თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2019, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1654,
კომენტარები: 1
სხვების ჩართულობა (ნაწილი II)
თავი IV
სხვების ჩართულობა (ნაწილი II)
გუნდური შრომა

გაგრძელება

გუნდის შენების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ ვეტერანები ახალგაზრდებისადმი მიმტევებლები უნდა იყვნენ. ფეხბურთი შეიძლება უხეში იყოს და მოედანზე ვერ დაიმალები. "იუნაიტედის" ახალწვეულები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მაშინვე ბრძოლაში ვგზავნიდით, უცებ ვერ ეგუებოდნენ ჩვენს სათამაშო სტილსა და 75 ათასი მაყურებლის წინაშე გამოსვლას. პატრის ევრას, "იუნაიტედის" დიდებული მარცხენა მცველის პირველი მატჩი, "მანჩესტერ სიტისთან" დერბი იყო. ეს მატჩი ისე ჩაატარა, თითქოს ტრანსში იმყოფებოდა. ჩაგდებულ შეხვედრაში 3:1 დავმარცხდით. იმავე სეზონში შევიძინეთ ნემანია ვიდიჩი "სპარტაკიდან".

ორივე მათგანს 6 თვე დასჭირდა გუნდში თავის დასამკვიდრებლად.

ყოველთვის ვთვლიდი, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეიყვანო ფეხბურთელი ძირითადში, მითუმეტეს, თუ იგი აკადემიის კურსდამთავრებული არ არის. ახალწვეულისთვის ყველაფერი ველურობას ჰგავს და არ ვგულისხმობ მანჩესტერულ ამინდს ან პირიქით მოძრაობას. ამ სიტყვებში ჩვენს სათამაშო სტილს მოვიაზრებ და ასევე გუნდის სხვა წევრების თავებში მოფუსფუსე "ტარაკანებს". ახალგაზრდებს, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედში" კაცები ხდებოდნენ, როგორც რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, დევიდ ბექჰემი, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ და ახვეული თვალებითაც კი ითამაშებდნენ.

ამ ბიჭების ურთიერთქმედება ინსტინქტურ დონეზე იყო, ერთად იზრდებოდნენ და ერთმანეთის შესანიშნავად ესმოდათ. ახალ ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ასეთი რამით ტრაბახი არ შეეძლოთ და ერთ სეზონში ძალიან ბევრ ტრანსფერს ამიტომაც არ ვაკეთებდი. ეს ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელისთვის ინგლისურის სწავლების მცდელობას ჰგავს, თანაც რამდენიმე დიალექტზე. ასე არ ხდება.

ხანდახან ფეხბურთელი ცნობილი ნომრის მიღებაზე ოცნებობს. "შვიდიანი", რომელიც "იუნაიტედის" საკულტო ნომრად იქცა, სხვადასხვა წლებში ჯორჯ ბესტს, ბრაიან რობსონსა და ერიკ კანტონას ეცვათ. სწორედ ამ ნომრის მიღების უფლებისთვის იბრძოდა დევიდ ბექჰემი, რომელიც თავიდან 24-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. იმ მომენტისთვის დევიდს მხოლოდ ორი სეზონი ჰქონდა ჩატარებული კლუბის ძირითადში და ამ მაისურის როი კინისთვის მიცემა მსურდა.

როის ეს არ აღელვებდა, ამიტომ "შვიდიანი" ბექსს მივეცით. მალე მივხვდი, როგორი მოწიწებით ეკიდებოდა ამ ნომერს ბექჰემი, "იუნაიტედის" ქომაგი. განსაკუთრებული სიამაყით იცვამდა. ჩემი ბოლო სეზონის წინ "შვიდიანი" ანტონიო ვალენსიამ მიიღო, რომელმაც მოგვიანებით ტვირთის მთელი სიმძიმე გააცნობიერა. მომდევნო სეზონშივე დაიბრუნა ძველი ნომერი.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ფეხბურთელები საკმაოდ სამართლიანები არიან იმისთვის, რომ თანაგუნდელებთან მიმართებაში თავიანთი დონე შეაფასონ. ყველაზე ხშირად ასე ხდება ასაკოვანი ფეხბურთელის შემთხვევაში. 35 წლის მოთამაშეს ესმის, რომ ისეთივე სწრაფი ვერ იქნება, როგორც 20 წლის პირველკლასელი ფეხბურთელი. ამასთან ერთად, გუნდის თითოეულ წევრს ესმოდა, რამდენად შორს იყვნენ კრიშტიანუ რონალდუსგან ან ერიკ კანტონასგან. როცა მოთამაშე ასაკში შედის, ისე ძლიერ აღარ მიილტვის ძირითადში მოხვედრისკენ.

ასევე მიხდებოდა ხასიათის შეჯახებისთვის თვალის დევნება. თუ ხალხი იმდენად ეგოისტია, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, არაფერი გამოგივა, როგორც უნდა ეცადო. როცა ვინმე ცხვირის შვერას იწყებს, მთელ გუნდს შლის. ენდი კოულსა და ტედი შერინგემს ერთმანეთი არ უყვარდათ და მოედანზე ერთად ვერ მუშაობდნენ. ერთხელ შესვენებისას ტრიბუნებს ქვედა განყოფილებაში იჩხუბეს. ჩემს კაბინეტში დავიბარე და ვუთხარი, რომ ასეთ რამეს თუ კიდევ ერთხელ ვნახავდი, გუნდს დატოვებდნენ. ყველაფერი უცებ შეიცვალა და მათ შორის პრობლემა მეტად აღარ წარმოშობილა. თუმცა არც საუკეთესო მეგობრები გამხდარან, მაგრამ პროფესიონალურმა მიდგომამ გაიმარჯვა. რამდენიმე წლის შემდეგ უთანხმოება ჩამოვარდა რონალდუსა და ვან ნისტელროის შორის. რუდი უკმაყოფილო იყო იმით, რომ კრიშტიანუსგან ცოტა პასს იღებდა და მთელი თავისი რისხვა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ამოანთხია.

როცა 1997 წელს გუნდის კაპიტნად როი კინი დავნიშნე, პეტერ შმეიხელი აღშფოთდა. შმეიხელი კინით, როგორც მოთამაშით, აღფრთოვანებული იყო და როგორც ვიცი, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. პეტერის სიამაყე შეირყა და ოფისში გაცოფებული ლომივით მომივარდა. მის ტირადას არ დავნებდი და კაბინეტი კარის მიჯახუნებით დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კიდევ ერთხელ, პირად საუბარში დავაზუსტე გუნდისთვის შმეიხელის მნიშვნელობა. ნათელია, რომ საუკეთესო გზა არ ამირჩევია როი კინისთვის კაპიტნის როლის მოსარგებად.

გუნდური შრომა მატჩების შემდეგ არ სრულდება, ის მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. როცა კლუბში რენე მელენსტენი დავაბრუნე, მას შემდეგ, რაც ძალიან წარუმატებლად და ხანმოკლედ იმუშავა "ბრონდბიუს" მწვრთნელად, ჩემს სამწვრთნელო შტაბს სულაც არ გახარებია. რენე არ ერიდება სხვების შეცდომებზე მითითებას, ამიტომ არავინ ამხტარა სიხარულისგან მისი დაბრუნებისას. რენე დავაბრუნეთ იმიტომ, რომ შესანიშნავად შეუძლია გუნდის განვითარება და კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოსვლა.

სხვების ჩართულობა (ნაწილი II)

რენე მელენსტენი სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად

ყველანაირ ჩასაჭიდს ვიყენებდი, რათა ფეხბურთელებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მეჩვენებინა გუნდური შრომის უპირატესობა. კარინგტონის სავარჯიშო მოედანზე ჩემს კაბინეტში 1930 წელს გადაღებული შავ-თეთრი ფოტო ეკიდა. მასზე ასახული იყო 11 ნიუ-იორკელი მუშა, რომლებიც მიწიდან 100 მეტრის სიმაღლეზე რკინის ხარაჩოზე სადილობდნენ. ამ ფოტოს შემხედვარეს თმა ყალყზე მიდგება. ის მშენებლები მშვიდად ისხდნენ თავიანთი კეპებით, ვიღაც სიგარეტსაც კი ეწეოდა.

ფეხბურთელებს ვეუბნებოდი, რომ თუ ვინმე საფრთხეში იქნებოდა, ამხანაგები დაეხმარებოდნენ. აი ასეთი იყო ჩემი სიტყვები: "ნამდვილი გუნდური სული - ეს არის სხვისთვის შენი სიცოცხლის ნდობისთვის მზადყოფნა. ვერავინ აღწევს წარმატებას თანაგუნდელების გარეშე". რა თქმა უნდა, ზოგიერთს საერთოდ არ ესმოდა ჩემი სიტყვების არსი. ერთხელ მოთამაშეს ვკითხე: "ამ ფოტოზე რას იტყვი?" მან კი მიპასუხა: "ყველას კეპი ახურავს".

ვცდილობდით ყველას დასცემოდა მზის სხივი. პრესა ყურადღებას ყოველთვის თავდამსხმელებზე ამახვილებს, მაგრამ შეიძლება იმდენსაც მიაღწიო, რომ სხვებსაც მიაქციონ ყურადღება. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციებზე სხვადასხვა ფეხბურთელები მიმყავდა. შესაძლებელი იყო ვიღაცის უნარების ან მიღწევების გამოყოფა მატჩის პროგრამაში, ვებ-გვერდზე ან MUTV-ზე.

თითქმის ყველას სურდა საქვეყნოდ გამოსვლა, მაგრამ იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, როგორც სქოულზი, რომლებიც კამერებს ერიდებოდნენ. ასევე ხშირად უარს ამბობდნენ უცხოელები, რომლებიც თავიანთი ინგლისურის ცოდნაში დარწმუნებულნი არ იყვნენ. ესპანეთში ან პორტუგალიაში ჩასატარებელი მატჩის წინ, რა თქმა უნდა, პორტუგალიურად ან ესპანურად მოსაუბრე ფეხბურთელს ვამზადებდით გამოსასვლელად. მსგავსი პრაქტიკა ძალიან სასარგებლო იყო, რადგან "იუნაიტედის" გავლენის სფეროს მთელ მსოფლიოში ავრცელებდა.

გუნდური შრომის შესწავლისას ერთ უცნაურ მოვლენას წავაწყდი, რომელიც ნეპოტიზმს ეხება. სულერთია, საოჯახო კამპანიას მართავთ თუ მრავალ აქციონერთა კამპანიას, ლიდერები ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებენ ნათესავებისა და ახლობლების შრომას. ზოგიერთი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თუ ორგანიზაციაში ახლო ნათესავს მოიყვანს, ამას არასწორად მიიღებენ, გუნდის შენებას ავნებს და ქაოსს გამოიწვევს. ხალხი ჩათვლის, რომ გვარს ან წარმოშობას უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე შესაძლებლობებს. ამ მენეჯერებს მყარი პრინციპი აქვთ: არ დაიქირავო მეგობრები ან ნათესავები, მაშინაც კი, თუ კარგი მუშები არიან. არსებობს საპირისპირო კატეგორიაც - თავიანთი შვილების ან ძმისშვილების სხვადასხვა ცდომილებებზე თვალს ხუჭავენ.

სხვების ჩართულობა (ნაწილი II)

დარენ ფერგიუსონი, "პიტერბორო იუნაიტედის" მწვრთნელი, პირველი ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელის პრიზით ხელში

ამ პრობლემას მეც წავაწყდი, როცა ჩემი ტყუპი შვილებიდან ერთ-ერთს, დარენს პროფესიონალურ დონეზე თამაში სურდა. "იუნაიტედში" მის შეძენაზე არც კი მიფიქრია, რადგან ეს ორივე ჩვენგანისთვის ძალიან უხერხული სიტუაცია იქნებოდა. თუმცა, როცა კეტი (ფერგიუსონის ცოლი) და მე "ნოტინგემში" ბრაიან კლაფთან მივედით, სადაც ყველა მზად იყო დარენის შესაძენად, ჩემი დამხმარე, არჩი ნოქსი მარწმუნებდა, რომ არ შეიძლებოდა შვილის შორს გაშვება. არჩი მეუბნებოდა, რომ უხერხულობა შეიქმნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ დარენი ძირითადში მოხვდებოდა. კეტისთან ერთად განვიხილე საკითხი და მირჩია, არჩევანი შვილისთვის მიგვენდო. დარენთან მისვლისას კითხვა პირისპირ დავსვი და მითხრა, რომ თავისი მოხუცისთვის თამაში სურდა.

საბოლოოდ, დარენს 1990 წელს პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი და 1993 წელს 16 მატჩი ჩაატარა. იმ სეზონში პირველი ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ძალიან არ გაუმართლა, რადგან შოტლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას ტრავმა მიიღო და ორი თვე გამოტოვა. იმ დროს, როცა დაბრუნდა, პოლ ინსსა და ბრაიან რობსონს უკვე მოშუშებული ჰქონდათ ტრავმა. მომდევნო ზაფხულს ნამდვილი მენეჯერივით მოვიქეცი: 21 წლის როი კინი შევიძინე მოედნის შუა ხაზის გასაძლიერებლად. დარენისთვის ეს ტრაგედია იყო - ძირითადში ადგილი დაკარგა და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა, რადგან რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება სურდა.

"ვულვერჰემპტონში" გადასვლაში დავეხმარე, მაგრამ საბრალოს, ოთხ თვეში ოთხჯერ შეეცვალა მწვრთნელი. როცა ძირითადი გუნდის გასახდელში იმყოფებოდა, ორივეს გვიჭირდა. დარენის საპატივცემულოდ უნდა ითქვას, ხვდებოდა, რომ "იუნაიტედში" მწვრთნელი ვიყავი და არა მამამისი. ამას მაშინ მივხვდი, როცა მისგან ზოგიერთი ფეხბურთელის ცხოვრების სტილისა და ჩვევების შესახებ ინფორმაციის მიღებას ვეცადე. დარენი თავის ამხანაგებს არასდროს ამხელდა და ყველაფერს მალავდა. კეტიმ ვერაფრით მაპატია ჩვენი შვილის გადასვლა "მგლების" რიგებში. ხანდახან მეუბნებოდა: "საკუთარი შვილი გაყიდე".

კაპიტნები

რამდენად მუხლჩაუხრელადაც უნდა მემუშავა ჩემს ლიდერულ უნარებზე, რამდენადაც უნდა მეცადა "იუნაიტედის" წარმატების ყოველ ასპექტზე გავლენა მომეხდინა, სასტარტო სასტვენის შემდეგ მოედანზე ჩემს კონტროლს აღარაფერი ექვემდებარებოდა. მოედანზე 11 ადამიანის გუნდურ თამაშზე კაპიტანი აგებს პასუხს. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს ფორმალური თანამდებობაა, მაგრამ ისინი ცდებიან. დიახ, ამ როლში სიმბოლიზმის რაღაც ნიშნები არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ კაპიტანი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის პირველი წევს თასს.

მაგრამ მე ვეძებდი ლიდერს და არა ადამიანს, რომელიც ტორტზე სანთელი იქნებოდა. ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო. საფეხბურთო მწვრთნელისთვის გუნდის კაპიტანი არის განყოფილების ხელმძღვანელის ან კომპანიის რეგიონული მენეჯერის ტოლფასი. ის ყურადღებას აქცევს იმას, რომ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს.

რადგან თავად ძლიერი პიროვნება ვიყავი, ხალხში იმავე ხასიათს ვეძებდი, რათა ჩემი იდეები სხვებისთვის გადაეცათ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სასკოლო გუნდში თამაშის დროსაც კი, ყოველთვის ვეკამათებოდი სხვა ფეხბურთელებს. მამაჩემი ამას ჩუმად უყურებდა, მაგრამ ერთხელ სხვა ბიჭის მამა მივიდა მამაჩემთან და უთხრა: "გთხოვ, შენს შვილს დაელაპარაკე. ჩემს ბიჭუნას აწვალებს".

თითოეულ ლიდერს მართვის საკუთარი მანერა და ხასიათი აქვს. ვფიქრობ, ეს ასეა როგორც გენერალური დირექტორებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და კაპიტნების შემთხვევაში. ასე იყო "იუნაიტედშიც" - თითოეული კაპიტანი ყველაფერს თავისებურად აკეთებდა. როცა კაპიტანს ვირჩევდი, მათში ოთხ მნიშვნელოვან ხასიათს ვეძებდი. პირველი - სხვების წინამძღოლობის სურვილი. ზოგიერთი ლიდერობის სურვილით სულაც არ იწვოდა, თუმცა გუნდში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ.

პოლ სქოულზი - იდეალური მაგალითია. დიდებული ფეხბურთელი იყო, რომელიც "იუნაიტედის" სულისკვეთებას ქმნიდა. სქოულზს თავისუფლად შეეძლო წარმატებული კაპიტანი ყოფილიყო, მაგრამ ამისკენ არასდროს ისწრაფოდა. სიტყვაძუნწი იყო, ემოციებს საჯაროდ არ ამჟღავნებდა და ცდილობდა, ყველას ყურადღება არ მიეპყრო. მაგრამ არ მოტყუვდეთ: როცა პოლი ვინმეს "ამათრახებდა", ძლიერ სულიერ განცდებში იყო.

სხვების ჩართულობა (ნაწილი II)


მეორე მომენტი ის იყო, რომ მოთaმაშის ნდობა უნდა მქონოდა, ხოლო მესამე - ის უნდა ყოფილიყო ფეხბურთელი, რომელსაც სხვა მოთამაშეები პატივს სცემდნენ. ყოველი შემოქმედი ადამიანი როდია ლიდერობისთვის დაბადებული. მათ შეუძლიათ ორგანიზაციის საქმიანობაში დაუჯერებელი წვლილი შეიტანონ, მაგრამ სხვების მართვა არ იცოდნენ. ჩემი შვილი მარკი, რომელიც საინვესტიციო სფეროში მუშაობს, ამბობს, რომ მათთან ყველაფერი სწორედ ასეა - ვიღაცამ ფულის ჩადება იცის, მაგრამ საინვესტიციო ფონდს ვერ მართავს, რადგან ლიდერობისთვის საჭირო უნარები არ აქვს. მე მინდოდა მყოლოდა კაპიტანი, რომელიც ნებისმიერი სახის მოქმედებისთვის იქნებოდა მზად.

ვერცერთი გენერალი მოიგებს ომს, თუ მის განკარგულებაში არ არიან მაიორები და პოლკოვნიკები, რომლებიც ბრძოლის ცუდად წარმართვის შემთხვევაში ჯარისკაცებს შიშის დაძლევაში დაეხმარებიან, მათ მობილიზებას მოახდენენ და კვლავ ბრძოლაში დააბრუნებენ. ეს ეხებოდა ჩვენს კლუბსაც, თუმცა ჩვენ ვიბრძოდით არა ვატერლოოში, არამედ "ენფილდზე", "კამპ ნოუსა" და "დელე ალპიზე" ("იუვენტუსის" ყოფილი სტადიონი).

სხვა გუნდების რამდენიმე კაპიტნით ვიყავი აღფრთოვანებული, თუმცა მათ ისე კარგად არ ვიცნობდი, როგორც ჩემებს. ალან შირერი "ნიუკასლიდან", ჯონ ტერი "ჩელსიდან" და ტონი ადამსი "არსენალიდან" იყვნენ ისინი, ვინც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. დაუჯერებლად მიზანდასახული და ძლიერი პიროვნებები იყვნენ და შედეგად, მათი გუნდიც უკეთესად გამოიყურებოდა. იოჰან კროიფი, ალბათ, ყველაზე გავლენიანი კაპიტანი იყო ჩემი კარიერის განმავლობაში. "აიაქსისა" და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელები, შესაძლოა, მას უფრო მეტად უსმენდნენ, ვიდრე მწვრთნელს. კროიფს სხვანაირად არ შეეძლო - ყველას მითითებებს აძლევდა და ყველაფერს აკონტროლებდა.

როცა "აბერდინში" მივედი, კაპიტნის არჩევაზე ნერვიულობა არ მიხდებოდა. უილი მილერი გუნდის ლიდერი იყო როგორც ჩემი მისვლისას, ისე წასვლის შემდეგ. ეს ფაქტი მის შესაძლებლობებსა და ფიზიკურ მომზადებას უსვამდა ხაზს. როცა "იუნაიტედში" გადავედი, გუნდის კაპიტანი რობსონი იყო და ვერცერთი ფეხბურთელი შეედრებოდა მას სიმტკიცეში, სიმკაცრესა და თამაშის წაკითხვის უნარში. შესანიშნავი კაპიტანი იყო და ჩემს მოთხოვნებს შეესაბამებოდა. ჩემი ნებართვით ჩვენს ტაქტიკაში ცვლილებების შეტანა შეეძლო, ასევე ყოველთვის გამოთქვამდა საკუთარ აზრს რომელიმე სათამაშო მომენტის შესახებ. ამას ძალიან ვაფასებდი. რობსონი ჩვენი კაპიტანი იყო, სანამ ტრავმებმა არ დატანჯეს და 1991 წლის სეზონის დიდ ნაწილში გუნდის ლიდერი სტივ ბრიუსი გახდა. ბრიუსი მედგარი და ვაჟკაცი იყო, ყოველთვის სახიფათო სიტუაციის შუაგულში იმყოფებოდა.

სხვების ჩართულობა (ნაწილი II)

უილი მილერი


იგი არა მარტო ბორგავდა, არამედ სხვებზეც ზრუნავდა და შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ორივე, ბრიუსიც და რობოც ფასდაუდებელი ლიდერები იყვნენ, განსაკუთრებით თუ საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მათი მშობლების დახმარებას ეხებოდა, თუკი ბედს "იუნაიტედს" დაუკავშირებდნენ. როცა ბრიუსს მუხლებმა თავი შეახსენეს, კაპიტანი ჩვენი თილისმა ერიკ კანტონა გახდა, შემდეგ კი, ეს ადგილი როი კინს ერგო. ერიკი და როი სრული ანტონიმები იყვნენ - დაუჯერებელი ეფექტი. კანტონას სიტყვების შემდეგ, იმის შესახებ, რომ "ბექჰემმა დაუჯერებელი რამ ჩაიდინა და ჩემს სიცოცხლეში საუკეთესო გოლი გაიტანა" (საუბარია 1996/97 წლების სეზონში "უიმბლდონის" კარში გატანილ გოლზე), ბექჰემი მეცხრე ცაზე იზო. როი, პირიქით, თანაგუნდელებს აშინებდა, მაგრამ მატჩის დროს მთელ გუნდს წინ უძღვოდა.

როცა როი კინმა ტრავმა მიიღო, კაპიტანი პეტერ შმეიხელი გახდა და გუნდის ლიდერი იყო იმ დღეს, როცა "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავამარცხეთ. როი იმ დღეს მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მეკარის კაპიტნობის მრავალი მაგალითი არსებობს კასილიასის, ბუფონისა და ძოფის სახით, სამკლაურს ჩვეულებრივ არ აძლევენ კაცს, რომელიც კარში დგას. უფრო ხშირად ეძლევა მას, ვინც მოვლენათა ეპიცენტრშია. ამგვარად, იმისთვის, რომ კაპიტანი გახდეს, მეკარე რამდენიმეჯერ თავის თავზე მაღლა უნდა ახტეს და პეტერი ამას აკეთებდა. ის არა მარტო ხაზს უსვამდა თავის ფიზიკურ მდებარეობას საჯარიმოში, არამედ მოედანზე განლაგებულ თითოეულ თანაგუნდელს თავდაჯერებულობას, ენერგიასა და განწყობას გადასცემდა.

მატჩებს შორის შესვენებაზე კაპიტნებს ყოველთვის ვეკითხებოდი აზრს მატჩის შესახებ, მაგრამ ყველას ესმოდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზე იყო. ასევე მინდოდა მათი სიტყვები მომესმინა თანაგუნდელების შესახებ, მაგრამ ჩვენი ლიდერები ყოველთვის დისტანციას იჭერდნენ და თავიანთი შეგირდების გამო ცრემლებად არ იფრქვეოდნენ. ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ამ ზღვარის შესახებ ჯერ კიდევ იმ დროიდან მახსოვდა, როცა ფეხბურთელი ვიყავი და ძალიან ვაფასებდი. ასევე ძალიან ხშირად ვეკითხებოდი რჩევას ვეტერანებსა და კაპიტნებს მოწინააღმდეგე გუნდის დამარცხების საშუალების შესახებ. 1996 წელს, "ლივერპულთან" ინგლისის თასის ფინალის წინ, შმეიხელი, კანტონა და მე ერთად ვფიქრობდით, თუ როგორ გამოგვეთიშა თამაშიდან სტივ მაკმანამანი.

ერიკ კანტონამ ჩვენი დაცვის ოთხეულის წინ როი კინის დაყენება შემომთავაზა. ეს დაგვეხმარებოდა მაკმანამანის შეჩერებაში, რომელიც "ლივერპულის" ფორვარდების ზურგს უკან დარბოდა და ნებისმიერ მომენტში მოგაყენებდა მოულოდნელ დარტყმას. ამ შორსმჭვრეტელურ რჩევას მივყევით და მაკმანამანი ჩვენი მცველების ხელში აღმოჩნდა. საბოლოოდ, მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, ერთადერთი გოლი კი თავად ერიკმა გაიტანა. კანტონას რჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

არ მაღელვებდა, რომ ეს მოიფიქრა ერიკმა და არა მე ან სამწვრთნელო შტაბის რომელიმე წევრმა. მან უბრალოდ საუკეთესო გამოსავალი შემოგვთავაზა. მედლებს არ დავეძებდი, პირად დიდებას არ ველტვოდი და არც საქვეყნო აღიარებას ვესწრაფოდი. უბრალოდ მინდოდა, გუნდს გაემარჯვა.

"იუნაიტედში" ჩემი მუშაობის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაფერი ცოტათი შეიცვალა. თვით თამაში შეიცვალა. გაიზარდა ოფიციალური მატჩების რიცხვი და ასევე დასაშვები შეცვლების რაოდენობა. 1995/96 წლების სეზონის დასაწყისიდან, გუნდს ნება დართეს მატჩში სამი ცვლილება გაეკეთებინა. კაპიტანს ფიზიკურად არ შეეძლო ყოველ მატჩში თამაში - ამგვარად, სამკლაური ერთიდან მეორეს გადაეცემოდა. ამის გამო, სხვადასხვა დროს სამკლაურს გიგზი, ფერდინანდი, ევრა და ვიდიჩი ირგებდნენ. ჩემი კარიერის მიწურულს, როცა ვიდა ძლიერ შეაწუხა ტრავმებდა, კაპიტნები მონაცვლეობით იყვნენ ის და ევრა.

რთულია ორი ადამიანის პოვნა, რომლებიც ასე ძლიერ განსხვავდებიან ხასიათით. ვიდა - ჯმუხი და უკომპრომისო, ხოლო პატრისი ენთუზიაზმით სავსე. ერთხელ ევრა ჩემთან მოვიდა და მკითხა, ხომ არ გადააჭარბა გასახდელში თავისი ტირადით. დავამშვიდე და ვუთხარი, რომ მოთამაშეებისთვის ყვირილის ვალდებულებისგან გამანთავისფულა. ევრას ინსტინქტური რეაქცია დიდებული იყო - ის აჩვენებდა, რამდენად ღელავდა გუნდის თამაშზე. ვფიქრობ, ეს მის თანაგუნდელებს უკეთესად თამაშში ეხმარებოდა. პეტი ლიდერობისთვის იყო დაბადებული.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
1 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
15 მარტი 2019 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მაგრად მიყვარს მსგავსი სტატიები, მითუმეტეს ფერგიზე თუა <3
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top