BBC-ის მიერ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებით გადაღებული ფილმი.
1958 წლის 6 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედი" იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადიდან გერმანიის მიუნხენში ჩაფრინდა - ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/4 ფინალში კლუბმა წარმატებით დაძლია "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგობა, ორი მატჩის ჯამში 5:4 სძლია მეტოქეს და შინ გულდამშვიდებული მიემგზავრებოდა.
მატ ბასბის იმ გუნდს, რომელსაც ჟურნალისტები "ბასბის ჩვილებად" მოიხსენიებდნენ, შინ დაბრუნება არ ეწერა: "ელიზაბეტიანის" ავიალაინერმა ორჯერ სცადა აფრენა, თუმცა ვერ შეძლო. მესამე ცდა ტრაგედიით დასრულდა, რასაც 23 ადამიანი შეეწირა, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" 8 მოთამაშე და კლუბის რამდენიმე თანამშრომელი.
თვითმფრინავმა, რომელსაც კაპიტნები ჯეიმს თეინი და კენეტ კენ რეიმენტი მართავდნენ, ორჯერ ვერ შეძლო აფრენა და რადგან გათოვდა, კაპიტანმა მგზავრებს თვითმფრინავიდან აეროპორტში დაბრუნება სთხოვა.
მგზავრებმა გადაწყვიტეს, რომ იმ ღამით ინგლისში ვერ დაბრუნდებოდნენ და რამდენიმე მათგანმა, მათ შორის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელმა დანკან ედვარდსმა შინ ტელეგრამა გააგზავნა: "ყველა ავიარეისი გადაიდო. ხვალ მოვფრინავთ. დანკანი."
მაგრამ 15 წუთში მგზავრებს კვლავ უხმეს თვითმფრინავში და ავიალაინერიც 1,2 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ ბილის შეუყვა...
თვითმფრინავი აფრინდა, წამებში საშინელი სისწრაფით დაეშვა და ასაფრენ ბილიკს რამდენიმე ასეული მეტრით გაცდენილი, შენობას შეეჯახა და აალდა...
2011 წელს, BBC-მ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებით გადაიღო ფილმი "იუნაიტედი". ის რეალურად ასახავს ტრაგედიამდელ და მის შემდგომ პერიოდს. ფილმის ყურება სტატიაში აღწერილი სურათის წარმოდგენაში ძალიან დაგეხმარებათ.