თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2019, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2519,
კომენტარები: 1
ხალხის შეფასებისას (ნაწილი II)
თავი VI
ხალხის შეფასებისას (ნაწილი II)
სოციალური ქსელი

ჩემი 11 შვილიშვილი სოციალური ქსელის უდიდესი გულშემტაკივარია მათ შორის, ვინც კი მინახავს. ყოველთვის იყენებენ Facebook-ს, Instagram-ს, Snapchat-სა თუ Twitter-ს. არასდროს ვყოფილვარ სოცქსელების დიდი მოყვარული, მაგრამ ნამდვილად მჯერა იმის, რასაც ჩვენს დროში "სოციალურ ქსელს" უწოდებენ.

გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია, როცა საქმე გაქვს ადამიანთან, რომელსაც კარგად იცნობ. უფრო ადვილია მათი აზრების შეფასება, მათი განაჩენების განსჯა, ვიდრე უცნობი ადამიანების შენიშვნები. ჩემი დანიშნულების უმრავლესობა - როგორც მწვრთნელების, ისე მოთამაშეთა შეძენა - განპირობებული იყო მიმართულებებითა და არაფორმალური წყაროების ხარჯზე შეფასებით, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ამას შეგნებულად არ ვაკეთებდი, არ ვცდილობდი, განკარგულებაში მყოლოდა ადამიანები, რომლებიც შემდეგ გამომადგებოდნენ. სოციალურ ქსელში კავშირის განვითარება დროს მოითხოვს. ასეთი კავშირების ნაწილი დრომ უნდა შეამოწმოს, ნაწილი - სხვა ადამიანებთან ურთიერთობამ, ნაწილი კი - იგივეობამ. მაგრამ ყველაფერი სახლიდან იწყება.

თქვენს კომპანიაში მყოფი ადამიანი თუ გრძნობს, რომ არის ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც მის ინტერესებს იზიარებს, თქვენი ერთგული იქნება. ეს ხშირად წვრილმანებში ჩანს. როცა 90-ანი წლების ბოლოს კარინგტონში ჩვენი სავარჯიშო ბაზის დაგეგმარებას ვახდენდით, არქიტექტორები და მდივანი ორ ცალკეულ სასადილოს გეგმავდნენ - ერთი მოთამაშეებისთვის, მეორე კი კლუბის პერსონალისთვის. ასე იყო ჩვენს ძველ სავარჯიშო ბაზაზე, "კლიფზეც", სადაც სასადილოში მხოლოდ მოთამაშეები და სამედიცინო პერსონალი დაიშვებოდნენ. მაგრამ ამას არ ვეთანხმებოდი. მინდოდა, რომ ყველა ერთად ყოფილიყო, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელებს პირველი გუნდის წევრებსა და დანარჩენ პერსონალთან საუბრისა და სადილის საშუალება ჰქონოდათ. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან სასარგებლოა რაიან გიგზთან საუბარი, პირველი გუნდის ფეხბურთელის დანახვა. ეს მისაბაძი მაგალითია და მიმართულებას გაძლევს, რომელსაც უნდა ესწრაფვოდე.

ხანდახან, როცა ცალკემჯდომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვხედავდი, რომელიც მარტო სადილობდა, მასთან ვჯდებოდი. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ყველამ სახლში იგრძნოს თავი. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებთან ლმობიერი უნდა იყო, მაგრამ საჭიროა, მათ ერთი გუნდის წევრად აგრძნობინო თავი. აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რაც Marks & Spencer-ზე (ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია) გავიგე - რამდენიმე ათწლეულის წინ, რთულ დროში, თანამშრომლები უფასო კვებით უზრუნველყო, რადგან მუშათა უმრავლესობა ფულის ეკონომიის მიზნით არ სადილობდა. ალბათ, უცნაურად მოგეჩვენებათ მწვრთნელი, რომელიც ახალ სავარჯიშო ბაზაზე სასადილოს განლაგების შესახებ კამათობს. მაგრამ, როცა ვფიქრობ გუნდურ სულისკვეთებაზე, რომელიც გუნდში დავაწესე და ასევე თანამშრომლებსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის გავლილ გზაზე, ამ მცირედი ცვლილების მნიშვნელობას ვერ გადავაჭარბებ.

იყო, რა თქმა უნდა, უფრო ნათელი მაგალითებიც ქსელების მოქმედებისა. ყველაზე მეტად მახსენდება ის, თუ როგორ აღმოვაჩინეთ კრიშტიანუ რონალდუ. კარლუშ კეირუში მოზამბიკაში დაიბადა, პორტუგალიის მაშინდელ კოლონიაში და ხუთი წლის განმავლობაში იყო ჩემი ასისტენტი. "სპორტინგთან" შეთანხმების გაფორმებაში დამარწმუნა, რადგან ისინი ახალგაზრდულ ნიჭს შესანიშნავად ავითარებენ.

კეირუში მოგვწონდა, მის იდეაში რაციონალური ხედვა იყო, ამიტომ ლისაბონში ჩვენს მწვრთნელებს მონაცვლეობით ვგზავნიდით, რათა სხვა პირობებში გამოეცადათ თავი. 2001 წელს იქ გავგზავნეთ ჯიმი რაიანი, რომელმაც "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბში 21 წელი გაატარა. თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯიმმა 16 წლის შემტევი შენიშნა, რომელიც "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ამ ახალგაზრდას კრიშტიანუ რონალდუ ერქვა.

ხალხის შეფასებისას (ნაწილი II)


"სპორტინგთან" გაფორმებული შეთანხმების ნაწილი ის იყო, რომ ახალი სტადიონის გახსნაში უნდა დავხმარებოდით და ამისთვის 2003 წლის აგვისტოში საჩვენებელი მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა. აშშ-ს საზაფხულო ტურნეს შემდეგ პირდაპირ პორტუგალიაში გავემგზავრეთ. სტადიონის გახსნამდე ერთი დღით ადრე ჟორჟე მენდეშმა, რონალდუს აგენტმა, მისი კლიენტისადმი "არსენალისა" და "რეალის" მხრიდან ინტერესის შესახებ მომახსენა.

მენდეშის მხრიდან იდეალური "სატყუარა" იყო, რადგან მომდევნო დღეს რონალდუმ უბრალოდ დაუჯერებელი თამაში აჩვენა. შესვენების დროს ალბერტ მორგანს, ჩვენს კიტ-მენეჯერს ვთხოვე, პიტერ კენიონთან (მაშინ კლუბის დირექტორი იყო) მისულიყო და ეთქვა, რომ არსად გავფრინდებოდით, სანამ ამ ბიჭს არ გავიფორმებდით.

კრიშტიანუ, მენდეში, "სპორტინგის" დირექტორი და მე ერთ ოთახში შევიკრიბეთ, სატრანსფერო ღირებულება შეთანხმდა: 12,24 მლნ. ფუნტი. მანჩესტერისკენ ჩარტერული რეისი შევუკვეთეთ, რათა მომდევნო დღეს რონალდუ, მისი ადვოკატი, და, დედა და ჟორჟე მენდეში წაგვეყვანა. ასე რომ, კეირუშის მიერ შექმნილი ქსელის წყალობით რონალდუმ ჩვენთან 6 წელი გაატარა, სანამ თავისი ცხოვრების ოცნებას აისრულებდა. "რეალს" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის 80 მლნ. ფუნტის გადახდა მოუხდა.

ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები ჩვენი სკაუტური სისტემის წევრები იყვნენ. რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, გარი ნევილი და რიო ფერდინანდი ყოველთვის გამოთქვამდნენ აზრს სხვა მაღალი დონის გუნდში მოთამაშე ამა თუ იმ ფეხბურთელზე, რომელსაც ვარკვირდებოდით ან შეძენას ვუპირებდით. მათ ყველაფერი იცოდნენ "იუნაიტედში" მოსული ფეხბურთელის ვალდებულების შესახებ.

ჩვეულებრივ, ინგლისელი ფეხბურთელების შესახებ ზუსტი წარმოდგენა ჰქონდათ, ასე რომ, ყოველთვის ვეკითხებოდი, რას უნდა შევშინებოდი. ბიჭებს ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ ვის ხილვას ისურვებდნენ "იუნაიტედში" ინგლისის ნაკრებიდან. ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ 2006 წელს მაიკლ კერიკი შევიძინეთ "ტოტენჰემიდან".

ხალხის შეფასებისას (ნაწილი II)


ფეხბურთელებიც ძალიან ცდილობდნენ ახალგაზრდა ნიჭის პოვნას. რაიან გიგზი ხშირად მაძალებდა "კარდიფ სიტიდან" მისი თანამემამულის, აარონ რემზის შეძენას. აარონი მანჩესტერში მოვიყვანეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დეივ ჯონსმა, უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ აარონს თავიდან ჩვენთან თამაში უნდოდა, მაგრამ შემდეგ არსენ ვენგერმა როგორღაც გადაარწმუნა და უთხრა, რომ მისი მომავალი "ემირეიტსზეა".

რამდენიმე წლის შემდეგ ვენგერზე შური ვიძიე - "ფულჰემის" ყოფილი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი "არსენალისთვის" კრის სმოლინგის წართმევაში დამეხმარა.

დიდი ქსელი მხოლოდ კლუბის ძირითად ფეხბურთელებს არ ეხება. ადვილია იმ პიროვნების დავიწყება, რომელმაც კლუბი დატოვა ან თავისი საუკეთესო წლები განვლო. შეიძლება იფიქრო, რომ ახლა უსარგებლონი არიან. სულაც არა. თუკი თვლიან, რომ კლუბი მათ შესაფერისად ექცევა, გონებაში თბილ მოგონებებს იტოვებენ, პატივს სცემენ წინა გუნდს და ყოველთვის მზად არიან მის დასახმარებლად. ვცდილობდით, "ბაიერნის" მაგალითით შთაგონებულებს ასეთი მიდგომა "იუნაიტედში" გამოგვეყენებინა.

90-ანი წლების შუაში მარტინ ედვარდსს "ბაიერნისგან" მაგალითის აღება და ჩვენი საუკეთესო ყოფილი ფეხბურთელების ნიჭის გამოყენება ვთხოვე. ისინი კლუბის ტრადიციებს იცნობდნენ, სრულყოფილებისკენ ჩვენს მისწრაფებას აფასებდნენ და საკმაოდ გავლენიანი და ავტორიტეტულები იყვნენ იმისთვის, რომ მისაბაძი მაგალითები გამხდარიყვნენ. გერმანელებს ეს ძალიან კარგად გამოსდიოდათ და დიდებული ფეხბურთელები წარმატებით მართავდნენ კლუბს.

ვერასდროს ვახერხებდი ამ იდეის სისწორეში მარტინის დარწმუნებას. მეტიც, დირექტორთა საბჭოს რეფორმირების მცდელობისას უფრო უნდობელი ხდებოდა. ჩემს წინადადებებს მხოლოდ სიტყვებით განიხილავდნენ, საქმით კი მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელები (უაითსაიდი, კრერანდი, მაკჰინესი) სადილებისა და ვახშმების დროს გულშემატკივართან ურთიერთობისთვის მოვიწვიეთ.

როცა აღმასრულებელი დირექტორის ადგილი დევიდ გილმა დაიკავა, კლუბში ყოფილი ფეხბურთელების მოწვევის იდეას დაეთანხმა, რადგან მასში შემოსავლის მიღების საშუალებას ხედავდა. მას შემდეგ გვყავს რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბს ფასდაუდებელ სარგებელს აძლევენ. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია ბობი ჩარლტონი, რომელიც 1984 წლიდან დირექტორთა საბჭოს წევრია და რომლის რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩატარებული თამაშების მიხედვით რაიან გიგზმა მხოლოდ 35 წლის შემდეგ დაამხო.

არიან სხვებიც, რომლებიც ადრე კლუბში თამაშობდნენ, ახლა კი ელჩები არიან, რომლებიც თან დაგვყვებიან მგზავრობისას და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სპონსორები დაკმაყოფილდნენ. ეს პირველ რიგში პეტერ შმეიხელს, ენდი კოულს, დუაით იორკს, ბრაიან რობსონს, დენის ლოუსა და უკვე პარკ ჯი სუნსაც ეხება. ამ ხალხს ძალიან ვაფასებთ, რადგან საქმეს გვიმსუბუქებენ და დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებს დავალებას უადვილებენ.

ალბათ, კლუბის წევრებთან კონტაქტის მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სამწვრთნელო შტაბში ყოფილი ფეხბურთელების შეყვანა გახლავთ. ეს შესანიშნავი მეთოდია შიდა კულტურისა და გამოცდილების მისაღებად გუნდში, სადაც გამარჯვების გემოც იციან და მისი მიღწევის ფასიც. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენთან მუშაობდნენ ისეთი ყოფილი ფეხბურთელები, როგორიც ბრაიან მაკკლეირი, ტონი უილანი, ჯიმ რაიანი, მაიკ ფელანი და პოლ მაკჰინესი არიან.

რაიან გიგზი ვან გაალის შესანიშნავი დამხმარეა, ნიკი ბატი სარეზერვო გუნდის გაწვრთნაში ეხმარება, პოლ სქოულზი კი ცოტა ხნით დაბრუნდა კლუბში, რათა გიგზს დახმარებოდა, როცა დროებითი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. ყოველთვის ვცდილობდით ჩვენი ყოფილი ფეხბურთელების მხარდაჭერას. მაგალითად, როცა ბრაიან რობსონი "მიდლსბროს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გააძევეს და შესაფერისი სამსახური არ ჰქონდა, ჩემს შტაბში ვიხმე, რათა "იუნაიტედში" სასწავლო ვარჯიშებში დამხმარებოდა და არც სამწვრთნელო მუხტი დაეკარგა.

თუ დროსთან ერთად "იუნაიტედის" რომელიმე დიდი ფეხბურთელი საკმარის მმართველობით უნარსა და გამოცდილებას დააგროვებს იმისთვის, რომ "იუნაიტედი" მართოს, ჩემი მიზანი - "ბაიერნის" გამოცდილების გამეორება - მიღწეული იქნება.

ასევე მინდოდა მცოდნოდა, რამდენად ვრცელდებოდა ჩვენი შიდა საქმიანობა გულშემატკივარზე. უნდა გამეგო არა მარტო ის, რაც კლუბის გასახდელში ხდებოდა, არამედ ჩვენი დიდი ხნის გულშემატკივრების საერთო განწყობაც. ამისთვის გულშემატკივართა წრიდან სამი ახლობელი მყავდა - ნორმან უილიამსი, ჯიმ კენუეი და ბილ მაკგერი. მათ გუნდის ვარჯიშებზე ორშაბათობითა და პარასკევობით ვიწვევდი, რადგან ვიცოდი, რომ დაკვირვებულები იყვნენ და ამასთან ერთად, საკუთარ აზრს თავისთვის შეინახავდნენ და პრესას არ გაუმხელდნენ.

ვცდილობდი, ყოველთვის მაშინ გავსაუბრებოდი, როცა ფეხბურთელები ხურდებოდნენ და გაოცებული ვიყავი, რამდენად ერთგულებდნენ კლუბს. ნებისმიერ კლუბს ჰყავს გულშემატკივართა არმიაში ადამიანი, რომელიც უკმაყოფილო ან შეწუხებულია რამით. ასეთი ხერხით გულშემატკივართა განწყობას ვეცნობოდი. როცა 2011 წელს ჩემპიონობის რაოდენობით "ლივერპულს" გავუსწარით, ნორმან უილიამსმა ტრიუმფით სიხარული ფეხბურთელებთან ერთად გაიზიარა. უკვე 80 წლის იყო, "მანჩესტერ იუნაიტედი" მის ცხოვრებას წარმოადგენდა და ვგრძნობდი, რომ ამის შემდეგ მისი ცხოვრებისეული გზა დასრულებული იყო. იმ დღეს ფეხბურთელებს ხშირად ვუმეორებდი ფრაზას, რომელსაც მისგან ვისმენდით: "თქვენ ჩემი ცხოვრება შექმენით!" იმავე საღამოს გარდაიცვალა.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენს სისტემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არსებობს - ჩემი კოლეგები. როდესაც არ უნდა დამერეკა სხვა მწვრთნელისთვის, რათა მისი აზრი გამეგო ფეხბურთელზე, რომლის შეძენასაც ვაპირებდით, ყოველთვის გულწრფელ შეფასებას ვისმენდი. 1989 წელს ჯონ ლაიალს შევხვდი, რათა მისი აზრი გამეგო პოლ ინსის შესახებ, რომელსაც "ვესტ ჰემში" წვრთნიდა. საბოლოოდ, პოლმა "იუნაიტედში" 281, ინგლისის ნაკრებში კი 51 მატჩი ჩაატარა.

2010 წელს მარიო ბალოტელის, ნიჭიერი, მაგრამ საკმაოდ წინააღმდეგობრივი იტალიელი თავდამსხმელის შეძენას ვაპირებდი. მის შესახებ ყველაფრის გაგებას ვცდილობდი, ამიტომ რამდენიმე იტალიურ წყაროსა და ინფორმაციას ვიყენებდი, მიღებულიდან კი გავიგე, რომ დიდ რისკს ვწევდი. არ ვიცი, არსებობს თუ არა ასეთი ცხადი პროფესიონალური წარმოსახვა სხვა სფეროში, მაგრამ ჩემთვის აღმოჩენად ნამდვილად არ ქცეულა. ჩემი მხრივ, მე ყოველთვის ვცდილობ ამ ეთიკაზე დაყრდნობას, როცა სხვა მწვრთნელები ამა თუ იმ ფეხბურთელთან დაკავშირებით აზრს მეკითხებიან.

სხვა მწვრთნელები გარკვეული ფეხბურთელებისგან ჩემს დაშორებას ცდილობდნენ, მაგრამ პირიქით, უფრო მიბიძგებდნენ რაიმე გადაწყვეტილების მიღებისკენ. 1991 წელს დამატებით მცველს ვეძებდი, რადგან სტივ ბრიუსი ტრავმებს ხშირად იღებდა. გავიგეთ, რომ "ევერტონმა" ქპრ-ში მოთამაშე პოლ პარკერს მიმართა წინადადებით. მათ ყოფილ მწვრთნელს, ჯიმ სმიტს დავურეკე, რათა მისი აზრი გამეგო.

მისი პასუხი ცალსახა იყო: "შეიძინეთ. იგი სწრაფია, დაცვაში თამაში შეუძლია და ტრავმებს ადვილად იშუშებს. ნამდვილი როტვეილერია". სინამდვილეში, პარკერი "ევერტონში" გაემგზავრა, მაგრამ იმავე დღეს გადმოვიბირეთ "ოლდ ტრაფორდზე". მოედანზე გავიყვანე და გაოცებული იყო იმით, თუ როგორი აღფრთოვანებით ადევნებდნენ თვალს "იუნაიტედის" გულშემატკივრები გაზონის მორწყვას. პოლ პარკერმა იმავე დღეს გააფორმა ჩვენთან კონტრაქტი და "იუნაიტედში" 156 მატჩი ჩაატარა, მეტსაც ითამაშებდა, რომ არა მცირე ტრავმები.

ვცდილობდი, იმავე მეთოდით გადამეხადა, როცა ჩემი კოლეგა მირეკავდა მსგავსი კითხვებით ან ამა თუ იმ კლუბის წინადადებაზე ჩემი აზრის გაგება სურდა. ფეხბურთში საკმაოდ უცნაური სამწვრთნელო მეგობრობა არსებობს. შაბათ დღისით ან ოთხშაბათ ღამით ერთმანეთს შეიძლება მუშტები დავცხოთ, მაგრამ საუბრების დროს ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვადგეთ ერთმანეთს. შესაძლოა, სწორედ ამ უცნაური ურთიერთობის ძალით ვართ მზად დახმარების ხელის გასაწვდენად რთულ მომენტებში. ეს შოტლანდიაში ვისწავლე და ყოველთვის ვცდილობდი, დადგენილ ტრადიციებს გავყოლოდი.

როცა ჯოკ სტეინს ვურეკავდი და რომელიმე თამაშზე ბილეთის შოვნაში დახმარებას ვთხოვდი, ყოველთვის ასე მპასუხობდა: "თუ დაგეხმარები". დიდებული პასუხია. სხვისი გასაჭირი ადვილად გავიწყდება, მაგრამ თუ მათ დამახსოვრებას შეეცდებით, ძალიან დაგეხმარებათ. 1978 წელს, როცა "სენტ მირენს" ვწვრთნიდი, "კილმარნოკს" სათასო მატჩზე ვეთამაშებოდით. მომდევნო დილით, როცა სატელეფონო ზარი გავიგონე, დეპრესია ვიგრძენი.

ჯონ უოლესი, "რეინჯერსის" მწვრთნელი მირეკავდა, რათა მხარდაჭერა გამოეხატა. რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა ჟურნალისტმა დამირეკა და შემატყობინა, რომ კრის უაილდერს, "ოქსფორდ იუნაიტედის" მაშინდელ მწვრთნელს კლუბის პრეზიდენტთან პრობლემები შეექმნა, ჩემს წინ არ დამდგარა საკითხი, დავხმარებოდი თუ არა მას. კრისს ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი და რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი განვიხილეთ. საკმაოდ ხშირად ვესაუბრებოდი სტივ ბრიუსს, ბოლო დროს კი ალან პარდიუს, შონ დაიჩსა და ნილ ლენონს.

ყოველთვის ვაფასებდი ამ არაფორმალურ ურთიერთობას, რომელსაც სიბრძნის შეძენა, კარგი იუმორით აღჭურვა და ურთიერთგაგება შეეძლო. ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია რჩევა საკუთარ შტაბს სთხოვოს, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მარტო რჩება. მესმის, რომ პრემიერ ლიგის მწვრთნელები მუდმივი გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ყველა დანარჩენი კი მათ განუდგება იმიტომ, რომ ვადაგასულ პროდუქტად მიაჩნიათ, ან უბრალოდ დახმარება არ სურთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოხარული ვარ, როცა ვეხმარები მათ, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
1 კომენტარი
№1
ავტორი: veronicasegura
10 თებერვალი 2020 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
I am unendingly looking on the web for articles that can reinforce me. There is doubtlessly a great deal to think about this. Fundamentally need to communicate your article is as astounding. The clearness in your post is basically cool and I could recognize that you're a specialist with respect to this issue. I think you offered some significant articulations in highlights also. Continue working, extraordinary occupation. Well with your concur let me to get your RSS channel to keep restored with unavoidable post. You shake and please keep up the repaying work. Click this site Essay writing
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top