თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2019, 19:00
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1798,
კომენტარები: 5
პრევიუ: იუნაიტედი - ლივერპული
პრემიერ ლიგის 27-ე ტურის შეხვედრის პრევიუ.
პრევიუ: იუნაიტედი - ლივერპული
პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩს "ოლდ ტრაფორდი" უმასპინძლებს, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. შეხვედრა სტარტს კვირას, თბილისის დროით 18:05 წუთზე აიღებს, რომლის რეპორტაჟსაც სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.

გუნდების სიახლეები

ოლე გუნარმა დაადასტურა, რომ ჯესი ლინგარდსა და ენტონი მარსიალს "ლივერპულთან" დაბრუნების შანსი აქვთ. როგორც მოგეხსენებათ, დუეტი "იუნაიტედს" პსჟ-სთან მარცხის შემდეგ გამოაკლდა. ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრესკონფერენციამდე MUTV-ის ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ შესაძლებელია, დუეტი "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულისთვის" დაბრუნდეს. როგორც ცნობილია, გუნდს ასევე არ ეყოლება ანტონიო ვალენსია, მარკოს როხო და მატეო დარმიანი.

"ლივერპულს" დეიან ლოვრენი და ჯო გომესი დააკლდება, თუმცა დაუბრუნდებათ დაცვის ხაზის ლიდერი, ვირჯილ ვან დაიკი, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გამოტოვა.


მწვრთნელები მატჩის წინ

ოლე გუნარ სოლსკიაერი: "მათთვის დიდი მატჩია, ჩვენთვისაც დიდი მატჩია. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ოთხეულში მოვხვდეთ. ამას გარდა, ეს ჩვეულებრივი პრემიერ ლიგის მატჩი არ არის, ეს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართული თამაშია. ეს უდიდესი მატჩია სამუშაო პერსონალისთვის, ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის დამთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".

იურგენ კლოპი: "ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ჩვენ წინააღმდეგ. მგონია, რომ ბევრი სხვადასხვა სტილი აქვთ მორგებული და ყველა მათგანს საოცრად ასრულებენ. ახლა გაცილებით უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ეს აშკარაა, მაგრამ მათი კონტრშეტევებიც ძალიან საშიშია. და ეს უფრო სახიფათო გახდება განსაკუთრებით მაშინ, თუ ენტონი და ჯესი გამოჯანმრთელდებიან. ძალიან ბევრი რამ შეუძლიათ. მათ კითხვებზე მარტივი პასუხები არ აქვთ. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ ძალიან მძიმე და დატვირთული თამაში გველის. ორივე გუნდს მაქსიმუმის გაღება მოუწევთ გამარჯვებისთვის".

გუნდების ფორმა

ოლე გუნარ სოლსკიაერის წარმატებული დებიუტი გრძელდება, ნორვეგიელმა 13 მატჩიდან 11-ის მოგება შეძლო და გუნდი ოთხეულში შეიყვანა. 26 ტურის შემდეგ ოლე გუნარის გუნდს 51 ქულა აქვს და უახლოეს მდევრებს, "ჩელსისა" და "არსენალს" ერთი ქულით უსწრებს. "წითელი ეშმაკები" პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდებიან - ინგლისის ასოციაციის მატჩში მანჩესტერელებმა ლონდონის "ჩელსი" დაამარცხეს. სოლსკიაერის გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო ხუთ შეხვედრაში 4 გამარჯვება მოიპოვა და 1 ფრედ დაასრულა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ლივერპული" ამჟამად 65 ქულით მეორე ადგილს იკავებს, თუმცა მერსეისაიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. კლოპის გუნდს პრემიერ ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში 3 მოგება და 2 ფრე აქვს.

პრევიუ: იუნაიტედი - ლივერპული


ურთიერთშეხვედრები

"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის საერთო ჯამში 201 მატჩია გამართული, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე 80 მოგება, 55 ფრე და 66 წაგებაა.

ინგლისის ჩემპიონატში გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 171 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. "წითელმა ეშმაკებმა" მეტოქის დამარცხება 68-ჯერ შეძლეს, 47-ჯერ ფრედ ითამაშეს, ხოლო 56-ჯერ კი მარცხი იწვნიეს.

პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში გუნდები ერთმანეთს 53-ჯერ დაუპირისპირდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე 28 მოგება, 11 ფრე და 14 მარცხია.

პრევიუ: იუნაიტედი - ლივერპული



ისტორია

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დუელი, რომელიც ბევრისთვის ცნობილია როგორც "ჩრდილო-დასავლური დერბი" ან "დერბი M-64", ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩია არამარტო ინგლისში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ შეხვედრაში შეგიძლიათ იხილოთ ნამდვილი "საფეხბურთო ბრძოლა", აქ ხომ მოწინააღმდეგეებს ერთმანეთის სიძულვილი აძლიერებთ.

ეს არ არის მხოლოდ დერბი, ეს არის ინგლისური ფეხბურთის უდიდესი დაპირისპირება. მათ შორის 29.5 მილია, რომელიც ისტ ლანკს როუდით ერთდება. "ოლდ ტრაფორდზე" პირველი თამაში 1910 წელს შედგა სწორედ ლივერპულელთა წინააღმდეგ, სადაც "მერსესაიდელებმა" 4-3 იმარჯვეს.

ზოგიერთი დაპირისპირება სპორტის ფარგლებს სცდება და ეს დერბი ამის დასტურია. ლივერპული და მანჩესტერი ინგლისის ჩრდილო–დასავლეთში მყოფი ქალაქებია, რომლებთაც ერთმანეთისაგან 35 მილი აშორებთ. ორ ქალაქს შორის დაპირისპირება სპეციფიკურ ხასიათს ატარებს: წარმატებებისა და ჩავარდნების უშეღავათო ბრძოლა, რომელიც ლიდერობისთვის მიმდინარეობდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს იყო მსოფლიოში პირველი ორი ქალაქი, რომელიც ერთმანეთთან რკინიგზამ დააკავშირა შორეულ 1830–იან წლებში. ეს მოვლენა თითქოს ამ ორი ქალაქის გაერთიანების მიზეზი უნდა ყოფილიყო და მათ ერთობლივად უნდა ებრძოლათ ლონდონისა და სახმრეთის წინააღმდეგ, მაგრამ მათ აღმოაჩინეს რომ სინამდვილეში ერთმანეთი სამხრეთელებზე უფრო მეტად სძულდათ.

მე-19 საუკუნის მიწურულს მანჩესტერი და ლივერპული ეკონომიკური მიზეზების გამო ჩრდილო-დასავლეთისთვის იბრძოდნენ. 1894 წელს მანჩესტერში გემისთვის არხები აშენდა. ეს ნიშნავდა, რომ ახლა მანჩესტერში პირდაპირი გზით შეიძლებოდა საქონლის ჩატანა და ლივერპულის გავლა საჭირო აღარ იყო. შედეგად, მრავალმა მერისეისაიდელმა დაკარგა სამუშაო. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ლივერპულის სიძულვილი მანჩესტერისადმი, რაც ამ დაპირისპირების შესანიშნავი საბაბია.

ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირების ისტორია შეიცავს ძალიან ბევრ დასამახსოვრებელ ეპიზოდს. ამ ხნის განმავლობაში იყო უამრავი კამათი -ბოლოს იყო ჯონჯო შელვისა და ალექს ფერგიუსონს შორის, ასევე პატრის ევრასა და ლუის სუარეზის დაპირისპირება, დევიდ ბექჰემისა და ჯემი რედნაპის, დაპირისება მწვრთნელებს შორის, რომელიც წლებია გრძელდება. და, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი მატჩები, რომელებიც საფეხბურთო კლასიკებად იქცა. ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ 2006 წელს "ენფილდზე" გამართული შეხვედრა, რომელშიც უკვე "იუნაიტედის" ლეგენდამ, გარი ნევილმა გამარჯვება პირდაპირ "ლივერპულელ" გულშემატკივართა წინ იზეიმა.

პრევიუ: იუნაიტედი - ლივერპული

"ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ჩემს კარიერაში, ბოლო წუთზე რიო ფერდინანდის მიერ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ მე მეტოქის ქომაგების ტრიბუნისკენ გავიქეცი, რომელიც იქვე კუთხურის ალამთან იყო. ამით მე მთლიანად გამოვხატე ის გრძნობა, რაც იმ მომენტში დამეუფლა, თუმცა FA-მ განსხვავებული სურათი დაინახა და დამაჯარიმა არასპორტული საქციელისთვის"- აი ასე აღწერა მომენტი თავად გარიმ.

მას შემდეგ ეს ტრადიციად იქცა გარისთვის, დერბიში გამარჯვების შემდეგ ის ყოველთვის მირბოდა მოწინააღმდეგის ტრიბუნასთან. თუმცა რას იზამ "გარი ნევილი ხომ წითელია - ის ვერ იტანს სკაუზერებს".

ციტატები

უეინ რუნი: "მე "ლივერპულის" სიძულვილით გავიზარდე."

სერ ალექს ფერგიუსონი: "ჩემი მთავარი მიზანი წყეული "ლივერპულის" დამხობაა. შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."

სტივენ ჯერარდი: "შესაძლოა "ელ კლასიკო" უკეთესია, მაგრამ ჩემთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩია, რადგან პრემიერ ლიგა - მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, ხოლო ეს ორი კლუბი ყველაზე წარმატებული."

გარი ნევილი: "ადრე ვამბობდი, რომ "ლივერპული" მძულდა და მას შემდეგ მართლაც არაფერი შეცვლილა, ეს გრძნობა სიძულვილზე მეტია."

რაიან გიგზი: "ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეხვედრა ინგლისში და მთელი ევროპის მასშტაბით. ჩვენ "ლივერპულთან" მარცხი უფრო გვიმძიმს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალის დათმობა."

რიო ფერდინანდი 2006 წელს უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლის შესახებ: "ეს დიდებული დაპირისპირებაა. ისინი ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეები არიან, რადგან 80-ან წლებში წარმატებულები იყვნენ, შემდეგ "იუნაიტედი" დაეწია მათ. ამიტომ, როცა "სტრეტფორდ ენდის" წინ ასეთ დროს გავიტანე გოლი, უბრალოდ ავფეთქდი მღელვარებისგან. ასეთი ემოციები არ უნდა დაგავიწყდეს, ისინი ხომ მდიდარ ადამიანად გაქცევს."

სტივენ ჯერარდი: "ჩემს მეგობარს ბრაიან რობსონის მაისური ჰქონდა. ფეხბურთს ვთამაშობდით და ვთხოვე, თუ შეიძლებოდა რობოს მაისურის ჩაცმა. მამაჩემი გაცოფდა, როცა ეს დაინახა. არ უნდოდა იმის ხილვა, თუ როგორ უშვებდა მისი შვილი ჯერარდების გვარს კანალიზაციაში."

გარი ნევილი: "მეზიზღება "ლივერპული", მეზიზღება სკაუზერები, მეზიზღება ყველაფერი, რაც მათთან არის დაკავშირებული!"

ფაქტები

⚽ "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში "ლივერპული" 7-ჯერ დაამარცხა.

⚽ პრემიერ ლიგის ბოლო 7 მატჩია, რაც გუნდების დაპირისპირება წითელი ბარათის გარეშე სრულდება.

⚽ ნემანია ვიდიჩმა ამ დერბიში ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ მიიღო წითელი ბარათი და ნაადრევად მოუწია გასახდელში წასვლა.

⚽ ბულგარელი ფორვარდი, დიმიტარ ბერბატოვი, არის ერთადერთი მოთამაშე "ჩრდილო-დასავლური დერბის" ისტორიაში, რომელმაც მოახერხა და შეხვედრაში 3 გოლი გაუტანა მეტოქეს. ეს 2010 წლის სექტემბერში მოხდა, "ოლდ ტრაფორდზე" მასპინძლებმა 3-2 იმარჯვეს.

⚽ ყველაზე მეტჯერ მოსისხლე მტრების დამწუხრება უეინ რუნიმ და რაიან გიგზმა შეძლეს, მათ 4-4 გოლი გაუტანეს "ლივერპულს". 3 გოლი დევიდ ბექემის, დიმიტარ ბერბატოვის, დენის ირვინის, ენდი კოულის და მარკ ჰიუზის ანგარიშზეა.

⚽ მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს "ოლდ ტრაფორდი" განადგურდა, "ლივერპული" ორჯერ ეთამაშა "იუნაიტედს" "მანჩესტერ სიტის" მოედანზე.

⚽ დერბის არსებობის 125 წლის განმავლობაში ერთი გუნდიდან მეორეში პირდაპირი გზით 9 ფეხბურთელი გადადიოდა. 1912 წელს ტომ ჩორლტონი იყო პირველი, 1964 წელს კი უკანასკნელი ასეთი ფეხბურთელი ფილ ჩისნელი გახდა.

⚽ 963 მატჩიდან რაიან გიგზმა 48 შეხვედრა მერსეისაიდელებთან ჩაატარა, რაც დერბის ფერბურთელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთავარი მსაჯი

შეხვედრას მაიკლ ოლივერი განსჯის. ინგლისელმა არბიტრმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში იმსაჯა, სადაც ფეხბურთელებს 62 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა. მიმდინარე სეზონში ოლივერმა 9 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთით მეტია, ვიდრე გასული სეზონის 30 შეხვედრაში დანიშნული პენალტების რაოდენობა.
მატჩის წინ
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 19:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჰაერივით საჭიროა ამ თამაშის მოგება
3
№2
ავტორი: LASHQARA
23 თებერვალი 2019 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ფინალი პრემიერ ლიგაში, ყველა გაგებით, ჩვენი ოთხეულის პოზციასაც ამყარებს და ლივერპულის ჩემპიონობასაც, ნამდვილი ბრძოლა გაიმართება და მას მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება ეს მანჩესტერ იუნაიტედია, ოლე გუნარის თაოსნობით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ დაპირისპირებაში... love am
1
№3
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2019 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ნამდვილ ომს ველოდები ჩვენი ბიჭების მხრიდან love
0
№4
ავტორი: giorgi_mg
23 თებერვალი 2019 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი პრევიუა, აუცილებელია იცოდნენ პატარა ასაკის გულშემატკივრებმა ეს ისტორია.
1
№5
ავტორი: kobinio
23 თებერვალი 2019 21:38
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ნაბოზვარი ოლივერი.ყოველთვის მაცხარებს მაგ მეცენზურას სახელის გაგონება.სულ ცდილობს მანიუს დაჩაგრვას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top