ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, "კრისტალ პალასთან" შესაძლოა, რომ სამი აკადემიელი ვიხილოთ. "იუნაიტედს" რთული პერიოდი უდგას და ბევრი ფეხბურთელი აღმოჩნდა ლაზარეთში, მაგრამ ნორვეგიელ მწრთვნელს ეს არ აშინებს:
"დიახ, დღეს ეს ბავშვები ვარჯიშებზე შემოგვიერთდნენ, ასე რომ მათ შემადგენლობაში აუცილებლად იხილავთ."
"უკვე დიდი ხანია ისინი ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ. ანხელი ძალიან კარგი იყო ინგლისის 17-წლამდელებში. დარწმუნებული ვარ, რომ თუ შანსს მიიღებს ძალიან კარგად გამოიყენებს."
"გარნერი პატარა მაიკლ ქერიკია, 20 წლით ახალგაზრდა ქერიკი. დარწმუნებული ვარ, რომ მასაც შეუძლია კარგად თამაში, ისევე როგორც ჩონგს. ის აუცილებლად გააოცებს და ჩამოიტოვებს ბევრ ფეხბურთელს, თუ მოედანზე ვიხილავთ, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი დღეს ის არის, რომ ეს ბავშვები მზად არიან."
"16-17 წლის ასაკში დაცვაში თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივდება, როცა შეტევას ეხება საქმე. უბრალოდ მიდიხარ და საკუთარ თავს გამოხატავ, ეს შენი შანსია. შეიძლება, რომ შენი დამსახურებით თამაში მოიგონ, მაგრამ შენ გამო მატჩს არ წააგებენ, ასე რომ ფსიქოლოგიური წნეხი ნაკლებია."
"სკოტი და ენდი წინა თამაშში ფანტასტიკურები იყვნენ. ყველას მოვუწოდებ, რომ მზად იყვნენ, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიიღონ შანსი."
"რაც შეეხება "კრისტალ პალასს", ისინი ძალიან, ძალიან კარგები არიან და, რა თქმა უნდა, "ლესტერთან" მათი გამარჯვება შთამბეჭდავი იყო. ვიცით, რომ ბურთი კარგად უნდა ვაკონტროლოთ და ისინი გავტეხოთ. ვიცით, რომ კონტშეტევებზე ძლიერები არიან. მათ ფორვარდებს საკმაოდ კარგი სისწრაფე და მოქნილობა აქვთ, ასე რომ კონტრშეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ და მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ."