25-04-2019, 12:21
ნანახია: 1781,
კომენტარები: 10
რა შემთხვევაში მოხვდება "იუნაიტედი" 4-ეულში?
"იუნაიტედს" 4-ეულის შანსი კიდევ აქვს...
ამჟამინდელი მდგომარეობით, პრემიერ ლიგის თიოთეულმა გუნდმა 35 მატჩი ჩაატარა და ყოველი მათგანი 36-ე ტურის მოლოდინშია. სიტუაცია უაღრესად დაძაბულია, რადგან ბრძოლა ჩემპიონობისათვის კვლავ გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" 4-ეულში მოხვედრისთვის იბრძვის, რის შემდეგაც, გაისად, ჩემპიონთა ლიგის საზგურის მოპოვებას მოახერხებს.
ამჟამინდელი მდგომარეობით სატურნირო ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:
1) "მანჩესტერ სიტი" - 89 ქულა, (ბურთების სხვაობა - 67)
2) "ლივერპული" - 88 ქულა, (ბურთების სხვაობა - 66)
3) "ტოტენჰემი" - 70 ქულა, (ბურთების სხვაობა - 30)
4) ლონდონის "ჩელსი" - 67 ქულა, (ბურთების სხვაობა - 21)
5) ლონდონის "არსენალი" - 66 ქულა, (ბურთების სხვაობა - 23)
6) "მანჩესტერ იუნაიტედი" - 64 ქულა, (ბურთების სხვაობა - 13)
როგორც მოგეხსენებათ, ოთხეულისთვის მებრძოლი ოთხი გუნდიდან მხოლოდ ორი მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას, ხოლო მე-5 და მე-6 ადგილზე გასულები კი ევროპა ლიგაზე განაგრძობენ ასპარეზობას.
"იუნაიტედის" უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ, რომელიც "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გაიმართა და ანგარიშით (0-2) დასრულდა, არავის სჯერა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი 4-ეულში მოხვედრას მოახერხებს. ბრიტანულ საინფორმაციო წყაროებში კი წერენ, რომ "ეშმაკებს" ჯერ კიდევ აქვთ შანსი, თანაც ძალზედ რეალური. სტატიაში განვიხილავთ თუ რა შემთხვევაში მოახერხებს "მანჩესტერ იუნაიტედი" სასურველი შედეგის მიღწევას და შესაბამისად, გაისად, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლებას.
1) შემდეგი შეხვედრა "ეშმაკებს" ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ აქვთ გასამართი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და მე-4 ადგილს იკავებს. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება და ორივე გუნდისთვის, უაღრესად დიდი მნიშვნელობით სარგებლობს. თუკი სოლსკიაერის შეგირდები "არისტოკრატების" დამარცხებას მოახერხებენ, ქულები თანაბარი გახდება: 67-67, ბურთების სხვაობით კი ლონდონელებს უპირატესობა ექნებათ. ამჟამინდელი მდგომარეობით სხვაობა 8 ბურთს წარმოადგენს, რომლის აღმოფხვრა კლუბს დარჩენილ ორ შეხვედრაში მოუწევს. შეგახსენებთ, რომ 37-ე და 38-ე ტურს, "იუნაიტედი", "ჰადერსფილდისა" და "კარდიფის" წინააღმდეგ გამართავს.
2) არსებობს სხვა ალტერნატივაც, თუკი "ოლდ ტრაფორდზე" "ეშმაკები" გაიმარჯვებენ და ბურთების სხვაობის აღმოფხვრას ვერ მოახერხებენ, დამოკიდებულები იქნებიან თავად "ჩელსიზე", რომელმაც დარჩენილ 2 მატჩში ქულები უნდა დაკარგოს. "არისტოკრატებს", 2 მაისს, "ფრანკფურტის" წინააღმდეგ მატჩი აქვთ, 3 დღეში კი სწორედ "უოტფორდს" უმასპინძლებენ, შემდეგ კვლავ 4 დღეში "ფრანკფურტის" წინააღმდეგ აქვთ შეხვედრა და ბოლოს, 3 დღეში, "ლესტერის" წინააღმდეგ სტუმრად. თუ გავითვალისწინებთ ამ გადატვირთულ გრაფიკს, სრულიად ლოგიკურია, რომ 37-ე და 38-ე ტურის მატჩებში 6 ქულის მოპოვება ვერ მოახერხონ. თან ყველაფერთან ერთად, ბრიტანულ საინფორმაციო წყაროებში იმასაც მიუთითებენ, რომ "ჩელსი" ევროპა ლიგაზე ასპარეზობს და ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ევროპა ლიგის დახმარებით მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე.
3) აუცილებლად აღსანიშნია ლონდონის "არსენალი", რომელმაც თავისი სათქმელი უკვე თქვა, როდესაც უმოტივაციო "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ სახლში (2-3) დამარცხდა. ამას მოჰყვა "ვულვზის" წინააღმდეგ მარცხი (3-1), რითაც "მეთოფეებმა" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ალტერნატივად ევროპა ლიგა მიიჩნიეს. მიუხედავად იმისა, რომ "არსენალი" რამოდენიმე ტურით ადრე მთავარი ფავორიტი იყო 4-ეულში მოხვედრის, ახლა მას ყველაზე ნაკლებად მიიჩნევენ. უნაი ემერის გუნდს, პრემიერ ლიგის ეგიდით, ბოლო სამ შეხვედრაში ძალიან გაუჭირდება, რადგან 36-ე ტურს "ლესტერის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. ევროპა ლიგაზე მათი მეტოქე "ვალენსიაა" და შესაბამისად, კონცენტრაციაც, ესპანური გუნდის წინააღმდეგაა მიმართული. 37-ე ტურს ისინი "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, რომელიც გასავარდნ ზონაში იმყოფება და თითოეული ქულისთვის მაქსიმალურად იბრძოლებს. ბოლო, 38-ე ტურს კი "ბარნლის" წინააღმდეგ, რომელმაც ბოლოს "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" წინააღმდეგ არ წააგო და (2-2) ითამაშა.
დასკვნა: როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" შანსები ჯერ კიდევ ძალზედ რეალურია, უბრალოდ ყველაზე დიდ მნიშვნელობას "ჩელსი" წარმოადგენს. 28 აპრილს, "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუკი "ეშმაკები" 3 ქულის მოპოვებას ვერ მოახერხებენ, ყოველგვარი შანსი გაქრება. აუცილებელია "არისტოკრატების" დამარცხება და დარჩენილი შეხვედრების დამაჯერებლად მოგება, სწორედ ამ შემთხვევაში შეძლებენ ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ "იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" შეხვედრა 28 აპრილს, თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.