ოლე გუნარ სოლსკიაერმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაში სანაკრებო შესვენებაზე ისაუბრა. მან ფეხბურთელებს მოსთხოვა, რომ მანჩესტერში ახალი ძალებით, პოზიტივითა და მომავალ თამაშებზე კონცენტრირებით დაბრუნდნენ.
გუშინდელი წაგება "არსენალთან" დამარცხებას მოჰყვა. გულშემატკივარსა და ფეხბურთელებთან ერთად იმედგაცრუებულია ოლე გუნარიც. ახლა სწორედ სანაკრებო შესვენების დროა. სოლსკიაერის განცხადებით, ეს ორი კვირა ჩვეულებრივზე მეტად გაიწელება.
"ეს ჩვეულებრივი მომენტია და ვერაფერს ვიზამთ. ფეხბურთელებს, რომლებსაც სანაკრებო შესვენების გამო წასვლა უწევთ, უნდა წავიდნენ, ისიამოვნონ, ითამაშონ და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ."
"რამდენიმე მათგანი ნაკრებში გამოიძახეს, რამაც მათ შესაძლოა, დამატებითი თავდაჯერება შემატოს, მაგრამ ჩვენ ყველას უბრალოდ გვსურს, რომ ისინი ახალი ენერგიებით დაბრუნდნენ."
"რასაც არ უნდა აკეთებდე, თუ შესვენება გაქვს, ან ნაკრებთან ერთად თამაშობ, მანჩესტერში სახეზე ღიმილით, დიდი ენერგიით და ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგისთვის მზად უნდა დაბრუნდე."
"იუნაიტედი" შემდეგ მატჩს 30 მარტს გამართავს. "წითლები" ამჯერად "უოტფორდს" დაუპირისპირდებიან. "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება აუცილებელია, რათა ოთხეულისთვის ბრძოლა განაგრძონ.
სახლში ჩატარებული მატჩის შემდეგ "წითლები" ისევ "ვულვზთან" სათამაშოდ გაემართებიან. ეს მატჩი 2 აპრილს შედგება, 10 აპრილს კი "ოლდ ტრაფორდს" "ბარსელონა" ეწვევა.
"ჩვენ სანაკრებო შესვენებების შემდეგ სრულიად მზად ვიქნებით. ბევრი მატჩია ჩასატარებელი. "მანჩესტერ იუნაიტედს" აპრილსა და მაისში რთული პერიოდი უწევს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიპოვნით ჩვენს ფორმას და საკმარის ძალებს ყველასთან სათამაშოდ."
"ჩვენ გამოწვევებს მოუთმენლად ველით. დიდებული საღამოები გველის, მაგალითად, "ბარსელონას" სტუმრობა "ოლდ ტრაფორდზე". ფეხბურთელები? მათ განწყობაზე არ იღელვოთ. როდესაც დაბრუნდებიან, სულ სხვა შემართებით დაასრულებენ მარტს და მომზადებიან აპრილის შესაგებებლად."