქონდა და არაფერზე არ უნდა მედარდა."
"უბრალოდ მითხრა, რომ მშვიდად ვყოფილიყავი და სრულ გამოჯანმრთელებაზე ვკონცენტრირებულიყავი. მითხრა, რომ ის ჩემს დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა."
"ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო იმ მხარდაჭერებს შორის, რაც მიმიღია. დაუჯერებელი რეაქცია მქონდა."
"მე ექვს თვეში დავბრუნდი, რაშიც სერ ალექსი ძალიან დამეხმარა და სწორედ მისი მოტივაციით ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მოვახერხე თამაში," - დაასრულა ვალენსიამ.