ოლე გუნარი ცვლილებების, ტრავმებისა და დავიდ დე ხეას ადგილის შესახებ ძირითადში.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა გულშემატკივრები დავიდ დე ხეას გვერდში დგომისთვის შეაქო. "წითლები" იუბილარის გოლით მე-11 წუთზე დაწინაურდნენ. თუმცა დავიდ დე ხეას სუსტი სეივის გამო "ლურჯებმა" მასპინძლების კარის დალაშქვრა მოახერხეს.
"MUTV"-ისთან საუბრისას ოლე გუნარმა დავიდ დე ხეა დაიცვა და ტრავმების შესახებაც ისაუბრა.
ფრე სამართლიანი შედეგი იყო.
"პირველ ნახევარში გავაკეთეთ ის, რასაც ვიმედოვნებდით. ჩვენ მათზე უკეთესები ვიყავით, შანსები შევქმენით, გავიტანეთ პირველი გოლი და კარგი მატჩი ვითამაშეთ. მეორე ტაიმში უბრალოდ ის ტემპი, სისწრაფე, ხარისხი ვერ შევინარჩუნეთ. შესვენებაზე გასახდელში ძალიან კარგი განწყობა ტრიალებდა. ყველა ერთმანეთს უჭერს მხარს და ყველა დე ხეას უჭერს მხარს. ამ დროს განწყობა კარგი იყო, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ უბრალოდ საკმარისი ძალები ვერ ვიპოვნეთ ჩვენს თავში. ორივე გუნდს შეეძლო ამ მატჩის მოგება. სავარაუდოდ, არცერთი არ იმსახურებდა გამარჯვებას და ფრე სწორედ ამიტომაც ლოგიკური და სამართლიანი შედეგია."
ჩვენ მხარს ვუჭერთ დავიდსა და ერთმანეთს.
"დავიდი ამ კლუბისთვის ყოველთვის დაუჯერებელ რამეებს აკეთებდა და ამის დანახვა გულშემატკივრების გვერდში დგომაშიც შეგიძლიათ. ჩვენ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. არ მგონია, რომ არსებობდეს ვინმე, ვინც მას ბევრი ქულის დაკარგვაში დაადანაშაულებს. ის დაუჯერებელი იყო და არის. თავადაც ძალიან კარგად იცის, რომ ამ გოლის შეჩერება შეეძლო, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. ის ფეხზე უნდა წამოდგეს, ხვალ გაიღვიძოს და მომავალში განვითარებისკენ სწრაფვა განაგრძოს."
ტემპის ნაკლებობა მეორე ტაიმში.
"შესაძლოა, ფეხბურთელები მეორე ტაიმში გადაღლილები იყვნენ. ჩვენ მატჩის მოგება გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხეთ ისეთი ხარისხით გაგრძელება, რაც პირველ ტაიმში გამოვავლინეთ. ჩვენ ერთი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მარკუს როხოს თავურის სახით, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ. იგუაინსაც ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, ასე რომ ფრე სამართლიანი შედეგია."
"არ ვფიქრობ, რომ ტრავმები ამ შემთხვევაში რამე შუაშია. ჩვენ უბრალოდ ტემპი უნდა შეგვენარჩუნებინა. ვიმედოვნებთ, რომ ერიკისთვის სეზონი დასრულებული არ არის. რეშს მხარი სტკიოდა და მხოლოდ ერთი საათის ჩატარება მოახერხა, მაგრამ მეტი ვერა."
ოთხეულისთვის ბრძოლაში კიდევ ორი მატჩი დარჩა.
"არ ვფიქრობ, რომ დანებება შეგვიძლია მანამ სანამ თეორიულად ყველაფერი არ დასრულდება, მაგრამ ყველაფერი ძალიან რთულადაა. ბოლო ორ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ და პირველ რიგში ჩვენი თავისთვის გავაკეთოთ მაქსიმუმი. სეზონის ბოლო ყოველთვის უცნაურ შედეგებს გვიმზადებს ხოლმე. ასე რომ ვნახოთ."
"სეზონის დასრულება კარგი განწყობით გვინდა, ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს გზა. ვნახოთ, რამდენი ქულის აღებას მოვახერხებთ."
წყარო:
ManUtd.com