ინდივიდუალური პრიზების მფლობელები და მათი რეაქციები.
გუშინ "იუნაიტედის" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ფეხბურთელები წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ.
2018-2019 წლების სეზონის სერ მეტ ბასბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი "იუნაიტედის" მცველს, ლუკ შოუს ერგო. შოუმ ჯილდო მოიგო, როგორც ფეხბურთელთა არჩევანით, ასევე კლუბის გადაწყვეტილებითაც. შესაბამისად, ინლისელმა "დუბლი გაიფორმა".
"ეს, რა თქმა უნდა, დიდებული შეგრძნებაა, მაგრამ მირჩევნია, რომ არცერთი ინდივიდუალური ჯილდო არ მოვიგო და გუნდმა უკეთესი სეზონი ჩაატაროს. ჩვენ უბრალოდ წინ უნდა გავიხედოთ და მომავალზე მოვახდინოთ კონცენტრირება."
"ოლემ მოსვლის დღიდან შესანიშნავი სამსახური გასწია. რა თქმა უნდა, ბევრ წარმატებასთან ერთად ბევრი ჩავარდნაც გვქონდა, თუმცა მოუთმენად ველით უკან დაბრუნებას და მომავალ სეზონს," - განაცხადა შოუმ.
რაც შეეხება სეზონის საუკეთესო გოლის ავტორს, ის ანდრეას პერეირა გახდა, რომელმაც გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა თითოეული ხმისთვის:
"მინდა, რომ ჩემს თანაგუნდელებს, სამწრთვნელო შტაბს და საერთოდ ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მეხმარებოდა. მადლობა გულშემატკივრებსაც, რომლებმაც ხმა მომცეს. მოხარული ვარ, რომ ასეთ დიდებულ კლუბში ვთამაშობ და თან პრიზსაც ვიგებ. ძალიან ბედნიერი ვარ," - განაცხადა პერეირამ.
რაც შეეხება რეზერვების წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეს ტაჰიტ ჩონგი გახდა, რომელმაც რამდენიმე მატჩი ძირითად შემადგენლობაშიც ჩაატარა.
"რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი თანაგუნდელების, სამწრთვნელო შტაბისა და გულშემატკივრების გარეშე ვერ გავაკეთებდი. ვფიქრობ, ძალიან კარგი სეზონი გვქონდა და ვამაყობ," - აცხადებს ჩონგი.
ჯიმი მერფის სახელობის წლის საუკეთესო ახალგაზრდე ფეხბურთელი კი მეისონ გრინვუდი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მიღების შემდეგ საკმაოდ თავდაჯერებულად ისაუბრა:
"მადლობა ყველას, სამწრთვნელო შტაბს, თანაგუნდელებს, სამუშაო პერსონალს... მათ გარეშე მე ვერაფერს ვიზამდი. რაც შეეხება ჩემს მომავალ მიზანს ეს პირველ გუნდში მოხვედრა და ისეთივე სეზონის ჩატარებაა, როგორიც ახლა მაქვს. რეშფორდი ყველა ახალგაზრდისთვის მოტივაციაა, რადგან სწორედ მის მაგალითზე ვხედავთ, რომ ტალანტი და შრომა ფასდება. ის ბრწყინვალეა."
"იუნაიტედის" ქალთა გუნდიდან კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ქეით ზელემი გახდა. ნახევარმცველმა საოცარი სეზონი ჩაატარა და დამსახურებულადაც გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი.
"ეს საოცარი შეგრძნებაა. კიდევ უფრო განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ეს პირველი ჯილდოა ჩემთვის. პირველი სეზონის შემდეგ მეტს უბრალოდ ვერც მოვითხოვდი. ეს მხოლოდ ჩემი პრიზი არაა, ეს თითოეული ჩვენგანის პრიზია და მადლობა ყველას ამ სიხარულისთვის. ქეისიმ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის და მართლა ძალიან დაგვაახლოვა და ვფიქრობ, რომ მისი მუშაობის შედეგს მოედანზეც ხედავთ," - განაცხადა ქეითმა.