თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2019, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2381,
კომენტარები: 4
ხალხის შეფასებისას (ნაწილი III)
თავი VI
ხალხის შეფასებისას (ნაწილი III)
დათხოვნა

სამსახურიდან ადამიანების დათხოვნა ფეხბურთის მაგალითზე არ უნდა ისწავლო. ეს პირველად 1967 წელს ვიგრძენი, როცა "რეინჯერსმა" მწვრთნელი, სკოტ საიმონი, თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ იგი 13 წლის განმავლობაში წვრთნიდა გუნდს, 15 ტიტული მოიგო და დაუჯერებლად ლოიალური იყო.

ჯონ ლოურენსმა, კლუბის ელჩმა, საიმონი 80 წლის ბუღალტერთან გაგზავნა, რომ მას გათავისუფლების შესახებ ეთქვა. ამის დაჯერება რთულია. მსგავსი რამ მოხდა ჩემი ნაცნობის, ჯონ ლიალემის შემთხვევაშიც, რომელმაც თავისი ცხოვრების 34 წელიწადი "ვესტ ჰემს" მწვრთნელისა და ფეხბურთელის რანგში მიუძღვნა. და რა მიიღო ჯილდოდ? როცა 1989 წელს დაითხოვეს, მფლობელმა ერთგულებისთვის მადლობაც კი არ გადაუხადა. არ დამავიწყდება არც ის შემთხვევა, როცა "სელტიკის" ხელმძღვანელობამ უღალატა ჯოკ სტეინს, რომელიც კლუბში 13 წელი მუშაობდა და მოიგო უეფა–ს ევროპის თასი, შოტლანდიის ჩემპიონატი 10–ჯერ, შოტლანდიის თასი 8–ჯერ და შოტლანდიის ლიგის თასი 6–ჯერ.

იმდროინდელ საუკეთესო შოტლანდიურ კლუბებს ინგლისური კლუბებისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ.

2011 წელს კარლო ანჩელოტი უხეშად გააგდო რომან აბრამოვიჩმა მას შემდეგ, რაც "ევერტონთან" დამარცხდა, მანამდე კი "იუნაიტედთან" წააგო და "ნიუკასლს" ფრე ეთამაშა. ერთი წლით ადრე კარლომ "ჩელსისთან" ერთად პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი მოიგო, რითაც მეხუთე მწვრთნელი გახდა, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. კარლო მოწოდების სიმაღლეზე იყო, თავს აკონტროლებდა და აბრამოვიჩისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. არ ვარ დარწმუნებული, რომ მეც ისევე შევიკავებდი თავს, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი.

ხალხის შეფასებისას (ნაწილი III)


საფეხბურთო მწვრთნელთა უმრავლესობას უცერემონიოდ და შეუბრალებლად ექცევიან. ზოგიერთი მფლობელი მათთვის ამის შეტყობინებასაც კი არ კადრულობს. ამის გასაკეთებლად ისინი სატელეფონო ზარს ან მოკლე შეტყობინებასაც კი იყენებენ, ხანდახან სხვა მომსახურეებს, მაგალითად ბუღალტერსაც იყენებენ ვერდიქტის შესატყობინებლად. დათხოვნის მიზეზი ხშირად სულელურია. ერთ–ერთი ჩემი ნაცნობი მწვრთნელი მხოლოდ იმის გამო გააგდეს, რომ ელჩის ცოლს მოთამაშეთა გასახდელ ოთახში შესვლა აუკრძალა. 2009 წელს "მანჩესტერ სიტიდან" მარკ ჰიუზის გაძევება მაშინ, როცა კლუბში გარდაქმნა მიმდინარეობდა, საუკეთესო მაგალითია იმ სიგიჟისა, რომელიც ყოველ კლუბში ყოველკვირა ხდება.

ყოველთვის მიჭირდა იმ ადამიანთან გამომშვიდობება, რომელიც მომწონდა. ვსაუბრობ გარი მაკშეინზე, რომელიც დაახლოებით 85 წლის იყო. "იუნაიტედში" 1950 წლიდან მუშაობდა ჯერ ფეხბურთელად, მერე სკაუტად, შემდეგ კი სტადიონის დიქტორად. ლეს კერშოუს, ჩვენს მთავარ სკაუტს თავისი "ბინძური საქმის" ჩემთვის შეტენვა უნდოდა, ამიტომ გარი სადილად დავპატიჟე, რათა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დავლაპარაკებოდი. მშვენივრად იცოდა, რის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ საქმის გაადვილება არ ისურვა და მითხრა: „აბა-აბა, ახლა საქმეზე გადავიდეთ. რაზე აპირებდი ჩემთან დალაპარაკებას?“ უბრალოდ ვერ მოვახერხე მისი გაძევება და ამოვილუღლუღე, რომ ხელფასს მაინც გადავუხდიდით, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, თუ კლუბში სამსახურის გამოცვლაზე დაფიქრდებოდა. მას, მაგალითად, შეეძლო პირველი გუნდის მატჩებზე დასწრება და შემდეგ ჩემთვის რჩევების მოცემა.

„იუნაიტედში“ ჩემი მუშაობის პერიოდში ბევრი ფეხბურთელი გაიყიდა ან თავისუფალი აგენტი გახდა, მაგრამ არც ისე ბევრი გაუძევებიათ სამსახურიდან. იყო ერთი ექიმი, რომელიც ჩემთან შეთანხმების საფუძველზე სხვა სამსახურშიც მუშაობდა გარკვეული ხანი. მაგრამ როგორც კი გადაწყვიტა, რომ სამსახურების შეთავსება კიდევ მცირე ხნით გაეზარდა, მოქმედებისკენ ვუბიძგე. შოკირებული ვიყავი, როცა ჩემს ნდობას უღალატა, ამიტომ მაშინვე მოვიშორე თავიდან. თუმცა „იუნაიტედში“ ჩემი მუშაობის პერიოდში რამდენიმე დრამატული სცენაც გავითარდა. როცა ფეხბურთელი ტოვებდა კლუბს, განსაკუთრებით ისინი, ვინც კლუბის ხერხემალს წარმოადგენდა, მოსალოდნელობის შემთხვევაშიც კი შერეული ემოციები მეუფლებოდა. მაგრამ ასეთი წასვლები ზოგჯერ მოულოდნელიც იყო და ჩიხში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. შესაძლებელია როი კინის მაგალითის მოყვანა, რომელმაც „იუნაიტედი“ 12 წლის შემდეგ დატოვა. როცა ფეხბურთელებისთვის ამ მოულოდნელი ამბის გამოცხადებას ვაპირებდი, მაქსიმალურად ფრთხილად ვარჩევდი სიტყვებს, რათა „იუნაიტედისთვის“ გაწეული მათი ფასდაუდებელი ღვაწლი შემეფასებინა. და ვთხოვდი, რომ სხვებთან საუბრისას ეს ყველაფერი მხედველობიდან არ გამორჩენოდათ.

გაცილებით რთულად იყო საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელების შემთხვევაში, რომლებიც ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ოცნებობდნენ პრემიერ ლიგაში თამაშზე, როცა მამის მუხლზე დამსხდარი უყურებდნენ ფეხბურთს, მაგრამ საკმარისად კარგი არ აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ ეთამაშათ. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ამასთან დაკავშირებულ სირთულეებს ვაწყდებოდი. „სენტ მირენში“ საქმე გავიადვილე და მსგავსი ინფორმაცია ერთდროულად ხუთ ფეხბურთელს მივაწოდე. ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მორთო ღრიალი და მივხვდი, რომ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით მათთვის კიდევ უფრო გავართულე ახალი ამბის აღქმა. დამოუკიდებლად იმისა, შემდეგში ეს „სენტ-მირენში“ ხდებოდა, „აბერდინში“ თუ „მანჩესტერ იუნაიტედში“, ჩემი შეტყობინება ყოველთვის უცვლელი იყო: მათთან მუშაობას არ ვაპირებდი. ამის თქმა ახალგაზრდებისთვის უფრო რთულია, ვიდრე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებისთვის, რომელთაც თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება აქვთ. ეს ბიჭები და მათი ოჯახები ყველაფერს იღებდნენ ოცნების ასახდენად. მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენ მშობელს გაუცილებია თავისი ნაშიერი ვარჯიშებსა თუ თამაშებზე. მხოლოდ მან იცის, რამდენჯერ მდგარან წვიმასა და სიცივეში, რომ მხარი დაეჭირათ ამ ღვთისგან მივიწყებულ შეხვედრაში. მშობლებისადმი არანაკლებ თანაგრძნობას გამოვხატავდი, ვიდრე მათი შვილებისადმი. საკმაოდ ხშირად ხდებოდა ისე, რომ სამივე ერთად იწყებდა ყვირილს. მათ დამშვიდებას ვცდილობდი და ვუხსნიდი, რომ მათ შვილს საკმარისი ნიჭი ჰქონდა ფეხბურთის სათამაშოდ და თავის სარჩენად, მაგრამ „იუნაიტედისთვის“ არასაკმარისად კარგები იყვნენ. ის ფაქტი, რომ თავის გამოჩენის საშუალება ვერ მიიღო აქ, ყველაზე რთულ ადგილას ამისთვის, არ ნიშნავს, რომ ფეხბურთში მომავალი არ აქვს.

უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ფეხბურთელმა, რომელმაც „იუნაიტედში“ ვერ მიიღო შანსი, სხვა გუნდში გამოიჩინა თავი. ზოგჯერ მაგალითის მოსაყვანად დევიდ პლატის ისტორიას ვიხსენებ. სანამ გუნდს ჩავიბარებდი, მცირე ხნით ადრე თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო, მაგრამ თავისი თამაშით ინგლისის ნაკრებში კაპიტნის სამკლაურიც კი დაიმსახურა. რობი სევეჯს არასდროს უთამაშია პირველი გუნდის რიგებში, მაგრამ „ქრიუ ალექსანდრაში“ გადავიდა, სამი წლის შემდეგ კი პრემიერ ლიგაში „ლესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა. პრემიერ ლიგის ფეხბურთელთა რამდენიმე ათეული „იუნაიტედის“ აკადემიის აღზრდილია, მაგალითად, რაიან შოუქროსი, ფილ ბარდსლი და კირან რიჩარდსონი. ეს ბევრს ამბობს ორგანიზაციის დონეზე. თუ შენს გუნდში ფეხბურთელს ადგილი ვერ მიუჩინე, რადგან საკმარისად კარგი არ არის, იზრუნე მის მომავალზე.

თუ ფეხბურთელი კარიერის მიწურულს ახალ კლუბს არ ეძებდა, ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ „იუნაიტედში“ ვეღარ ითამაშებდა, მისთვის სამსახურიდან დათხოვნის ტოლფასი იყო. ზოგჯერ, როცა გუნდში ახალი ფეხბურთელი მოდის - მნიშვნელობა არ აქვს, ახალგაზრდული გუნდის კურსდამთავრებული იქნება თუ სხვა კლუბიდან შეძენილი - და ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს, ეს გუნდს მიღმა ტოვებს მოთამაშეს, რომელიც თავის ადგილს ოდესღაც ხელშეუხებლად მიიჩნევდა. მაგრამ არსებობდა რამდენიმე ათეული ფეხბურთელიც, რომელთა გაყიდვაც შვება იყო. ბევრი ფეხბურთელისთვის, რომელთა გაყიდვაც იძულებით გვიხდებოდა, საფეხბურთო კარიერის გასაგრძელებლად კარგ ადგილს ვეძებდი. მე და ჩემი სამწვრთნელო ბრიგადა რამდენიმე კლუბს ვურეკავდით, რათა ბიჭისთვის საუკეთესო ადგილი გვეპოვა. ჩვენ თავადაც ვიღებდით ზარებს სხვა კლუბებისგან, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით ჩვენი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. ამგვარად, როცა „იუნაიტედში“ მათ იწუნებდნენ, კარიერის სამომავლო გაგრძელებისთვის მთელ რიგ ადგილს ვთავაზობდით. მათ იმედი ჰქონდათ, რომ 75 ათასი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებდნენ და ვარჯიშისთვის საუკეთესო პირობებს მიიღებდნენ, მაგრამ საბოლოოდ სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ. საშინელება იყო იმის გაცნობიერება, რომ ამიერიდან 15 ათასი ადამიანის გულის გახარებას თუ მოახერხებდნენ თავისი თამაშით, გაზეთების პირველი გვერდებიდან გაქრებოდნენ, რომ ამიერიდან მათ ხელფასში გაცილებით ნაკლები ნული იქნებოდა და რაც ყველაზე მტკივნეულია, ხვდებოდნენ, რომ ოცნებასთან გამოთხოვება მოუწევდათ და ტოპ-დონეზე ვეღარ ითამაშებდნენ. ამას სულის განადგურება შეუძლია.

ხალხის დათხოვნა, განურჩევლად მათი ასაკისა, რთული დავალებაა. ჩემთვის აღმოვაჩინე, რომ უმჯობესია, მძიმე საუბრამდე ირგვლივ არ უტრიალო და არც ცოლს გაუგზავნო შოკოლადი და ყვავილები ახალი ამბისგან მოსალოდნელი მძიმე შთაბეჭდილების გასანეიტრალებლად. ასეთი ხერხებით ვერ შეცვლი შეტყობინების არსს. თუ გადაწყვიტეთ ვინმეს თავიდან მოშორება, გულწრფელობას ვერაფერი შეედრება.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
4 კომენტარი
№1
ავტორი: batumski123
26 აპრილი 2019 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
გული მხოლოდ იმაზე მწყდება რო მანჩესტერის ფეხბურთის სტილი დროს ჩამორჩა და სიტი, ტოტენჰემი და ლივერპული ძალიან შორს წავიდნენ ამ კუთხით..[/quote]
გეთანხმები ძალიან მოძველებული სტილი აქვს ოლესაც და იმედია მიხვდება და შეცვლის სტილს
1
№2
ავტორი: RojoDiablo
26 აპრილი 2019 19:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Paul18
ვინც ამ საიტზე ხართ იქნებ ასეთი საიტები აღარ დაიდოს !!! სულ სირ ალექსი, სირ ალექსი,, უკვე ემსგავსება რაღაც დინამოს გაჩემპიონების გახსენას 81 წელში და დავასრულოდ ამაზე სტატიები.. ვისაც აინტერესებს წიგნი არის და წაიკითხეთ..

გული მხოლოდ იმაზე მწყდება რო მანჩესტერის ფეხბურთის სტილი დროს ჩამორჩა და სიტი, ტოტენჰემი და ლივერპული ძალიან შორს წავიდნენ ამ კუთხით..

ეს წიგნი ჯერ არ არის ნათარგმნი ქართულად და ამიტომ ვდებთ. კვირაში ერთხელ იდება და საერთო ფონს არ აფუჭებს
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: samanthajohnson
6 ივლისი 2020 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
After reading a couple of articles on your website these few days, and I truly like your st*** of blogging. I tag it to my favorites internet site list and will be checking back soon. Please check out my web site also and let me know what you think. You've made some good points there. I looked on the net for more information about the issue and found most individuals will go along with your views on this website.
0
№4
ავტორი: Carol Tuner
17 მარტი 2023 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
I like your st*** of bloging. I want to tell to If you need to buy custom essay online of top quality, go to our essay writing service. Order your work at a moderate cost, get it on time and earn a high grade!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top