თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2019, 14:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1873,
კომენტარები: 5
სხვების ჩართულობა (ნაწილი I)
თავი IV
სხვების ჩართულობა (ნაწილი I)
გუნდური შრომა

ბალანსი ნებისმიერი გუნდის წარმატების საწინდარია. შეუძლებელია ფეხბურთში გაიმარჯვო, თუ 11 მეკარით ან ერთნაირი უნარების მქონე ფეხბურთელებით თამაშობ. ვფიქრობ, ასევეა სხვა ორგანიზაციების შემთხვევაშიც.

ბევრს ვფიქრობდით ჩვენი გუნდის საშუალო ასაკზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით იმას, თუ რამდენი მოთამაშე იყო 30 წელს გადაცილებული და რამდენი - 23 წლიდან 30 წლამდე. ასევე ვითვლიდი ახალგაზრდა ფეხბურთელების რიცხვს. არასდროს მინდოდა ძალიან ბევრი ვეტერანით დაკომპლექტებული გუნდი მყოლოდა, სადაც ფეხბურთელები მუდმივ რეგრესს განიცდიდნენ, ან ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად დიდი ხანი სჭირდებოდათ, მაგრამ ასევე არ მინდოდა ძალიან ახალგაზრდული და ამის ხარჯზე იმპულსური და გამოუცდელი გუნდი.

მრავალ მასალას გავეცანი, რომელიც პენსიაში ჩემი გასვლის პერიოდში "იუნაიტედის" შემადგენლობის მდგომარეობის შესახებ იყო დაწერილი. იფიქრებდი, რომ წასვლის შემდეგ 11 გვამი დავტოვე დასაკრძალი ბიუროს კიბეზე. სასაცილოა. 2012/2013 წლების სეზონის სტარტზე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ფეხბურთიდან წავიდოდი, ამიტომ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ გუნდი სამომავლო გამოწვევისთვის მზად იყო. იმ სეზონის ბოლოს გუნდის საშუალო ასაკი 26-ზე ოდნავ ნაკლები იყო - იგივე მაჩვენებელი გვქონდა წინა 25 წლის განმავლობაშიც.

კიდევ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ 30 წელს გადაცილებული ბევრი ფეხბურთელი გვყავდა. ეს სიმართლეა, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ თანამედროვე ეპოქაში ფეხბურთელები, რომლებიც თავს უვლიან, თამაშის მაღალ დონეს 35 ან 36 წლამდე ინარჩუნებენ. 25 წლის წინ ყველაფერი ასე როდი იყო: ვერ ვიყენებდით სპორტული მეცნიერების უპირატესობებს, დიეტოლოგებს, არც თანამედროვე სავარჯიშო რეჟიმი იყო შემუშავებული, ხოლო სტადიონები თანამედრივე სტანდარტებს ჩამორჩებოდა.

"იუვენტუსმა" 2014 წელს 33 წლის პატრის ევრას ორწლიანი კონტრაქტი მხოლოდ თავისი უჭკუობის გამო არ გაუფორმა. პატრის ევრა იმ "იუვენტუსის" ნაწილი იყო, რომელიც მადრიდის "რეალის" დამარცხების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა გასულ წელს, "ბებერი ქალბატონის" სასტარტო შემადგენლობაში კი მის გარდა ექვსი ფეხბურთელი იყო, რომელიც 30 წელს გადასცილებოდა. "ჩელსიმ" 36 წლის დიდიე დროგბა 2014 წლის ზაფხულში შეიძინა. სეზონში, რომელმაც "ლურჯებს" პრემიერ ლიგის ტიტული და ლიგის თასი მოუტანა, დროგბამ 40 მატჩი ჩაატარა.

როცა "იუნაიტედში" გადავედი, გუნდის საშუალო ასაკი საკმაოდ მაღალი იყო და ეს არ მომწონდა. მინდოდა, გამერკვია, შევძლებდი თუ არა უფრო მყარი გუნდის შექმნას და ჩვენი ორგანიზაციის ყოველი დეტალის გამოკვლევა დავიწყე: წინასასეზონო მზადება, ვარჯიშები, ის, თუ როგორ ვიწყებდით სეზონს და რა იყო კონკრეტულ მატჩებში წარუმატებლობის მიზეზი. 1988 წლიდან 1991 წლამდე პერიოდში მივედი დასკვნამდე, რომ დრო ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდა და ჩვენი მმართველობის ხელმძღვანელ მარტინ ედვარდსს შევთავაზე ბაზრობა მოეწყო და რამდენიმე ფეხბურთელი ნებისმიერ ფასად მოეშორებინა თავიდან.

ახლა ეს პროცესი გაცილებით სწრაფად ჩაივლიდა, მაგრამ მაშინ, ოთხმოციანებში, პრემიერ ლიგისა და მისი კონტრაქტების გამოჩენამდე, თავს უფლებას ვერ მივცემდით ბევრი დაგვეხარჯა. ასევე ვიმედოვნებდი, რომ თანდათან გამოცდილ ნაკრებს შევქმნიდი, ახალ მუხტს შევძენდი და მათი თამაშის დონეს ავამაღლებდი. მინდოდა იმდენი ადგილი გამეთავისუფლებინა, რამდენიც შესაძლებელი იყო ახალგაზრდებისთვის. გავყიდეთ იესპერ ოლსენი (27 წელი) 400 ათას ფუნტად, გორდონ სტრაკანი (32) 300 ათას ფუნტად, პოლ მაკგრატი (29) 450 ათას ფუნტად, კრის ტერნერი (30) 175 ათას ფუნტად და ნორმან უაითსაიდი (24) 600 ათასად. ვადაამოწურული კონტრაქტების გამო კლუბი დატოვეს კევინ მორანმა (32) და ფრენკ სტეპლტონმა (31).

ამ გაყიდვებმა დისბალანსის გამოსწორების საშუალება მომცა. მათ ნაცვლად კონტრაქტი გავუფორმეთ გარი პალისტერს (24), ნილ უებს (26), მაიკ ფელანსა (26) და დენი უოლესს (25). უბრალოდ უნდა გვეღიარებინა, რომ შემადგენლობა საკმაოდ კარგი არ იყო და შემდეგ ამ პრობლემაზე გვემუშავა. ეს, თავის მხრივ, სამომავლო წარმატებას მოემსახურებოდა. მტკიცე არ ვიყავი, სინამდვილისთვის თვალის გასწორება მაშინებდა და უცებ ვერ შევძელი ამ ფეხბურთელების გაყიდვა. მას შემდეგ, რაც საქმე გაკეთდა, თავი ისე ვიგრძენი, თითქოს განბანის რიტუალი გავიარე. მხრებიდან ლოდი მომეხსნა. არ ვიცი, რატომ დამჭირდა ამაზე ამდენი დრო.

სხვების ჩართულობა (ნაწილი I)

მაიკ ფელანი "იუნაიტედის" მაისურით


შეუძლებელია მთელი ორგანიზაციის დაუყოვნებლივი ბალანსირება. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. მუდმივად მთელი მექანიზმის გარდაქმნას ვახდენდი - თუმცა ხანდახან უბრალოდ ჭანჭიკები უნდა დაგეზეთა. დროსთან ერთად უნდა შევცვლილიყავით და ასეც ვიქცეოდით, ყოველ 4 წელიწადში ვცვლიდით გუნდს. 90 წელში "იუნაიტედი" ტიპიური ინგლისური სტილის ფეხბურთს თამაშობდა, აქცენტი ფიზიკურ ძალაზე კეთდებოდა. ახალი საუკუნის დამდეგს გუნდმა უფრო დახვეწილი ფეხბურთის თამაში დაიწყო, ათწლეულის შემდეგ კი - მოდის კარნახი. რონალდუს, ნანისა და ევრას ტიპის ფეხბურთელები 80-ანი წლების მიწურულს "თეთრი ყვავები" იქნებოდნენ.

ყოველთვის, როცა ცნობილ ფეხბურთელს ვყიდდით, რომელთა საუკეთესო წლები უკვე წარსულს ჩაბარებოდა ან ძირითადში ადგილს კარგავდა, დიდი აჟიოტაჟი ტყდებოდა. არ მიყვარდა ამის კეთება, მაგრამ აუცილებელი იყო, ასეთია ცხოვრება. როცა პოლ ინსი 1995 წელს მილანის "ინტერს" მივყიდეთ, რამდენიმე შეურაცხმყოფელი წერილი მივიღე. გულშემატკივარმა ვერ შეაფასა ის ფაქტი, რომ ნიკი ბატი, პოლ სქოულზი და დევიდ ბექჰემი დიდი ზეწოლისგან გავათავისუფლე. ბენ თორნლისაც ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილიყო, როცა ახალგაზრდა იყო, მაგრამ საშინელი ტრავმა მიიღო რეზერვისტების მატჩში.

არ მინდოდა ასეთი ფეხბურთელების წასვლა მენახა და თავის დროზე უამრავი თხოვნა მივიღეთ ბატის შეძენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მსგავსი რამ მოხდა, როცა იაპ სტამის გაყიდვა გადავწყვიტე 2001 წელს, 29 წლის იყო, "ლაციომ" კი 15 მილიონი ფუნტი შემოგვთავაზა.

ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი შეთანხმება იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ მომენტში ლორან ბლანი უფასოდ გავიფორმე. თავს საშინლად ვგრძნობდი, როცა სტამს ეს ვაცნობე სახეზე სიცარიელე აღებეჭდა. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა იმან, რომ ეს ინფორმაცია იაპმა ბენზინგასამართ სადგურზე მოისმინა. მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად ჰოლანდიელის წარმატებული გამოსვლებისა მომდევნო წლებში.

გუნდის ყოველი წევრი უნდა ხვდებოდეს, რომ ფაზლის ნაწილია. თუკი ერთ ნაწილს მოაცილებ, სურათი არასრული იქნება. მოთამაშეებმა თანაგუნდელების ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა იცოდნენ. მატჩს 8 ადამიანი იგებს და არა 11. ყველას აქვს წარუმატებელი მატჩი და შეუძლებელია ყველა აიძულო მაშინვე იდეალურად ითამაშონ.

სხვადასხვა გუნდების სათავეში ჩატარებული 2131 მატჩიდან მხოლოდ 20 მახსენდება, რომელშიც ყველამ შესანიშნავად ითამაშა. მაშინვე მახსენდება ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში "უიმბლდონის" წინააღმდეგ მატჩი, რომელიც 1994 წელს გაიმართა. იმ დროს "უიმბლდონი" პრემიერ ლიგაში თამაშობდა, მათ შემადგენლობაში დიდი, ძლიერი ფეხბურთელები გამოდიოდნენ, რომლებიც ნებისმიერს შეაშინებდნენ. ჩვენ, ვგონებ, არასდროს დაგვიკარგავს ბურთი და ერთი გოლი შესანიშნავი კომბინაციის შედეგად გავიტანეთ. ეს ერთ-ერთი იმ მატჩთაგანი იყო, რომელშიც ჩვენი გამოსვლა უნაკლო გამოდგა. ის მატჩი, შესაძლოა, გულშემატკივარს არც კი ახსოვს, მაგრამ ყველას ემახსოვრება "რომას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 7:1 გამარჯვება 2007 წელს. "იუნაიტედმა" მაშინ იდეალური გუნდური ეთიკა და ურთიერთგაგება გამოავლინა.


სხვების ჩართულობა (ნაწილი I)

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის მე-5 რაუნდში "უიმბლდონს" 0:3 ამარცხებს


რეალობა ასეთია - ძალიან ცოტა სტაბილური ფეხბურთელი არსებობს. თავდამსხმელმა, რომელიც რამდენიმე გოლს იტანს ერთ თამაშში, თავისუფლად შეიძლება მომდევნო მატჩში სტადიონი უგოლოდ დატოვოს. მცველმა, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა ერთ მატჩში, მომდევნოში შეიძლება წითელი ბარათი მიიღოს. სეზონში ჩასატარები უამრავი მატჩის გამო სტაბილურობისაკენ სწრაფვა თანდათან იკლებს. ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში გუნდები უამრავ წინასასეზონო მატჩს ატარებენ და შიდა და ევროარენაზე ჩასატარებ მატჩებზე დამოკიდებულებით მათ 55-დან 65 მატჩამდე უწევთ 9 თვეში. ეს იგივეა, რაც ყოველ 4-5 დღეში თამაში. "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის გუნდებში ამ ყველაფერს ემატება სანაკრებო მატჩები - სეზონში დაახლოებით 10 თამაში.

დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად კარგად არის ფეხბურთელი ნავარჯიშევი და რამდენად კარგად მოვლილი, რთულია ყველას ყოლა ფორმის პიკში. ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ პირველ 2-3 სეზონში ზედმეტად ხშირად არ ვათამაშებდი. ყოველთვის ბრძოლაში შედიოდნენ, მაგრამ იმ ეტაპზე ისინი ჯერ მხოლოდ იზრდებოდნენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. არ მინდოდა, რომ ახალგაზრდებს ძირითადში მოხვედრა თავისთავად მოვლენად აღექვათ. "მშივრები" უნდა დამეტოვებინა.

პოლ სქოულზმა, ნაწილობრივ ტრავმების გამო პრემიერ ლიგაში პირველ 3 სეზონში მხოლოდ 38 მატჩი ჩაატარა. მეორე მხრივ, არ ღირს მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე დაყრდნობა, რომელთა კარიერა დაღმასვლას განიცდის, რადგან ძალიან ბევრ დროს ანდომებენ ტრავმის მოშუშებას და ყოველთვის ტრავმის ხელახლა აღმოცენების საფრთხეში არიან. "იუნაიტედში" ჩემი მუშაობის პერიოდში გვყავდა ფეხბურთელები, რომელთაც სეზონში უამრავი მატჩის ჩატარება შეეძლოთ. თავიანთი კარიერის პიკზე ამ სიაში შედიოდნენ სტივ ბრიუსი, დენის ირვინი, ბრაიან მაკკლერი, მარკ ჰიუზი, გარი პალისტერი, დუაით იორკი, ერიკ კანტონა, დევიდ ბექჰემი, ფილ ნევილი და პატრის ევრა.

გუნდზე მუშაობისა და შენების პროცესი ერთი წამითაც არ წყდება. ბრძოლა გიხდება არა მარტო ტრავმებისა და გადაღლილობის წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან გრძელი სეზონის მსვლელობისას იჩენენ თავს, არამედ დროის წინააღმდეგაც. ყოველთვის არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც პირველი გუნდის კარს უკაკუნებენ და პირიქით, არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც კლუბის ფუძეა რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ "ვადა გასდით". ეს ნიშნავს, რომ მაღალი დონის გუნდები მუდმივი ევოლუციის პროცესში არიან.

ყოველთვის ვეძებდი ახალ ფეხბურთელებს ძირითადი გუნდისთვის - იქნებოდნენ ეს გუნდის აღზრდილნი (ჩემი საყვარელი ვარიანტი) თუ სხვები. როცა უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს ვხვდებოდით, მას მაშინვე "იუნაიტედის" მოთამაშეს ვადარებდით, რომლის პოზიციაზეც შეეძლო ეთამაშა. ეს ეხებოდა, როგორც სერიოზულ მცველს, ისე ცენტრფორვარდს. იმისათვის, რომ საკუთარ თავთან სამართლიანი ვყოფილიყავი, ყოველთვის ვფიქრობდი, მოხვდებოდა თუ არა ესა თუ ის ფეხბურთელი "რეალის", "მილანის" ან ჩემპიონთა ლიგის რომელიმე სხვა გამარჯვებული გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ამგვარად ადვილად ვიგებდი, ვინ იყო სუსტი რგოლი.

შემადგენლობის შერჩევისას ყოველთვის ვცდილობდი დაახლოებით 6 უნივერსალი ფეხბურთელი მეპოვნა, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე პოზიციას დაიკავებდნენ. ეს საშუალებას გაძლევს მატჩის მიმდინარეობისას დიდებული ტაქტიკური სირბილე გამოავლინო და ნაკლებად ინერვიულო სეზონის განმავლობაში ტრავმებზე. რაიან გიგზი, ფილ ნევილი, პოლ სქოულზი და ჯონ ო'ში ასეთი მოთამაშეების ნათელი მაგალითები არიან. მათ სრულიად სხვადასხვაგვარად შეეძლოთ 4 ან 5 პოზიციაზე თამაში. სხვა უნარი, რომელსაც ვაფასებდი, მუდმივობა იყო. მჭირდებოდა ფეხბურთელები, რომელთაც ყველა მატჩის ჩატარება შეეძლოთ. არავის ენდომებოდა ისეთი ორგანიზაციის მართვა, რომელშიც საუკეთესო თანამშრომელი კვირაში მხოლოდ სამ დღეს გამოჩნდებოდა.

იგივე ეხება საფეხბურთო გუნდებსაც და სწორედ ამიტომ ვუფრთხილდებოდი ბრაიან მაკკლერისა და დენის ირვინის ტიპის ფეხბურთელებს, რომლებმაც "იუნაიტედის" შემადგენლობაში ჯამში დაახლოებით 1000 მატჩი ჩაატარეს. შესანიშნავი ჯარისკაცები იყვნენ, თუმცა, ნათელია, ჩვენი ვარსკვლავური მოთამაშეების წარსულით ვერ დაიკვეხნიდნენ. მაიკ ფელანიც ასეთი იყო და ყველაფერს აკეთებდა, რასაც ვთხოვდი. ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში, პერსონალური შევიწროებისას კი მოწინააღმდეგეს ისე აეკვრებოდა, თითქოს წებოვანი ქაღალდი იყო.

უდრეკობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სტივ ბრიუსი, გარი პალისტერი, დენის ირვინი, დევიდ ბექჰემი, დუაით იორკი, რაიან გიგზი და ერიკ კანტონა იშვიათად უქმობდნენ დიდი ხნით ტრავმის გამო. 1990 წელს, როცა მარკ ჰიუზი "ლივერპულის" წინააღმდეგ დაშავდა, მეგონა, რომ მის გარეშე ერთი თვე უნდა ვყოფილიყავით. გუნდში 10 დღის შემდეგ დაბრუნდა. ასეთი სიცოცხლისუნარიანობა ჩემთვის ციური მანის ტოლფასი იყო, რადგან ეს ჩემს არჩევანის თავისუფლებას ზრდიდა და მატჩებში შეთამაშებული კავშირების გამოყენების საშუალებას მაძლევდა. 1992/93 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში 8 ფეხბურთელმა 40 და მეტი მატჩი ჩაატარა და ეს მაშინ, როცა სეზონში სულ 42 შეხვედრა გავმართეთ. გასაოცარია, რომ სწორედ მაშინ მოიპოვა ჩემმა "იუნაიტედმა" პირველი ჩემპიონობა.

სხვების ჩართულობა (ნაწილი I)

მარკ ჰიუზს 1990 წლის ინგლისის თასის ფინალში გოლი გააქვს


ზუსტად ვერ გეტყვით, პრემიერ ლიგის მოთამაშეები უფრო ხშირად რატომ იღებენ ტრავმებს, ვიდრე მათი წინამორბედები, მით უმეტეს, რომ ისინი ფიზიკურად უფრო ძლიერები და მომზადებულები არიან, ვიდრე 20 წლის წინ მოთამაშე ფეხბურთელები. ვფიქრობ, ყველაფერი მოედნის ხარისხის ბრალია. საქმე იმაშია, რომ ტოპ-კლუბების სტადიონებზე ისეთი სწორი გაზონებია, როგორიც ბილიარდის მაგიდაზე. ამის წყალობით, მატჩი უფრო საინტერესო ხდება და ყურებისას სიამოვნებას განიჭებს.

ამავდროულად, ეს მოთამაშეებს, რომლებიც მოედნის ხარისხში დარწმუნებულნი არიან, საშუალებას აძლევს უფრო ხშირად ეჭიროთ ბურთი, განახორციელონ უფრო სწრაფი და უხეში ვარდნა. ამგვარად, შეჯახების სიჩქარე უფრო გაიზარდა, ვიდრე მაშინ, როცა მე ვთამაშობდი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გუნდში ბევრი უნივერსალი მოთამაშის ყოლა.

ზოგიერთი სვამს კითხვას, შეძლებს თუ არა გადარჩენას გუნდი, რომელსაც მხოლოდ შემქმნელი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, მათ აღელვებთ ის, რომ კრეატივთან ერთად ეგო და ინდივიდუალიზმიც მოდის. ეგოცენტრული ფეხბურთელები ყოველთვის ისწრაფვიან გამარჯვებისკენ, ამიტომ ეს ჩემთვის არ არის პრობლემა. მაგარი იქნებოდა მოედანზე ყოველკვირა 11 შემოქმედი ფეხბურთელის გამოყვანა, მაგრამ რეალურად ვინმე ხომ უნდა აღუდგეს წინ მოწინააღმდეგის შეტევებს. გუნდური ბალანსის დაცვა აუცილებელია, მაგრამ პირადად მე ყოველთვის შემტევი ფეხბურთელებისკენ ვიხრებოდი.

ისინი აკეთებენ იმას, რაც სხვებს არ შეუძლიათ. ასეთ ფეხბურთელებს მშვიდად შეუძლიათ მოწინააღმდეგის მოტყუება, გადამწყვეტ მომენტში საჯარიმოში შეჭრა. ერთნაირად კარგად იძლევიან როგორც რადიომართვად გადაცემას 50 მეტრზე, ისე მოკლე გამჭოლ პასს (პოლ სქოულზი), თითის განძრევით შეტევის მიმართულებას ცვლიან (დევიდ ბექჰემი). შემქმნელ ფეხბურთელებს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა და გუნდის გამოცოცხლება შეუძლიათ.

როცა "იუნაიტედში" კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა, ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მისი საქმე საგოლე მომენტების შექმნა იყო. 2004 წლის ინგლისის თასის ნახევარფინალში "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში რონალდუსადმი ჩემი გზავნილი ძალიან მარტივი იყო: "დაცვაზე არ იფიქრო - უბრალოდ შეუტიე". სამი ცენტრალური ნახევარმცველით ვთამაშობდით და ამან კრიშტიანუს "არსენალის" ტერორიზებისთვის სივრცეები მისცა. რონალდუს, გიგზის, კანტონასა და სქოულზის ტიპის ფეხბურთელები მატჩის მიმდინარეობას ცვლიან. გუნდები, რომლებიც სტივ ბრიუსის, როი კინის, იაპ სტამის, გარი ნევილის, პატრის ევრას, ნემანია ვიდიჩისა და ბრაიან რობსონის მსგავსი ფეხბურთლებისგან შედგებოდა, თითქმის დაუმარცხებლები იქნებოდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგეს ვერ შეაწუხებდნენ - ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენი მოწინააღმდეგე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ წააგოს. მხოლოდ ჭეშმარიტად კრეატიულ ფეხბურთელს შეუძლია სხვა გუნდის დაცვის გარღვევა.

1999 წელმა ყველაზე უკეთ დაასურათა ეს ფაქტი. წინ მრავალი კრეატიული ფეხბურთელი გვყავდა: სქოულზი დაუჯერებელი სიადვილით აკეთებდა პასებს ნებისმიერ მანძილზე, ბექჰემი შესანიშნავად აწვდიდა კიდიდან, გიგზი კი დაუღლელად დარბოდა მოედანზე, სიღრმეში იმყოფებოდა კინი, რომელიც მუდამ ართმევდა მოწინააღმდეგის შემტევ ფეხბურთელებს ბურთს. შესანიშნავად მუშა კავშირების სხვა მაგალითებიც არსებობდა. დუაით იორკს, რომელიც 1998 წელს "ასტონ ვილადან" შევიძინეთ, შეეძლო მოწინააღმდეგისთვის თავბრუ დაეხვია, არაფრისგან მომენტი შეექმნა, ორთაბრძოლა მოეგო და ამასთან ერთად სასიკვდილოდ სახიფათო იყო მოწინააღმდეგის კართან.

ოლე სოლსკიაერი, ტედი შერინგემი და ენდი კოული თავისუფლად მოერგებოდნენ ნებისმიერ სხვა ევროპულ ტოპ-კლუბს. ოლე და ენდი მოწინააღმდეგის კართან შესანიშნავი "ველურები" იყვნენ, ტედი კი კარგად უმკლავდებოდა ბურთს მოედნის ბოლო მესამედში. მაგრამ არც ერთ მათგანს ჰქონდა ისეთივე ბუნებრივი ნიჭი, როგორიც დუაით იორკს. ამასთან ერთად, დუაითის მოსვლა ჩვენთვის კიდევ ერთ მოულოდნელ პლუსად გარდაისახა - ენდი კოული თავისი ფორმის პიკზე გავიდა. ეს ორი ფეხბურთელი დაუჯერებლად შეთამაშდა და 1998/99 წლების სეზონში 53 გოლი გაიტანეს. იმავე წელს ტრებლის მფლობელები გავხდით.

კრეატიული ფეხბურთელები არ უნდა მოაწყინო. საქმე მაღალფარდოვანებაში ან თვითკმაყოფილებაში არ არის, უბრალოდ შემოქმედმა ადამიანმა ყოველგვარი მოტივაცია შეიძლება დაკარგოს. ხანდახან ასე ემართებოდა პოლ სქოულზს. ყველაფერს ისე იოლად აკეთებდა, რომ ხანდახან, როცა მატჩში ვლიდერობდით, ღრუბლებში ფრენას იწყებდა. პოლი ბურთს ისე ჭრიდა და გამოირჩეოდა, თითქოს მატჩი კი არა საშობაო საღამო იყო. ვეუბნებოდი: "სქოულზი, გეყოფა!" და ისე შემომხედავდა, თითქოს ვერც კი ხვდებოდა რაზე ველაპარაკებოდი. სინამდვილეში ყველაფერს ხვდებოდა და რთულ მატჩებში ბოლომდე იხარჯებოდა, თითქმის ყოველთვის კარგად თამაშობდა.

ყოველთვის მიყვარდა კრეატივის მთა და მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეების რიგებში თამაშობდნენ, მათი ნახვა "იუნაიტედის" მაისურით მსურდა. დენის ბერგკამპი ("არსენალი"), ჯანფრანკო ძოლა ("ჩელსი"), ზინედინ ზიდანი და დეჟან სავიჩევიჩი ევროპიდან, გლენ ჰოდლი ("ტოტენჰემი") და პოლ გასქოინი ("ნიუკასლი" და "ტოტენჰემი") გამორჩეული ნიჭის მაგალითები იყვნენ. გასქოინი ფორმის პიკში ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელიც ცხოვრებაში მენახა, თუ ბობი ჩარლტონს არ ჩავთვლით.

ჩავი, ინიესტა და მესი "ბარსელონაში" თავიანთი საქმის საუკეთესო ოსტატები იყვნენ ბოლო წლებში. ვფიქრობ, ბევრი თანახმა იქნება 50 კილომეტრი ფეხშიშველმა გაიაროს, რომ მათი თამაში ცოცხლად ნახოს. სიმართლე გითხრათ, გრძნობებს არასდროს ვაძლევდი უფლებას გონებაზე გავლენა მოეხდინა, როცა "იუნაიტედის" შემადგენლობის შერჩევაზე მიდგებოდა საქმე. ვიღაცას უკეთ ვეგუებოდი, ვიღაცას - ვერა, მაგრამ ემოციებისგან დამოუკიდებლად, ყოველთვის მინდოდა მოედანზე ყველაზე კარგი ფეხბურთელები მეხილა. ასეთი სახის განსჯისას ლიდერი კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი. არ უნდა გიყვარდეს შენი ფეხბურთელები ან სამწვრთნელო შტაბი, მაგრამ ვალდებული ხარ, მათი შესაძლებლობები დააფასო.

როგორც უკვე აღვნიშნე, "იუნაიტედის" ბაზას ოთხწლიანი ციკლით ვცვლიდით, თუმცა ამას ხანდახან ყველაზე თავგამოდებული ქომაგიც კი ვერ ამჩნევდა. მაგალითად, 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან სამი წლის შემდეგ, გუნდის 18 ფეხბურთელიდან ათმა კლუბი დატოვა. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, იმ შემადგენლობიდან "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 5 ფეხბურთელი შემორჩა.

ყოველი მოთამაშის შესაძლებლობა ობიექტურად უნდა შეგვეფასებინა. ეს ადვილი დავალება არ არის, რადგან მათი უმრავლესობა "ძველი გვარდიის" წევრი იყო და კლუბის შემადგენლობაში ჩატარებული რამდენიმე ასეული მატჩის ჩატარებით ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მაგრამ არჩევანი არ გვქონდა. "აბერდინთან" ერთად მესამე ადგილზე რომ გავსულიყავი, არავინ იდარდებდა, რადგან პირველი ორი ადგილი უკვე დაჯავშნული იყო "სელტიკისა" და "რეინჯერსის" მიერ. "იუნაიტედი" - სულ სხვა ისტორიაა.

ამ კლუბის მთელი არსი გამარჯვებებსა და თასებში მდგომარეობს.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 მარტი 2019 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ფერგის სული ჩასახლდაო და მემგონი მართალია ძმაო:))❤️
0
№2
ავტორი: solskjaer
7 მარტი 2019 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
მადლობა ავტორს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 მარტი 2019 17:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
,,ყოველთვის მიყვარდა კრეატივის მთა და მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეების რიგებში თამაშობდნენ, მათი ნახვა "იუნაიტედის" მაისურით მსურდა."

love
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
7 მარტი 2019 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეს სიხარული მაგარია მარა ეხა გასულები ვართ შემდეგ ეტაპზე უკვე ლიგაზე და ეხა არსენალზე უნდა იფიქრონ ბიჭებმა გავზარდოთ უნდა დინსტაცია 4 ქულიანი უნდა გავხადოთ არსენალთან
0
№5
ავტორი: Axl
7 მარტი 2019 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
კარგი სტატიაა

შევაქებ ავტორს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top