თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2019, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1694,
კომენტარები: 0
უპირატესობა (ნაწილი I)
თავი V
უპირატესობა (ნაწილი I)
ყველას სხვანაირად ესმის „მსოფლიო კლასის“ მნიშვნელობა - ამ ორმა სიტყვამ ჩაანაცვლა „შესანიშნავი“ და „არაჩვეულებრივი“. გაზეთები რომ წაიკითხოთ ან ტელეკომენტატორებს უსმინოთ, ჩვენს ირგვლივ სულ „მსოფლიო კლასის“ ფეხბურთელები უნდა იყვნენ. როგორც ჩანს, იგივე ხდება სკოლებშიც, რადგან კვლავ და კვლავ მესმის „გაუმჯობესებული ნიშნების“ შესახებ - იმის თაობაზე, თუ როგორ უწერენ მოსწავლეს უფრო მაღალ ქულას, ვიდრე წინა წელს. ჩემი აზრით, დღეისათვის ფეხბურთს მხოლოდ ორი მსოფლიო კლასის მოთამაშე თამაშობს - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. ძალიან ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია და უფრო მეტი - კარგი, მაგრამ ათასობით პროფესიონალს შორის მხოლოდ კრიშტიანუ და ლიონელი იმსახურებენ „მსოფლიო დონის“ ფეხბურთელის წოდებას. სხვა ფეხბურთელები კი ქმნიან „მსოფლიო დონის“ მომენტებს - საოცარ გოლებს, შთამბეჭდავ პასებს, არნახულ სეივს, მაგრამ მატჩში ასი მომენტია, კარიერაში კი - ათასი. რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმი არსებობს, რომელთაც ფეხბურთელის შესაფასებლად ვიყენებ. სუბიექტური მოიცავს ორივე ფეხით თამაშს, წონასწორობის შეგრძნებას, დისციპლინურ დამოკიდებულებას საკუთარი ფორმისადმი, ვარჯიშებისადმი მიდგომას, მრავალი სეზონის განმავლობაში ყოველ მატჩში სტაბილურობას, სხვადასხვა ამპლუაში ოსტატობის გამოვლენას და იმ ნაპერწკალს, რომელსაც ყოველი გუნდის თამაშს მატებენ. ხოლო ობიექტური კრიტერიუმებია - მაჩვენებლები, რომელთა შესახებაც ვერ იდავებ: მათ მიერ გატანილი გოლების რაოდენობა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში ჩატარებული მატჩების რაოდენობა. როცა მსგავსი მიდგომით სარგებლობ, გაცილებით ადვილია ყველაზე მაღალი სათამაშო დონის განსაზღვრა. ისინი, ვინც ნაკლებად დარდობს მსგავს რამეებზე - სხვანაირი ფეხბურთელები არიან.

დღეისათვის ფეხბურთს მრავალი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობს - ტომას მიულერი მიუნხენის „ბაიერნიდან“, ლუის სუარესი და ნეიმარი „ბარსელონადან“, ალექსის სანჩესი „არსენალიდან“, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოთხივე მათგანი დამეთანხმებოდა, რომ მესისა და რონალდუს დონეს ვერ აღწევენ. არ მინდა, დავაკნინო ან გავაკრიტიკო „იუნაიტედში“ გატარებული 26-წლიანი კარიერის განმავლობაში ჩემს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელები, მაგრამ მხოლოდ ოთხი მათგანი იყო მსოფლიო დონის: კანტონა, გიგზი, რონალდუ და სქოულზი. ამ ოთხეულიდან კი კრიშტიანუ ნაძვის ხის წვერზე დამაგრებულ ვარსკვლავს ჰგავდა. ის უკანასკნელი ეხებოდა ბურთს. როი კინი, ბრაიან რობსონი და სტივ ბრიუსი - სამივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მათ ეს სტატუსი საქმისადმი მიდგომით, ამბიციებით, ლიდერის უნარებითა და სათამაშო ძალაუფლებით დაიმსახურეს და არა რაიმე სხვა მახასიათებლის გამო.

უფრო ღრმად თუ ამოვთხრით, ბობი ჩარლტონი, რომელმაც კლუბში 758 მატჩი ჩაატარა, 106-ჯერ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისური, მათ შორის ოთხჯერ მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებში - ილუსტრაციაა იმისა, რასაც „მსოფლიო დონეს“ ვუწოდებ. ბობი, თითქოს, ნიადაგში ფესვებგადგმული თამაშობდა ორივე ფეხით, მარცხნივ, მარჯვნივ და ცენტრშიც, სავსე იყო თავდაჯერებულობითა და რკინის ნერვებით. მიუხედავად მთელი რიგი მიღწევებისა, ბობი ყოველთვის მოკრძალებული და თავდაჭერილი ადამიანი გახლავთ. სიმშვიდის შენარჩუნებას ყოველთვის ახერხებდა, მაგრამ ერთხელ შესვენებაზე, როცა „იუნაიტედი“ მარცხებოდა, განაცხადა: „მომეცით ბურთი. მე მოვიგებ“. არც ტრაბახობდა და არც აჭარბებდა, უბრალოდ იცოდა, რაც შეეძლო და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამას მისი თანაგუნდელებიც აღიარებდნენ.

უპირატესობა (ნაწილი I)

ბობი ჩარლტონი


„იუნაიტედმა“ საბოლოოდ გაიმარჯვა და ეს ჩარლტონის - მსოფლიო დონის მოთამაშის წყალობით გააკეთა.

საფეხბურთო მწვრთნელი ძალიან იღბლიანი ყოფილა, თუ მის გუნდში ერთი მსოფლიო დონის მოთამაშე მაინც ჰყავს; კლუბების უმეტესობას ასე არ უმართლებს. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება კარგი გუნდის ჩამოყალიბება. შერწყმულად მოქმედი თერთმეტი კარგი მოთამაშე შეიძლება იქცეს გუნდად, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მისი შემადგენლების რაოდენობა. მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებ გუნდს, რომელმაც მსოფლიო დონის მოთამაშის გარეშე წარმატებას უმაღლეს დონეზე.

ორგანიზაციისთვის უპირატესობის მინიჭების ერთ-ერთი კომპონენტი - წარმატების ფრთხილად გამოვლენაა. გრძელვადიანი მიზნების დასახვისას ყოველთვის ვფრთხილობდი. არასდროს მითქვამს: „ამ სეზონში ჩემპიონატთან ერთად კიდევ ორი ტიტული უნდა მოვიგოთ“. პირველ რიგში, ეს არასწორია - მაღალფარდოვანი და დამთრგუნველი. მეორე რიგში კი ეს ყველაზე ახდენს დამატებით ზეწოლას ყოველგვარი სარგებლის მოტანის გარეშე. მესამეც, იმედგაცრუებისთვის გამზადებს. გაცილებით მარტივია თქვა: „იუნაიტედი“ ვალდებულია, ყველა მატჩი მოიგოს“, რაც 1993 წლის შემდეგ სიმართლეს შეესაბამებოდა და გუნდის საერთო სულისკვეთებას ამაღლებდა. ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ყველა ხვდებოდა ყოველი შეხვედრის მოგების მნიშვნელობას და ხაზს უსვამდა უპირატესობას, რის ხარჯზეც გუნდს მუდმივად ვუკეთებდი ენერგიის ინექციას.

არსებობს ბალანსი, რომლის დაცვაც აუცილებელია რეალურად არსებულ მდგომარეობაში შესაძლებელი ვითარების განხილვისას. საჭიროა, ყოველი ფეხბურთელი წარმატებისთვის განაწყო, რასაც ზედმიწევნითი მოფიქრება სჭირდება. ძალიან იოლია არარეალური მიზნების დასახვა და ეს კარიერის ნაადრევ ეტაპზე ვისწავლე. „სენტ-მირენში“ ჩემი პირველი სეზონის განმავლობაში გუნდმა ზედიზედ რვა მატჩი მოიგო და მეორე დივიზიონში კარგ პოზიციას იკავებდა. გავთამამდი და პრესას განვუცხადე, რომ სეზონის დასრულებამდე არცერთ მატჩს აღარ წავაგებდით. საბოლოოდ კი მხოლოდ ერთი მატჩი მოვიგეთ და სეზონი მეექვსე ადგილზე დავასრულეთ.

„იუნაიტედში“ კი პრესა სეზონის დასაწყისშივე მეკითხებოდა, რისი მიღწევის იმედი მქონდა. ჩემი წინასწარ მომზადებული პასუხი - ჩვენ ერთი ტიტულის მოგება გვსურს, სულერთია, რომელი იქნება. ვცდილობდი, ცრუ იმედი არავისთვის მიმეცა და არც ზედმეტი ზეწოლა დამეკისრებინა ვინმეზე. ამას საპირისპირო შედეგი მოჰქონდა. სხვათაშორის, „იუნაიტედში“ ჩემი პირველი ტრიუმფიდან კარიერის დასრულებამდე გატარებული 23 წლის განმავლობაში არასდროს გვქონია ზედიზედ 2 სეზონი მნიშვნელოვანი ტიტულის გარეშე.

თანაც გამიმართლა, რომ კლუბის მფლობელი თუ დირექტორი არასდროს მეუბნებოდა, რომ ჩემგან აუცილებლად ტიტულს ელოდა. ერთადერთი გამონაკლისის გარდა: ერთხელ ეს „სენტ-მირენიდან“ დათხოვნამდე მოხდა, როცა დირექტორმა მითხრა (მიუხედავად იმისა, რომ დივიზიონში მხოლოდ წინა სეზონში ავმაღლდით და ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავდა), რომ მომდევნო სეზონში ჩვენგან ჩემპიონობას ელოდა. ერთადერთხელ მითხრეს: „ტიტულის მოგება გვჭირდება“. არ აღიარა, რომ ამისთვის ორი-სამი ფეხბურთელის შეძენა იყო საჭირო, რასაც კლუბი არ აპირებდა.

იმისათვის, რომ რამე მოიგო, მოქმედებაა საჭირო. ჩემპიონატს ერთი დიდი ნახტომით ვერ მოიგებ. მე ფრთხილად დავყოფდი ყველაფერს მომნელებელ შემცველობებად. არავინ მიიყვანს მთამსვლელთა ჯგუფს ევერესტთან, მიუთითებს მწვერვალზე და ეტყვის: „ოკეი, ბიჭებო, აცოცდით!“ სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებთან კონკრეტულ მიზნებზე საუბარს ვერიდებოდი. პრესისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ ტიტულის მოგება გვინდოდა, წინასწარ იყო მომზადებული და გუნდიც, ნებისმიერ შემთხვევაში, მზად იყო ამგვარი მოლოდინისთვის. კონკრეტიკაზე ნოემბერში გადავდიოდი, როცა სეზონის მიმდინარე მოვლენები და ჩვენი მეტოქეების მდგომარეობა ცხადი ხდებოდა. მოკლე დღეების პერიოდში ფეხბურთელებს ვეუბნებოდი: „თუ პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე ვართ ან სამი ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს ახალი წლის პირველ დღეს, შესანიშნავი შანსი გვაქვს“.

უპირატესობა (ნაწილი I)


2009 წლის ნოემბერს რენე მელენსტენმა კონკრეტული მიზანი დასახა - ქულათა რაოდენობა, რომლის მოპოვებაც დეკემბრის ბოლოსთვის უნდა შეგვძლებოდა, მაგრამ იმ პერიოდში დავმარცხდით „ჩელსისთან“, „ასტონ ვილასთან“ და „ფულჰემთან“ და მივხვდი, რომ მიზანმა პირიქითი ეფექტი მოახდინა. ვიფიქრე, რომ მიზნის დასახვისას კონკრეტიკისგან თავი უნდა შეიკავო. შობის პერიოდის შემდეგ მეხუთე ადგილზე რომ ვიმყოფებოდით, საშინელება სულაც არ იყო, რადგან წლებთან ერთად კლუბს ჩამოუყალიბდა ტრადიცია: „იუნაიტედი“ სეზონის მეორე ნაწილში ყოველთვის უკეთ ასპარეზობს. ყოველთვის ვამბობდით: „სეზონის მეორე ნაწილი თავად მიხედავს ყველაფერს“. რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ამგვარი მიდგომა ჩვენს განწყობას ზრდიდა. სიმართლე მაღალი დონის კონკურენციის მქონე ნებისმიერი შეჯიბრის შესახებ ასეთია: უმეტეს შემთხვევაში ბოლო წუთამდე არაფერი წყდება. „იუნაიტედში“ გატარებული ჩემი კარიერის განმავლობაში ჩემპიონატის გამარჯვებული სეზონის დასრულებამდე ორი კვირით ან უფრო ადრე მხოლოდ ოთხჯერ გამოვლინდა.

მნიშვნელოვანია მიზნების გადახედვა მატჩის მიმდინარეობისასაც. თუ დიდი პრობლემები გაქვს, გეჩვენება, რომ ვერაფერს უშველი. ასე დაგვემართა 2001 წელს, როცა შესვენებაზე „ტოტენჰემთან“ 3-0 ვმარცხდებოდით. ფეხბურთელებს გულახდილად ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ცალსახად ჩავისვარეთ. გასახდელში სამარისებური სიჩუმე სუფევდა და უბრალოდ წარმოვთქვი: „გაიტანეთ გოლი და ვნახოთ, რას მოგვიტანს“. მე არ მითქვამს: „45 წუთი გვაქვს ოთხი გოლის გასატანად“. ეს შეუძლებლად მოეჩვენებოდათ. ტრიბუნებსქვეშა განყოფილებაში რომ გავედით, „იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, ტედი შერინგემი, რომელიც მაშინ „ტოტენჰემში“ თამაშობდა, ფეხბურთელებს უყვიროდა: „სწრაფი გოლი არ გაატანინოთ“. იცნობდა „ოლდ ტრაფორდის“ ცხოვრებას და იცოდა, რამდენად სახიფათონი ვიყავით, როცა ვმარცხდებოდით. მაგრამ მაინც გავიტანეთ და ამას ის მოჰყვა, რომ რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს, კიდევ ოთხჯერ ავიღეთ მეტოქის კარი. საბოლოო ჯამში 5-3 ვიმარჯვეთ.

როგორც კი „იუნაიტედმა“ შიდა ტურნირების მოგებას მიჰყო ხელი, უფრო მეტზე დავიწყე ფიქრი. ჩემი აზრები სამწვრთნელო შტაბის წევრებს გავუზიარე და ავუხსენი, რომ მიუხედავად ჩემპიონატის მოსაგებად მუდმივი ბრძოლისა, ჩვენი ახალი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი უნდა გამხდარიყო. 1993 წლისთვის, როცა „იუნაიტედმა“ პირველად მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული, მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული ჩემპიონთა ლიგა, - ევროპის ჩემპიონთა თასი, როგორც ამ ტურნირს მაშინ ერქვა - მაშინ, როცა მადრიდის „რეალმა“ ექვსჯერ, „მილანმა“ და „ლივერპულმა“ ოთხჯერ, მიუნხენის „ბაიერნმა“ და „აიაქსმა“ სამჯერ, ხოლო „ბენფიკამ“ და „ნოტინგემ ფორესტმა“ ორჯერ აღმართეს იგივე თასი.

ამის შემდეგ ჩემპიონთა ლიგასა და შიდა ჩემპიონატში ბრძოლისათვის ერთი და იგივე მიდგომა გამოვიყენე. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაგვეკეთებინა. პირველი ცხადი მიზანი - ჯგუფური ეტაპის მინიმუმ 10 ქულით დასრულება გახლდათ. ეს სულ სამჯერ ვერ მოვახერხეთ - 1994/95, 2005/06 და 2011/12 წლების სეზონებში.

ანალოგიურად ვმუშაობდი ფეხბურთელებთანაც. არასდროს მითქვამს კრიშტიანუ რონალდუსა თი დიმიტარ ბერბატოვისთვის, რომ მათგან სეზონში მინიმუმ 25 გოლს ველოდით და არც პოლ სქოულზისა თუ როი კინისთვის მიმიცია დავალება, მინიმუმ 80%-ანი სიზუსტით ეკეთებინათ პასები. არასდროს მქონია გარკვეული კვოტა, რაც ფეხბურთელებს უნდა შეესრულებინათ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მათგან საუკეთესოს ველოდი. ფეხბურთელთან ახალი შეთანხმების გაფორმება ყოველთვის იძლეოდა თამაშის დონის გადახედვის შესანიშნავ შესაძლებლობას და ამის ხარჯზე ვამბობდი, რომ სრულყოფილება იყო საჭირო. როცა ფეხბურთელს ვყიდულობდით, მას ცალკე ვესაუბრებოდი და ვუხსნიდი, რას ველოდით მისგან „მანჩესტერ იუნაიტედში“.

რაც შემეხება მე, პირადი მიზნებიც არასდროს დამიწესებია საკუთარი თავისთვის. 17 წლის ასაკში არასდროს მიფიქრია, რომ 30 წლისას 100 გოლი უნდა მქონოდა გატანილი ან კარიერა მთელი რიგი მედლებით და შოტლანდიის ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩებით უნდა დამესრულებინა. ასევე იყო მწვრთნელობის დროსაც; თუმცა, მას შემდეგ, რაც „აბერდინმა“ მსოფლიოს თავი გამარჯვებულ გუნდად გააცნო, ვიცოდი, რომ მეტისთვის უნდა მიმეღწია. რამდენიმე სხვა კლუბის არასერიოზული შემოთავაზების უარყოფის შემდეგ „იუნაიტედში“ გადასვლის დღიდან არასდროს მიფიქრია სხვა სამსახურის მოძებნა. ხანდახან ინგლისის ნაკრების ჩაბარებას მთავაზობდნენ, მაგრამ ეს თანამდებობა, მიუხედავად პერიოდისა, ყოველთვის ნაკლებად მიზიდავდა. არა მარტო იმის ატანა მომიწევდა, რომ შოტლანდიას ზურგი ვაქციე, არამედ უნდა გადამეტანა მთელი რიგი იმედგაცრუებები. არასაიმედო სამსახურია, რადგან ნებისმიერ დიდი ტურნირის წინ პრესა და გულშემატკივრები მოძალადეებად იქცევიან. მათ ავიწყდებათ, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა კერძო საქმიანობითი სამსახურია, თუმცაღა გულუხვად ანაზღაურებადი. ისინი იშვიათად ხედავენ საკუთარ ფეხბურთელებს, ვერ ატარებენ ყოველდღიურ ვარჯიშებს და არარეალურად ვარაუდობენ, რომ ნებისმიერ ფეხბურთელთა ჯგუფი, სულერთია, რამდენად ნიჭიერი იქნება, ინსტინქტის დონეზე ვარაუდობს, რას გააკეთებენ მათი სანაკრებო პარტნიორები. სანაკრებო მწვრთნელის სამუშაოს იმედგაცრუების გემო 1985 წელს გავუღე, როცა ჯოკ სტეინის გარდაცვალების შემდეგ ცოტა ხანი შოტლანდიის ნაკრებს ვწვრთნიდი. ეს საჩემო საქმე არ არის. ჩემი აზრით, ნაკრებში მუშაობა კარიერის მიწურვის ეტაპზე მყოფი გამოცდილი მწვრთნელის საქმეა, რომელსაც მოთმინება ჰყოფნის, ამ თანამდებობის მთელ მინუსებს გაართვას თავი, ვისაც აქვს საკმარისი რეპუტაცია იმისათვის, რომ იშვიათად ნანახი ფეხბურთელებით სავსე გასახდელში მბრძანებლობა შეძლოს.

უპირატესობა (ნაწილი I)


როცა მანჩესტერში გადავედი, ვერც კი წარმომედგინა „ოლდ ტრაფორდზე“ უფრო დიდი სტადიონი. რა თქმა უნდა, ვიცი „კამპ ნოუსა“ და „ბერნაბეუს“ არსებობის შესახებ - შესანიშნავი სტადიონებია, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მაშფოთებს ისე, როგორც „ოლდ ტრაფორდი“. კარიერის დასრულებამდე არასდროს დამისახავს ჩემპიონისა თუ ინგლისის თასის ტიტულების მოსაგები რაოდენობა. საკუთარი თავისთვის რომ მეთქვა: „ვერ წავალ, სანამ „იუნაიტედი“ ხუთჯერ არ აღმართავს ჩემპიონთა ლიგის თასს“, - ახლა კვლავ „ოლდ ტრაფორდზე“ ვიქნებოდი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ მიზნისთვის ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდშიც უნდა მიგვეღწია. არასდროს მითქვამს საკუთარი თავისთვის, რომ ჩემი ცხოვრება არასრულყოფილი იქნებოდა, თუკი „იუნაიტედის“ ფორვარდები ოქროს ბურთის გარკვეულ რაოდენობას ვერ მოიგებდნენ ან „წლის ფეხბურთელად“ არ დასახელდებოდნენ. მე სხვაგვარად ვმოქმედებ. მთელი ცხოვრება ერთადერთი რამ მსურდა - რაც შეიძლება მეტი ტიტული მომეგო. ყოველთვის მეცოტავებოდა.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top