ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია "მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელად დანიშვნა.
ხუთშაბათ დილას ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც იუწყებოდა, რომ ნორვეგიელმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იხილეთ ოლე გუნარის პირველი პრესკონფერენცია მწრთნელის რანგში:
"არ ვფიქრობ, რომ სიამაყე სწორი სიტყვაა. მე ბედნიერი ვარ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ეს სულ ახალი დასაწყისია, ახალი თავგადასავლებითა და ახალი გამოწვევებით."
"ისევ რაღაც ახალი იწყება. სწორედ ახლა იწყება ყველაზე რთული სამუშაო. ახლა არის რთული სამსახური, რომლისგანაც მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებ, ასე რომ ახლა სიამაყის დრო კი არა უფრო სხვა შეგრძნებების დროა."
"ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც ხალხი რაღაც ახალ სამსახურს იწყებს, ისინი აცხადებენ, რომ ეს მათი საოცნებო სამსახურია, რომ ისინი ყოველთვის ოცნებობდნენ ამის მიღწევაზე, რომ მათ ყოველთვის სურდათ ამ კლუბის გაწრთვნა. მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი გაცილებით მეტს ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის."
"ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. შეიძლება სულელური ოცნებაც კი, მაგრამ ყოველთვის გულის სიღრმეში ეს მინდოდა, ამაზე ვოცნებობდი, ამისკენ მივისწრაფოდი, მტკიოდა და ძალიან მინდოდა. ჩემი გონება ყოველთვის ამით იყო მოცული, ამ დიდი პასუხისმგებლობით. ეს ფანტასტიკური ოჯახი, ეს საფეხბურთო კლუბი ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის. ასე რომ დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ფანტასტიკური პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღება და მოუთმენლად ველი ყველა გამოწვევას, რომელიც წინ მელის."
ოლე გუნარმა "იუნაიტედი" 18 დეკემბერს ჩაიბარა. მას შემდეგ 19 მატჩი ჩაატარა, რომლიდანაც 14-ში გამარჯვების მოპოვება შეძლო. მისი განცხადებით, ის სეზონის ბოლომდე ტაქტიკის შეცვლას არ აპირებს და გუშინ დილას მისი მწრთვნელად გამოცხადება სეზონის დარჩენილ ნაწილზე არ იმოქმედებს.
"ისევ ვიქნები ის, ვინც ყოველთვის ვიყავი და ვიცი, რომ კლუბი ჩემგან რაღაცებს მოელის. "იუნაიტედის" ისტორიასაც და კულტურასაც ძალიან კარგად ვიცნობ."
"რა თქმა უნდა, მინდა, რომ წარმატებული ვიყო და, რა თქმა უნდა, მსურს, რომ რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიპოვო, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. მე ამ ბიჭებში უდიდეს პოტენციალს ვხედავ, რომელსაც მაქსიმალურად გამოვიყენებ."
"მე მათთან სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველა ხედავს შედეგს, ყველა ხედავს, რომ გავუმჯობესდით და დამიჯერეთ, წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია."
"გულშემატკივარი უფრო და უფრო მეტს იხილავს. ჩვენ ყოველდღიურად უკეთესები ვხდებით. ფეხბურთელების განწყობა, უბრალოდ, ფანტასტიკურია, მაგრამ ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებებს მივაღწევთ."
"როცა აქ მოვედი, ოთხეულს 11 ქულით ჩამოვრჩებოდით. ახლა ძალიან კარგი შანსები გვაქვს იმისთვის, რომ სამეულში ან ოთხეულში მოვხვდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიანი მიზანია. მომავალში ამას არ დავჯერდებით."
"პრემიერ ლიგა ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ განვვითარდეთ და წავიდეთ წინ."
"ჩვენ შანსები გვაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არც ისე მარტივი იქნება. ძალიან მაღალ მთაზე მოგვიწევს ასვლა, მაგრამ ჩვენ ეს მთები ადრე დაგვილაშქრავს."