თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2019, 15:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1760,
კომენტარები: 4
დარენ ფლეთჩერის მოგონებები
დარენ ფლეთჩერის მოგონებები - "არსენალი" 2-4 "მანჩესტერ იუნაიტედი".
დარენ ფლეთჩერის მოგონებები
"გვირაბში ხარ, იმ დიდებულ გვირაბში.

ცოტაც და სტადიონზე ფეხს შედგამ და იმ დიდებული მატჩის მონაწილე გახდები. იმ დიდებული მატჩის "არსენალის" წინააღმდეგ.

უცებ როი კინი პატრიკ ვიეირას მივარდა, ჯერ თამაში დაწყებული არც იყო და შენ სრულ შოკში ხარ. ყველაფერი თავში გიტრიალებს.

ისევ ისე აფეთქდება სტადიონი, როგორც გასულ წელს?

რას იზამს მსაჯი?

ყველა კითხვა ერთად გიტრიალებს თავში, მოედანზე შესვლამდე სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.

ზღვარზე ხარ. ან უნდა იჩხუბო, ან სიტუაცია უნდა დაალაგო. დანის პირი გაქვს მობჯენილი და არ იცი რა უნდა გააკეთო.

თუ ჩხუბში ჩაერთვები, რა თქმა უნდა, კინის მხარე უნდა დაიჭირო. ნერვიულობ. შემდეგ უკან გაიხედავ და ყველა იმ ბიჭს დაინახავ, რომლებიც რამდენიმე წუთში შენთან ერთად სტადიონზე აღმოჩნდებიან. მათ უკან კი დიდებული სერ ალექსი დგას. კიდევ ერთხელ იყურები ირგვლივ და შენთვის ფიქრობ: "დიახ, ყველაფერი რიგზე იქნება."

იმ მომენტისთვის მე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი კლუბში. მე იმ დღეს 21 წლის გავხდი. საოცარი შეგრძნება იყო, რომ მე იმ სტადიონზე იმ ხალხთან ერთად უნდა მეთამაშა. არ ვიცოდი რა მოხდებოდა გვირაბში, ან გვირაბს მიღმა, მაგრამ ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი იყო ის, რომ როცა მოედანზე გავიდოდი, სერ ალექს ფერგიუსონს ჩემი არჩევა არ უნდა ენანა. მან არა მხოლოდ ამირჩია, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაც დამაკისრა, რაც ჩემთვის დიდებული შეგრძნება იყო.

გასულ სეზონში მე ერთი მატჩი აქ უკვე ჩავატარე და მგონი სერ ალექსიც მოვხიბლე, რადგან შემდეგ თამაშში (ინლისის თასზე "არსენალის" წინააღმდეგ) ჯერ კიდევ შემადგენლობაში ვიყავი. ეს პირველი მატჩი იყო, სადაც განსაკუთრებული დავალება მივიღე, მაშინ სულ რაღაც 20 წლის ვიყავი და ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, მაგრამ ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი. ორი სამუშაო უნდა გამეწია:

პირველი: პატრიკ ვიეირას შეჩერება ჩემზე იყო.

მეორე: გარი ნევილს უნდა დავხმარებოდი, რათა რონალდუსთვის დაცვაში თამაშის პრობლემა მოგვეხსნა და მაქსიმალური თავისუფლება მიგვეცა შესატევად. არც ეშლი კოული გვინდოდა დაცვაში, შესაბამისად მთელი ეს პსუხისმგებლობა მე უნდა მეტვირთა. ეშლი კოული ზემოდან დაიწყებდა და შემდგომ მოწინააღმდეგეს დაბომბავდა.

სერ ალექს ფერგიუსონი ამდენად სპეციფიკურ დავალებებს ბევრ შემთხვევაში არ გვაძლევდა ხოლმე, ძალიან იშვიათად რომ ვინმესთვის კონკრეტული როლი მიენიჭებინა. ყველამ ვიცოდით რა იყო ჩვენი დავალება. ყველაფერს იმისთვის ვაკეთებდით, რომ ბოსი გვესიამოვნებინა. სწორედ ეს იყო ჩვენი საქმე, მაქსიმალურად უნდა გაგვეწირა ჩვენი თავი და სერ ალექსის გადმოსახედიდან ეს წარმოადგენდა სწორედ "იუნაიტედის" სამსახურს. მან ყოველთვის იცოდა მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარე.

99% შემთხვევაში სწორი აღმოჩნდებოდა ხოლმე და სწორედ ამით იგებდა "იუნაიტედი" თამაშს.

აბა მიხვდით, რა მოხდა "ვილა პარკზე".

სქოულზმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ეს ყველაფერი ჩემი დავალების შესრულებიდან 10 წამში მოხდა. სწორედ სერ ალექსის ტაქტიკამ მოახდინა შედეგზე გავლენა. როი გარისთან ერთად მუშაობდა და რონალდუ სრულიად თავისუფალი იყო. სწორედ ამ დროს შორი მანძილიდან გამოიქცა, გარის სივრცე დაუტოვა გიგზის მოსაძებნად, რომელმაც ბურთი სქოულზს გადააწოდა და მან გამარჯვების გოლი გაიტანა.

სერ ალექს ფერგიუსონი სწორია, "იუნაიტედი" მატჩს იგებს.

ეს ერთ-ერთი იმ თამაშთაგანია, რომელიც ჭადრაკს ჰგავს და ყველაფერი მწრთვნელის სწორად თამაშზეა დამოკიდებული. ყველაფერი იდეალურად გამოვიდა და ჩვენ ნახევარფინალები მოვიგეთ, რაც იმ მომენტისთვის ფინალის მოგების ტოლფასი იყო. "არსენალი" ძალიან კარგ ფორმაში იყო, ლიგა მოიგეს და ეს ჩვენი შანსი იყო, რომ რაღაცები დაგვემტკიცებინა.

ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გავართვი თავი ჩემს დავალებას. პატრიკ ვიეირა ძლიერი ფეხბურთელია და არავის უნდა მის წინააღმდეგ თამაში. ის ძალიან დიდი და ძლიერია, მის მოახლოებასაც კი გრძნობ და იცი, რომ თავისი დიდი ფეხებით მოგსდევს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც სხვა ფეხბურთელებს არ შეუძლიათ. თავადაც კარგად იცი, რომ შენი პირველი შეხება ძალიან კარგი უნდა იყოს და ბურთთან ერთად სწრაფად უნდა გადაადგილდე.

ის ფიზიკურად ყველაზე დიდი და ძლიერი იყო პრემიერ ლიგაში. მე თავად ახოვანი არ ვიყავი, განსაკუთრებით იმ დროისთვის, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ყოველთვის თვითკრიტიკული ვიყავი, მაგრამ საერთოდ არ მაწუხებდა ეს ფაქტი. არ მიფიქრია, რომ ჩემი ფიზიკური მოუმზადებლობა რამეს დამაკლებდა. ვიეირასთან კარგი თამაშის შემდეგ საკმაოდ თავდაჯერებული გავხდი, ვიცოდი, რომ ასეთი ნახევარმცველისთვის საკადრისი წინააღმდეგობის გაწევის ძალა შემწევდა.

ჩემთვის ვიეირასთან თამაში რაიმე პირადულ დავალებას არ წარმოადგენდა. ის დიდებული ფეხბურთელი იყო. მე იმ მომენტისთვის ძალიან ენერგიული ვიყავი და სერ ალექსს სურდა, რომ ეს ენერგია საჭიროებისამებრ გამომეყენებინა. მან ზუსტად იცოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა "არსენალის" წინააღმდეგ.

მხოლოდ შენზეა დამოკიდებული შეძლებ თუ არა მოედანზე გასვლას და კარგად თამაშს. ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ ეს მომწონდა. ბოლომდე გამოვიყენე შანსი. ეს დავალება იყო, რომლის კარგად შესრულება გუნდს დაეხმარებოდა და მეც მზად ვიყავი, რომ ყველაფერი გამეკეთებინა ამ დავალების შესასრულებლად. ყველამ იცოდა, რომ ეს როლი მე დამაკისრეს და მუდმივად ვგრძნობდი მათგან, რომ მენდობოდნენ, რომ მე ამას შევძლებდი, რომ მე გუნდური მოთამაშე ვიყავი და ყველაფერს გავაკეთებდი, რაც კლუბს დასჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, ეს არავის ხმამაღლა არ უთქვამს. რამდენიმემ თქვა, მაგრამ ეს უფრო გრძნობებსა და ემოციებში გამოხატეს. ხელს მიქნევდნენ, მამხნევებდნენ, თმებს მქაჩავდნენ, ზურგზე გამამხნევებლად მირტყამდენენ ხელს. სწორედ ასე იქცეოდა სერ ალექსიც. ხანდახან სიტყვები საერთოდ არ გჭირდება, მხოლოდ ეს ფეხბურთელები, მათი ემოციები და მოქმედებები შენ მიმართ... ხანდახან ეს ყველაფერი საკმარისია და ბედნიერი ვარ, რომ მე ამას ვგრძნობდი. მშვენიერია, როცა შენს სახელს ჟურნალ-გაზეთებში კითხულობ, მშვენიერია, როცა გულშემატკივრებსა და მტრებს აალაპარაკებ, მაგრამ არაფერია სქოულზის, კინის, გიგზის, ნევილისა და სერ ალექსის მოსვლაზე უფრო მშვენიერი. მოდიან, თვალებში გიყურებენ, ხელს გართმევენ, ზურგზე ხელს გირტყამენ და ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის. ყველაფერი დანარჩენი არარელევანტური ხდება, რადგან ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბი და კლუბში მიმდინარე სიტუაცია იყო, არაფერი სხვა.

ეს მატჩი ჩემს კარიერაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მე პირველად ვიწყებდი თამაშს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თანაც ძირითად შემადგენლობაში. ჩვეულებრივ, მე მარჯვენა ფრთაზე მიწევდა ხოლმე თამაში, ამიტომაც ცენტრში თამაში ცოტათი გამიჭირდა. ეს ყველამ იცოდა გუნდში, ყველამ იცოდა, რომ მე უნდა შევგუებოდი, მემუშავა, მოვრგებოდი, მაგრამ გუნდს გარეთ ამის შესახებ არავის არაფერი სმენია. მათთვის მე ჩვეულებრივი ბიჭუნა ვიყავი, რომელიც უბრალოდ "იუნატედის" ცენტრში გამოჩნდა. მაშინ ჩვენ ბევრი ვინგერი გვყავდა და სწორედ მოედნის ცენტრში ვიყავი საჭირო. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, გეგმები ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყო. მე გუნდისთვის ჩემი სამსახურის გაწევას ვცდილობდი. მოედნის ცენტრში უნდა მეთამაშა და ვითამაშე კიდეც.

ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ არც ამას შევუშინებივარ. მაქსიმალურად ვმუშაობდი, მთელ ჩემს ენერგიას ამაში ვდებდი. ყოველთვის ჩემს მიზნად გუნდის დახმარება რჩებოდა. მინდოდა, რომ "იუნაიტედისთვის" საკადრისი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. მინდოდა, რომ კარგი მატჩები ჩამეტარებინა, კარგი არა, დიდებული მატჩები.

ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის მიყვარდა, შეიძლება იმიტომაც, რომ იქაურობასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სტადიონი კლასიკური იყო. ძველი საათი ეკიდა, მარმარილოს ფილები ეგო, შესასვლელი მართლა ძველ მოდაზე იყო მოწყობილი. ულამაზესი ადგილი იყო. კუთხეებიც გახსნილი გახლდათ, ასე რომ თასის ეფექტი არ იქმნებოდა. ბევრი ადამიანი არ ეტეოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო ატმოსფერო შეიქმნა. ჩვენი გულშემატკივრები მოედანთან ძალიან ახლოს იყვნენ, კარგად ვხედავდი, ინდივიდუალურ შეძახილებსაც ვარჩევდი, ვგრძნობდი ყველა იმ ემოციას, რასაც ისინი განიცდიდნენ. იმ ღამეს, თქვენ ყველა იგრძნობდით, რომ "იუნაიტედი" ქალაქში იყო. ეს დიდებული თამაში გახლდათ, რადგან ორი დიდებული კლუბი ერთმანეთს ერკინებოდა.

ჰაერში სხვანაირი სურნელი ტრიალებდა, ყველაფერი განსხვავებულად იყო. "არსენალმა" გვირაბში მთელი აგრესია გამოავლინა!

უცებ გასახდელში გარი ნევილი შემოვარდა და გვამცნობა, რომ "არსენალის" რამდენიმე ფეხბურთელმა გვირაბში ხელი კრა.

ეს დაუჯერებლად ჟღერდა, რადგან ასეთი რამეები, ჩვეულებრივ, არ ხდება. ეს არც მანამდე მომხდარა და არც იმ დღის შემდეგ, უნიკალური სიტუაცია გახლდათ.

გარი საერთოდ არ შეწუხებულა ამ მომენტით, უბრალოდ იცინოდა და ამ ყველაფრისგან სიამოვნებას იღებდა.

მაგრამ მატჩის დაწყების დრო ახლოვდებოდა, ასე რომ როიმ გააკეთა ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე. არც სერ ალექსს ამოუღია ხმა, არავის სხვას, როი გაბრაზდა მოგვიტრიალდა და გვითხრა: "მე კაპიტანი ვარ, ასეთ რამეებს ვერავინ გაუკეთებს ჩემს ფეხბურთელებს."

და ჩვენც გვირაბისკენ გავემართეთ.

როი თავს ვეღარ აკონტროლებდა. ის უბრალოდ როი იყო.

წინ მიიწევდა და იმეორებდა: "სტადიონზე შევხვდებით!"

"არსენალის" ფეხბურთელები ვიეირას დაკავებას ცდილობდნენ, სთხოვდნენ, რომ გაჩერებულიყო, არ ჩარეულიყო, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვაკეთებდით. საკმარისად კარგად ვიცნობდით როის და ვიცოდით, რომ არაფერს ჰქონდა აზრი. უბრალოდ, ნება მივეცით, რომ თავისი საქმე გაეკეთებინა. ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერი გახლდათ. ის ყოველთვის გუნდის საუკეთესო ინტერესებიდან გამოდიოდა. არასდროს უცდია, რომ თავად გამოჩენილიყო კარგად, უბრალოდ, თავის თანაგუნდელებს იცავდა. სწორედ ეს მიყვარდა ყველაზე მეტად მასში. ყველა მზად ვიყავით, რომ მისთვის მხარი დაგვეჭირა, მაგრამ არცერთს გვიფიქრია, რომ დიდებული კაპიტანი შეგვეკავებინა. აზრი არ ჰქონდა, შანსი არ იყო. ვიცოდით, რომ მშვიდი, გაწონასწორებული და თან ძალიან აგრესიულიც იქნებოდა ერთდროულად. ასე რომ მართალია, იმ მომენტში არ ვიცოდით, თუ რომელი გზა იყო სწორი, მაგრამ როის მხარეს ვიდექით და ეს გვიხაროდა.

ამ მომენტმა ჩაიარა და მოედანზე შესასვლელად დავიწყეთ მზადება. სწორედ მაშინ გავიფიქრე:

"არა, ახლა ამ თამაშს ვერ წააგებ, გამორიცხულია."

თამაშამდე ორივე გუნდის წევრები ერთმანეთს ხელს ართმევენ. გარიმ ვიეირას ხელი ძალიან მაგრად მოუჭირა. ბრწყინავლეა. კამერები ჩართულია, ისინი ყველაფერს აფიქსირებენ და ჩვენ გვირაბში აღარ ვართ. გარდა ამისა, გარის კაპიტნად როი კინი ჰყავს! ასე რომ მშვიდად შეუძლია ყოფნა.

მე მსგავსი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ჩვეულებრივ ჩამოვართვი ყველას ხელი. დავალება მქონდა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ვიეირას წინააღმდეგ თამაშს ნიშნავდა. მხოლოდ ამაზე მეფიქრებოდა, სხვა არაფერზე. ყველას თვალებში ვუყურებდი და ხელს მშვიდად ვართმევდი. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა. არავის არ გამოუწვევია განსაკუთრებული შიში ჩემში, რადგან მე ყოველდღიურად უმაღლესი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ მიწევდა თამაში ვარჯიშებზე, მათზე უკეთესი მოთამაშეები კი არ მეგულებოდნენ. სწორედ ეს მმატებდა თავდაჯერებას, ყოველთვის, ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში.

როდესაც "იუნაიტედში" აღმოჩნდები და ძირითად შემადგენლობასთან ერთად იწყებ თამაშს, რამდენიმე ეტაპის გავლა გიწევს.

პირველად ფიქრობ: "ღმერთო ჩემო, ეს ბიჭები მეტისმეტად კარგები არიან."

შემდეგ სხვაგვარი აზრები გიტრიალებს: "ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი."

ამ ყველაფერს იღებ, იაზრებ, არ უშინდები. უბრალოდ ყოველდღე ძალიან ბევრს მუშაობ, ძალიან ბევრს წვალობ. არის დღეები, როცა რაღაც არ გამოგდის და ცოტათი გეშინია. არის დღეებიც, როცა უფრო და უფრო უახლოვდები მიზანს. დღეები, როცა უკვე სხვას ეჯიბრები. ამ დროს უკვე მათი ნაწილი ხდები. მე არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე პოლ სქოულზის, ან როი კინის დონეს მივაღწევდი, მაგრამ ეს იყო ის, რასაც ყოველდღე ვუმიზნებდი. მე ძირითადად მაიკლ ქერიკსა და ნიკი ბატს ვეჯიბრებოდი. იყო დღეები, როცა რაღაცას მათზე უკეთ ვაკეთებდი და ამას მეც ვხედავდი და ისინიც. მუდმივი ბრძოლა გვქონდა გაჩაღებული, ჩვენ ყველა ვცდილობდით, რომ დიდებული სერ ალექსი მოგვეხიბლა, ყველა ჩვენი ადგილისთვის ვიბრძოდით. მაგრამ ეს ბრძოლა მოედნამდე არ მიგვქონდა, ვარჯიშზევე რჩებოდა და ერთადერთი მიზანი, მხოლოდ "იუნაიტედის" საკადრისად სამსახური იყო. თამაშისთვის არაფერს განსაკუთრებულს არ ვიგონებდით, რადგან ვარჯიშებზეც ისეთივე ინტენსივობით, ჟინითა და თავდადებით ვთამაშობდით, როგორც მოედანზე. ყოველთვის მზად ვიყავით და ჩვენ ეს გვეამაყებოდა.

ყველაზე საოცარი რაც გახლდათ იყო ის, რომ "იუნატედში" ვერასდროს ვერაფერს იღებდი მარტივად. ძალიან, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით. ბოლოს უკვე ფეხები გვეკვეთებოდა, ვეღარც კი დავდიოდით იმდენად ვიღლებოდით. სქოულზი, კინი, ბატი... ყველა თანაბარი დატვირთვით ვვარჯიშობდით და ეს ჩვენთვის ნორმალური იყო. ყველას სტკიოდა კუნთები, კოჭები, მუხლები და თუ არ გვტკიოდა ვთვლიდით, რომ საკმარისი დატვირთვით არ გვივარჯიშია. ჩვენი გარემო სრულიად განსხვავებული იყო. ექიმთან არ მიდიოდი მანამ სანამ ფეხი ჰაერში არ გეთრეოდა და მოძრაობა არ შეგეზღუდებოდა.

ასე რომ როდესაც სტადიონზე გადიოდი არ ჰქონდა მნიშვნელობა ვის ეთამაშებოდი, მაინც არავის უშინდებოდი.

დავუბრუნდეთ იმ დიდებულ მატჩს "არსენალის" წინააღმდეგ. რამდენიმე წამი ვერ ვიაზრებდი, რომ თამაში დაიწყო. რვა წამი დამჭირდა, შემდგომ ჯარიმა ავიკიდე ვიეირას წინააღმდეგ.

ვეცადე, რომ ჩემი სათქმელი თამაშის დასაწყისშივე მეთქვა.

გვირაბში დატრიალებულმა სიტუაციამ ყველა გამოგვაფხიზლდა, თამაშისკენ მოგვმართა და უფრო მეტი ჟინით გავედით სტადიონზე. სიტყვები აქ საჭირო საერთოდ არ იყო. ვიცოდით, რომ ეს ტელევიზორში ყველამ ნახა. როდესაც ასეთი ინციდენტი შეგემთხვევათ, ფსიქოლოგიურად უფრო იძაბები და გამარჯვების ჟინი გიპყრობს, ეს გრძნობა მთელს შენს სხეულს ეპატრონება და გამარჯვების გარდა სხვა გზა აღარ გრჩება. თუ წააგებ ხალხი გამოვა და იტყვის: "ვიეირამ კინს მიაღებინა", "ვიეირამ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაიპყრო", "არსენალის" გეგმამ გაამართლა". არა, ხალხს ასე ვერ ალაპარაკებ, გამორიცხულია, დაუშვებელია.

ასე რომ შენთვის ფიქრობ: "არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, დღევანდელი მატჩი არ უნდა წავაგოთ."

შემდგომ ვიეირა ჩვენს კარს ლაშქრავს და შენთვის ფიქრობ: "კარგი, ისიც იმავე განწყობაზეა."

თანაც, როგორც უკვე აღვნიშნე, თუ ვიეირა გოლს გაიტანდა მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოდიოდა. მაგრამ ეს განსხვავებულ სიტუაციაში მოხდა. კუთეებიდან ვერ დავფარე. ეს ჩემი ბრალი არ იყო, მისი გაჩერება იმ პოზიციაზე სხვისი მოვალეობა გახლდათ.

მაინც, მიდიხარ ცენტრისკენ და შენთვის ფიქრობ:

"ჩვენ მართლა არ შეიძლება, რომ ეს მატჩი წავაგოთ. გვირაბში რაც ვიეირამ გააკეთა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს."

"ასე თამაშს ვერ მოიგებენ."

"ვიეირა გამარჯვების გოლს ვერ გაიტანს, ამ გოლით თამაშს ვერ მოიგებენ."


მხოლოდ ამაზე მეფიქრებოდა, ჩემი გონება მხოლოდ ამით იყო მოცული და დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ამაზე ფიქრობდა როიც, სქოულზიც, გიგზიც, გარიც, რიოც... ყველა ერთი განწყობით ვიყავით, ერთი შემართებით, ერთი გონებით, ერთი ემოციით.

ასე რომ რადგან ორივე გუნდი ამდენად იყო მომართული, რადგან სულ მალე სტადიონი ცეცხლის ალში გაეხვეოდა, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები უნდა გამოგვეყენებინა. მთავარი მსაჯი გრაამ პოლი გახლდათ. მე ის ძალიან მომწონდა. პოლს კარგად ესმოდა თამაში, გრძნობდა იმ ემოციას, ჟინს და გვაცლიდა, რომ ფეხბურთი გვეთამაშა, რომ ნამდვილი მატჩი გვენახებინა მაყურებლისთვის. იცოდა, რომ იქნებოდა ბევრი ინციდენტი, იცოდა, რომ ბევრჯერ შევეხებოდით ერთმანეთს, მხარს გავკრავდით, წავაქცევდით და ამის უფლებას გვაძლევდა. ვფიქრობ, რომ წესები თავისი ინტერპრეტაციით შეცვალა. სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა, მაშინ თამაში წამების სხვაობით უნდა შეეწყვიტა და მთელი სანახაობა ჩაეშალა. ვფიქრობ, რომ იმ მატჩისთვის სწორედ მოიქცა, იდეალურად იმსაჯა.

შემდგომ მე რობერტს დავეჯახე და რთული სიტუაცია შეიქმნა. რუნი ეგრევე მსაჯს მივარდა, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ის გაგიჟებული თამაშობდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა, ცეცხლის ალში იყო გახვეული. ბოლოს გრაამს ესაუბრებოდა. შემდგომ ძალიან ბევრს წერდნენ იმაზე, რომ "შრეკი" მოედანზე ბევრს იგინებოდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყოველდღიურ ცხოვრებაში არც მე მიყვარს გინება, მაგრამ სტადიონზე სულ სხვა გარემოა, სულ სხვა ზონაა, ემოციებს ვერ იკავებ, ვერ აკონტროლებ.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთ ზონაში მხოლოდ თამაშების დროს გადავდიოდით, ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. როცა ვვარჯიშობდით საშინელი ძალით გვინდოდა გამარჯვება, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. ეს ემოცია გვწვავდა და შიგნიდან გვჭამდა, ვერ ვსუნთქვადით, თუ რამე ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო.

შემდგომ იყო გიგზის გოლი და კიდევ ერთხელ დალაშქრული ჩვენი კარი. შესვენებაზე 2-1 ანგარიშით გავედით. ვაგებდით. არავინ იყო ბედნიერი. გასახდელში დატრიალებულ ამბავს ასეთი მარტივი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ეს ემოცია მთელი სიცხადით თავად უნდა იგრძნოთ.

"აქ წასაგებად არ ჩამოვსულვართ" - სწორედ ეს ფრაზე უტრიალებდა ყველას თავში.

რამდენიმე სიტყვა ვთქვით გაშვებულ გოლებზე და იმ მომენტში ვიცოდით, რომ მსგავს შეცდომებს მეორე ტაიმში უბრალოდ არავინ დაუშვებდა. უბრალოდ უნდა გაგვეგრძელებინა თამაში და მათთვის დიდი ტკივილი მიგვეყენებინა, სწორედ ამით ვიღებდით სიამოვნებას. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, მაგრამ ამასთან ერთად ისიც ვიცოდით, რომ მათთვის ტკივილის მიყენების ძალა ყოველთვის შეგვწევდა.

მეორე ტაიმის პირველი 15 წუთის განმავლობაში მართლა ძალიან დიდი ტკივილი მივაყენეთ.

მეორე ნახევარში ვიგრძენი, რომ როი მხოლოდ ნახევარდაცვის ცენტრში დგომით არ კმაყოფილდებოდა, წინ მიიწევდა და "არსენალს" ბევრ პრობლემებს უქმნიდა. სწორედ ამიტომაც მე მისი ადგილიც დავიკავე და ვაცადე, რომ წინ წასულიყო.

რონალდუმ ანგარიში გაათანაბრა და რამდენიმე წუთში დუბლიც გაიფორმა. ეს ყველაფერი დიდებული როის დაწყებული, ბრწყინვალე და დაუჯერებელი გიგზის გაგრძელებული და რონალდუს დასრულებული იყო. როცა მათ თამაშს ვუყურებდი, ხანდახან ვჩერდებოდი და ჩემთვის ვფიქრობდი: "ჯანდაბა! ეს დაუჯერებელია, ეს სიგიჟეა, ეს წარმოუდგენელია!"

გიგზის შესაძლებლობები სამყაროს მიღმა იყო. საოცარ პასებს აკეთებდა. ხალხი მასში მხოლოდ სწრაფ და მფრინავ ვინგერს ხედავდა, მაგრამ გიგზი გაცილებით მეტი იყო. ყველაფერში ბრწყინვალე გახლდათ, ასე რომ მისი თამაშით გაოცებული გასახდელში არავინ ყოფილა. ყველამ იცოდა, რომ გიგზი ამ ყველაფერს შეძლებდა.

და რონალდუ... მას ტკივილამდე უნდოდა გოლის გატანა. მის კარიერაში ეს უდიდესი საღამო იყო, ასეთ დიდებულ თამაშში ორი გოლის გატანა მოახერხა. ყოველთვის ისმოდა კითხვები იმის შესახებ, შეეძლო თუ არა ამ ბიჭუნას მისი შესაძლებლობების გოლად ქცევა. ვფიქრობ, რომ იმ საღამომ რონის დიდი თავდაჯერება შემატა. ყველას სჭირდება ასეთი საღამოები, დიდებული მატჩები, სადაც ბრწყინავენ.

მას შემდეგ, რაც ანგარიში 3-2 გახდა, მე მოედანი დავტოვე. პრესაში იწერებოდა, რომ მე ტრავმა მივიღე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ არ მახსოვს მართლა ასე იყო თუ არა. შეიძლება მცირედი დაზიანება მქონდა, მაგრამ ეს მაინც ტაქტიკური ცვლილება უფრო იყო. მე არასდროს არ ვფიქრობდი ზედმეტს სერ ალექსის გადაწყვეტილებებზე. უბრალოდ ასე იყო საჭირო და მორჩა.

ჯონ ო'ში შემოვიდა და გოლიც გაიტანა.

დიდებული გოლი გაიტანა, ეს ვარჯიშებზე მანამდე არასდროს მინახავს. ალბათ, ამ ყველაფერს საუკეთესო მატჩებისთვის ინახავდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც აღნიშვნის მომენტი იყო. მთელი ემოციები ერთად დაატყდა თავს, შოკმა სხეული მოიცვა, რამდენიმე წამი გაშეშდა და მხოლოდ ამის შემდეგ აღნიშნა. საოცარი მომენტი იყო. ყველას ახსოვს მისი გაოგნებული სახე. წარმოდგენა არ მაქვს რა ტრიალებდა იმ დროს მის თავში, მაგრამ ალბათ დაახლოებით ასეთი კითხვები ჰქონდა:

"რა გავაკეთე?

თამაშგარეში ხომ არ ვიყავი?

გოლი ჩაითვალა?

რა მოხდა?"

რა მოხდა? სერ ალექს ფერგიუსონმა ისევ სწორად გამოიცნო. გამიყვანა და ჩემ ნაცვლად შემოიყვანა ფეხბურთელი, რომელმაც მეოთხე გოლი გაიტანა. ბრწყინვალე გოლი, რომლითაც მატჩი მოვიგეთ. "მეთოფეებისთვის" ყველაფერი დავასრულეთ.

ჩვენ ზედმეტი ემოციები არ გამოგვიხატავს აღნიშვნის დროს. ჩვენი მიზანი მათთან მისვლა და იმის თქმა არ იყო, რომ გვირაბში მომხდარი ამბის გამო საკადრისი პასუხი მიიღეს. ჩვენ ინტერესს მათი სახის წინ ტიტულის აფრიალება არ წარმოადგენდა. სხვა გუნდები ამას აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ არასდროს. ჩვენ ძალიან თავმდაბლები ვიყავით და მეტოქეს პატივს ვცემდით.

დავალება შესრულებული იყო. ყველამ დაინახა ვინ იყო უკეთესი იმ საღამოს, სიტყვები საჭირო აღარ იყო. გასახდელში დავბრუნდით, გამოვიცვალეთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადეთ.

ჩვენ გავიმარჯვეთ.

ეს იყო ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა."


წყარო: ManUtd.com
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2019 16:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეიძლება უმაღლესი დონის არ იყო დარენი, თუმცა სულსა და გულს დებდა თამაშში და დიდი როლიც ჰქონდა იმ ფორმაციის მანჩესტერში.
0
№2
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2019 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: SANDROGRIGA
შეიძლება უმაღლესი დონის არ იყო დარენი, თუმცა სულსა და გულს დებდა თამაშში და დიდი როლიც ჰქონდა იმ ფორმაციის მანჩესტერში.

ზუსტად ეგრე იყო ძმა
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
14 მარტი 2019 07:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: ikeoni
ციტატა: SANDROGRIGA
შეიძლება უმაღლესი დონის არ იყო დარენი, თუმცა სულსა და გულს დებდა თამაშში და დიდი როლიც ჰქონდა იმ ფორმაციის მანჩესტერში.

ზუსტად ეგრე იყო ძმა

საქმეც მაგაშია.ფერგის დროს ასეთები ბევრი ყავდა მაგრამ ყველას მოტივაციას აძლევდა,მოხოდავდა და ყველასგან მაქსიმუმ სარგებელს იღებდა.
როი კინზე რა მაგრად ლაპარაკობს დარენი არა?კინის მერე რო კაპიტნად ვალენსია და იანგი გეყოლება ....
1
№4
ავტორი: stepno
15 მარტი 2019 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგარი სტატიაა ვისიამოვნეე ძალიან love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top