თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2019, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1949,
კომენტარები: 3
ერთიანად შეკრებისას (ნაწილი I)
თავი III
ერთიანად შეკრებისას (ნაწილი I)
ორგანიზაცია

მესმის, რომ საფეხბურთო კლუბის საქმის დალაგება ისეთივე რთული არ არის, როგორც, მაგალითად, ახალი ატომური წყალქვეშა ნავის პროექტირება, 50 მილიონი მობილური ტელეფონის შეგროვება ან ახალი წამლისთვის კლინიკური გამოცდის ჩატარება. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, ჩვენც გვჭირდებოდა კარგი მენეჯმენტი და სისტემას ღრმად ვნერგავდით. უბრალოდ, ჩვენი პროდუქტი იყო საფეხბურთო გუნდი და არა ავტომობილი ან სარეცხი მანქანა და მთელი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ კლუბის ყველა კომპონენტი (ანუ მოთამაშე) იდეალურად უნდა მორგებოდა ერთმანეთს.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თუ სერიოზულ ფუნდამენტს ვერ ააშენებ, არც გუნდი გეყოლება, რომელიც უმაღლეს მიზნებს დაისახავს. მენეჯერებისა და კლუბის მფლობელების უმრავლესობა შემადგენლობის შერჩევას განსაკუთრებული მიზნის გარეშე ახდენს. ზედმეტად მოუთმენლები არიან და ცდილობენ მენეჯმენტის თითოეულ საფეხურზე სწრაფად მოაგვარონ ყველაფერი. კიდევ ერთხელ: სანამ დიდ გუნდს შექმნი, შექმენით კარგი ორგანიზაციული სტრუქტურა. ამას დრო დასჭირდება, განსაკუთრებით ბიზნესის წარმოების "კარუსელური" პირობების ფონზე. "იუნაიტედში" პასუხს კონკრეტულად გუნდზე ვაგებდი, დანარჩენ ყველაფერზე კი თავიდან მარტინ ედვარდსი (მოსვლიდან 2000 წლამდე), შემდეგ კი - დევიდ გილი, ჩემი ახლობელი სული, ამასთან ერთად კლუბის აღმასრულებელი და კომერციული დირექტორის როლსაც ითავსებდნენ. (შენიშვნა: სერ ალექსს თარიღი აერია - სინამდვილეში ედვარდსი "იუნაიტედში" 2002 წლამდე მუშაობდა).

კლუბში ჩემი მოსვლისას 4-5 განყოფილება იყო და დაახლოებით 85 თანამშრომელი მრეცხავების, მზარეულებისა და გაზონზე პასუხისმგებელი ბიჭების ჩათვლით. კლუბი ფულს ბილეთებისა და აბონიმენტების გაყიდვით იღებდა. თუ "იუნაიტედის" მატჩს ტელევიზია აშუქებდა, რაც 80-ან წლებში იშვიათობა იყო, მოკრძალებულ ოთხნიშნა თანხას ვიღებდით. "მანჩესტერ იუნაიტედის" შიდა სამზარეულოს შეფასებისას საკუთარ თავს მყარად დავუსახე მიზანი - არა მარტო ვიყიდო ახალი ფეხბურთელები, არამედ მოვიშორო ყველაფერი ძველი და შევქმნა ახალი გუნდური ხერხემალი. მესმოდა, რომ თუ მოვითმენდი და გეგმის პირველ ნაწილს ცხოვრებაში სწორად შევასრულებდი, საბოლოოდ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გავხდებოდით. ნათელია, რომ მოკლევადიანი წარმატება ჩვენთვის არაფერს ნიშნავდა.

"ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" სასოწარკვეთით ცდილობენ მათი ნიჭის აღზრდას. "სიტი", რომელსაც ისეთი ისტორია და შედეგები არ აქვს, როგორც "მერსისაიდელებს" და რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო "იუნაიტედის" ჩრდილში, არაფრის წინაშე არ იხევს უკან. როგორც კი კლუბი შეიხმა მანსურმა შეიძინა, მაშინვე დახარჯეს 32.5 მლნ. ფუნტი რობინიოსთვის და 2008 წლის შემდეგ 600 მლნ. ფუნტზე მეტი გადაიხადეს ტრანსფერებში. ამასთან ერთად, არ ვარ დარწმუნებული, რომ მოცემული შენაძენები გრძელვადიანი პერსპექტივისთვის იყო გათვლილი: გასული სეზონის ბოლოს გუნდის ხერხემალი შესამჩნევად დასუსტდა. ამგვარად მოკლევადიანი წარმატების ყიდვა შეიძლება, მაგრამ მეტი არაფრის.

მზადება

ჩვენი სისტემის უმნიშვნელოვანესი ასპექტი - ვარჯიშია. იმას, რასაც მატჩის დროს ხედავდით, ვარჯიშებზეც ვაკეთებდით. ახალად რომ დამეწყო მწვრთნელის კარიერა, ჩემი ფეხბურთელების ვარჯიშების პროცესზე გავაკეთებდი აქცენტს. თუ საქმეს სერიოზულად ეკიდებიან, მტკიცენი არიან და ნიჭი არ აკლიათ - ყველაფერი კარგად იქნება. ზარმაცებისგან არაფერი გამოვა.

სავარჯიშო მოედანზე ნამდვილი სამუშაო მიმდინარეობდა, ინტენსიური რიტმიდან არასდროს გადაგვიხვევია. მატჩის შემდეგ მოთამაშეები აღდგენით პროგრამას გადიოდნენ, იღებდნენ ჯაკუზის და მასაჟზე მიდიოდნენ. ორშაბათს სრულფასოვანი ვარჯიში ტარდება; თუ წინ შუა კვირის თამაში გველოდებოდა (ჩვეულებრივ ოთხშაბათს), მაშინ სამშაბათს მოწინააღმდეგის თამაშის წინასამატჩო ანალიზი ხდებოდა, ხუთშაბათი კი დასვენების დღედ ცხადდებოდა; და ასე წრეზე.

ფეხბურთელების აღდგენის თემას ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდით, დასვენებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით. ეს ეხება არა მარტო ცალკეულ თამაშებს, არამედ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებსაც: მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ, ოთხკვირიან შვებულებას იღებდნენ.

ხანდახან, განსაკუთრებულ შემთხვევაში ასაკოვან ფეხბურთელებს ვაძლევდი დასვენების საშუალებას. მაგალითდ, 1998/99 წლებში, ზუსტად კი დეკემბერში, შმეიხელი შვებულებაში გავუშვი, რათა ერთი კვირის შემდეგ გარუჯული და დასვენებული დაბრუნებულიყო. დასვენების საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ეძლეოდათ - როცა 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისისას მივხვდი, რომ გარი ნევილის "ელემენტები ჯდებოდა", ჩემი მითითებით რამდენიმე დღე მალტაზე გაატარა. ასეთი შესვენებები მოთამაშეს ენერგიის აღდგენასა და მთელი დარჩენილი სეზონისთვის "დატენვას" ემსახურებოდა.

ვარჯიშის ძირითადი წესები დავაწესე და მინდოდა, რომ ჩემი იდეები ორმხრივად განხორციელებულიყო. როცა სტივ მაკლარენი 1999 წელს "იუნაიტედის" ერთ-ერთი მწვრთნელი გახდა, მასთან "ცალკეული საუბარი" მქონდა. ყველაფრის მართვას თვითონ ცდილობდა, თუმცა უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ მანამდე ჩემი მოთხოვნები ესმოდა - ინტენსიურობა, კონცენტრაცია და ყოველ ვარჯიშზე სრული გარჯა. სტივს ვუთხარი, რომ თუ ვარჯიშის დროს რამით უკმაყოფილო იქნებოდა, შეეძლო ყველაფერი თავიდან დაეწყო და დამატებითი სავარჯიშო სესია მოეწყო. არავითარი ვარჯიში უსარგებლოდ.

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი I)

იესპერ ბლომქვისტი, სტივ მაკლარენი და დუაით იორკი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "იუვენტუსზე" გამარჯვებას ზეიმობენ


არ მინდოდა ფეხბურთელებს მომზადების ჩვენი სისტემა შეზიზღებოდათ. როცა კარლუშ კეირუში ვარჯიშებზე მუშაობას შეუდგა, რამდენიმე ფეხბურთელმა ჩივილი დაუწყო და აცხადებდნენ, რომ ვარჯიშები ძალიან ერთფეროვანი ხდებოდა. მოგვიანებით ერთი ვარჯიში შევწყვიტე და ვთქვი: "როცა მოთამაშე ვიყავი, კარლუშის მსგავს მწვრთნელთან მუშაობაზე ვოცნებობდი. თითოეული ეს ერთფეროვანი ვარჯიში შაბათის შეხვედრაში თქვენს ინსტინქტად იქცევა. ფიქრისთვის ამდენი დრო არ გექნებათ".

ჩვენი თითოეული სათამაშო და ტაქტიკური მომზადებები მეორდება, რათა თამაშის დროს ფეხბურთელმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, გონებით იფიქრონ და არა გულით. ეს სულაც არ არის ის, რაც მწვრთნელს სურს. არ დაგავიწყდეთ: ფეხბურთი - ემოციური თამაშია. ხალხზე შეიძლება ნებისმიერმა რამემ მოახდინოს გავლენა, იქნება ეს აგრესიული ვარდნა თუ მსაჯის გაუმართლებელი გადაწყვეტილება. გამარჯვების ველური სურვილი - დიდებული ხასიათია, მაგრამ ყველაფრის სათავეში ცივი გათვლა უნდა იდგეს.

დროის 90%-ს განმავლობაში ფეხბურთელთა უმრავლესობა ადეკვატურია, თუმცა ძალიან ხშირად ემოცია იმარჯვებს დისციპლინაზე. თითოეული ჩვენი ღია ვარჯიში, ყოველი ტაქტიკური მზადება, კონკურენტთა ანალიზი - ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ფეხბურთელებს თავში ჩავუნერგოთ სათამაშო გეგმის მუდმივად შესრულების აუცილებლობა. ფეხბურთელთა აბუნტული სულის დაცხრომა ადვილი არ არის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ გამარჯვებას ბოლო წუთებზე ვაღწევდით, მას შემდეგ, რაც გეგმიერად გამოვწოვდით მოწინააღმდეგეს მთელ სითხეს.

ფეხბურთი ცხოვრებასავითაა: ველოდებით შანსს და ვეჭიდებით ხავსს.

დრო გადიოდა და სისტემა იმდენად ჩვეულებრივად იქცა, რომ სამწვრთნელო შტაბს აღარ სჭირდებოდა ფეხბურთელებისთვის ჩვენი მიდგომის შეხსენება. ეს ეხმარებოდა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მოგვიანებით კლუბს კარიერის დიდი ნაწილი მიუძღვნეს, მაგალითად, ვიდიჩს, ფერდინანდს, ევრას. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ ბიჭებთან ერთად, რომელთათვის "იუნაიტედი" ცხოვრების არსი იყო - გიგზი, სქოულზი, ძმები ნევილები.

ფეხბურთელებმა ასეთი როლი იკისრეს, ვეტერანები კლუბის სულიერ ფასეულობებს აწვდიდნენ ახალგაზრდებსა და შეძენილ მოთამაშეებს. იდეების მუდმივი ცვლის პროცესი იყო.

სავარჯიშო მოედანზე დაუჯერებელი რამის მიღწევა შეიძლება, განსაკუთრებით, თუ თქვენი მოთამაშეები კარგად მიგიღებენ და მზად არიან სრულყოფისთვის. ენდი კოული ამის ნათელი მაგალითია. სანამ 23 წლის ასაკში ჩვენს კლუბში გადმოვიდოდა, უკვე მოასწრო "არსენალში", "ბრისტოლ სიტისა" და "ნიუკასლ იუნაიტედში" თამაში, მოწინააღმდეგის საჯარიმოდან არ გამოდიოდა და გოლისთვის შესაფერის მომენტს ელოდა. უკვე სამთვიანი ვარჯიშების შემდეგ დაუჯერებლად გარდაისახა. ენდიმ თავისი ტექნიკა გააუმჯობესა და მთელი თავისი საფეხბურთო უნარები განავითარა. მაგრამ შევამჩნიე, რომ ასეთი გარდასახვები მხოლოდ ახალგაზრდებს არ ემართებოდათ.

ჩემს გონებაში ყველაზე ძლიერ ჰენრიკ ლარსონის შემთხვევა შემორჩა. ეს თავდამსხმელი დაახლოებით 35 წლის იყო, როცა შუა სეზონში შვედეთის ლიგიდან იჯარის წესით ავიყვანეთ. ყველანი შეუწყვეტლივ ამბობდნენ: "ნეტავ ჩვენთან ახალგაზრდობიდანვე ეთამაშა!". ყველაფერს ითვისებდა, რასაც ვეუბნებოდით, მაგრამ შვედეთში დაბრუნდა, რადგან საკუთარ ოჯახსა და "ჰელსინგბორგს" პირობა მისცა. თითქმის მსგავსი რამ მოხდა, როცა მაიკლ ოუენი შევიძინეთ, რომელიც დაახლოებით 30 წლის იყო, ჩვენთან მხოლოდ 54 მატჩი ჩაატარა, მანამდე "ლივერპულში", "რეალსა" და "ნიუკასლში" მოასწრო თამაში, ნაკრებში კი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში გამოდიოდა. თავისი უნარების განვითარებას "ოლდ ტრაფორდზეც" მონდომებით ესწრაფვოდა.

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი I)

ჰენრიკ ლარსონი


როცა კარლუშ კეირუშის მეორედ წასვლის შემდეგ რენე მალესტინი მოვიდა, საკმაოდ გაუადვილდა, რადგან ჩვენს სისტემაში მანამდეც ყოფილა. ყველაფერი იცოდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს - დენი უელბეკს, ტომ ქლევერლისა და კრიშტიანუ რონალდუს ტექნიკური არსენალის შევსებაში ეხმარებოდა. რენემ კარლუშის ვარჯიშების მეთოდები ჩაწოდებასა და დაცვაში დატოვა, მაგრამ თავისი წვლილიც შეიტანა.

დიდებული ჰოლანდიელი მწვრთნელის, ვილ კურვერის გულშემატკივარი იყო. სწორედ ვილმა აღნიშნა ერთ-ერთმა პირველმა ტერფის მოძრაობის მნიშვნელობა და ბურთის კონტროლზე მისი გავლენა, გამოიყენა ყველა შემუშავებული მასალა და ჩვენი ვარჯიშები. მაიკ ფელანი - სხვა მაგალითი იმისა, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყო კლუბისთვის ახალგაზრდობაში. ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშობდა, შემდეგ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დავნიშნე და თანდათან, 2008 წელს ჩემი ასისტენტი გახდა.

საშუალება არ მქონია "იუნაიტედის" რომელიმე საუკეთესო ფეხბურთელს მწვრთნელად გახდომაში დავხმარეობდი, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ჩემ შემდეგ კარგი მემკვიდრის დატოვება. რაიან გიგზს, პოლ სქოულზს, გარი ნევილსა და ნიკი ბატს მწვრთნელის ხასიათი ჰქონდათ, მაგრამ არასდროს მივიდოდი მათთან სიტყვებით: "თავი დაანებე თამაშს, მწვრთნელი გახდი". სინამდვილეში, მინდოდა, რომ ნევილს ჩვენს აკადემიაში ემუშავა, მაგრამ ამის ნაცვლად Sky-სთან გააფორმა კონტრაქტი სატელევიზიო ბიზნესში. იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გარის ხასიათსა და უნარებს კლუბისთვის სარგებლის მოტანა შეეძლოთ. პოლს სხვებზე უკეთ შეეძლო მატჩის დროს ჩვენი მოქმედებების ანალიზირება. ვფიქრობ, მათი სახით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბევრი დაკარგა.

სათვალავიც კი ამერია იმ შემთხვევების, როცა ჩემს კარიერაში დიდ იღბლიანობასა და მსაჯებზე იმ მიზნით გავლენის მოხდენაში მადანაშაულებდნენ, რომ მეტი დრო დაემატებინათ მატჩისთვის. ბევრჯერ მოხდა, რომ მისი უდიდებულობა იღბალი გვწყალობდა - ასეთი რამ ყოველთვის ხდება ფეხბურთში. თუმცა ჩვენს წარმატებაში მზადებას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე რამდენიმე წარმატებულ მომენტს.

სრულყოფილებისკენ სწრაფვა მრავალი საზღვრის გადაკვეთას მოიაზრებს, ცხოვრება ხომ სავსეა მოულოდნელობებით. ამაზე მუშაობდნენ ჩვენი სკაუტები, ამისთვის ვვარჯიშობდით ოფლის უკანასკნელ წვეთამდე. ხანდახან დამატებით ვარჯიშებს ვაწყობდით, თუ თავს ნეგატიურად ვგრძნობდით. ყოველთვის მინდოდა მეტი მცოდნოდა იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდეთ მომდევნო მატჩისგან. როცა "იუნაიტედში" მუშაობა დავიწყე, არც ფეხბურთელებს ვიცნობდი, არც მაშინდელი პირველი დივიზიონის კლუბებს. ამიტომ ჯონ ლაიალს ვთხოვე დოსიე და მონაცემები გამოეგზავნა გუნდებისა და ფეხბურთელების შესახებ, რომლებთანაც უნდა გვეთამაშა. მახვილი თვალი ჰქონდა და მისი მასალების შესწავლა ძალიან დამეხმარა.

თავდაუზოგავი და, ძირითადად, არაინტენსიური სამუშაო "იუნაიტედისთვის" სათავეთა სათავე იყო. აი ერთი მაგალითი. "ბაიერნთან" 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე ყველაფერი დავგეგმეთ. თამაშის დროს ყოველთვის გინდა მეორე მწვრთნელის ტაქტიკის შეგრძნება, გაგება, თუ როგორ ცვლილებებს უნდა ელოდე. რა თქმა უნდა, ამის გამოცნობა რთულია, მაგრამ სწორი მომზადება ასეთ მომენტებში ძალიან გეხმარება. 1999 წლის ფინალში "ბაიერნის" ვინგერმა, მარიო ბასლერმა, რომელიც შესანიშნავად იყენებდა საჯარიმოებს, მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გაგვიტანა. ალექსანდრ ცინკლერი, გერმანული კლუბის ძირითადი ფეხბურთელი მრავალი წლის განმავლობაში, იმ საღამოს მარცხნივ თამაშობდა.

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი I)

სოლსკიაერს "ბაიერნის" კარში მეორე გოლი გააქვს და ბოლო წამებზე ჩემპიონთა ლიგის ტიტულს იგებს.


ვივარაუდეთ, რომ ცინკლერსა და ბასლერს შეცვლიდნენ. ფინჯან ყავაზე არ გვიმკითხავია, უბრალოდ "ბაიერნის" თამაშების ჩანაწერები ნანახი გვქონდა და ვიცოდით, რომ თამაშიდან მოხსნიდნენ. ცინკლერი მოედნიდან 71-ე წუთზე გავიდა, ბასლერი კი - 87-ე. ამ ცვლილებებმა "ბაიერნს" ჩვენს მცველებზე ძლიერი ზეწოლის მოხდენის საშუალება არ მისცა. მათგან უფრო ნაკლები ხიფათი მოდიოდა და ჩვენი მოთამაშეების უმრავლესობა შეტევაში გავგზავნეთ.

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა "ბარსელონასთან" 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის ვემზადებოდით, კარლუშ კეირუშმა მოედანზე ხალიჩები დააგო, რათა მოთამაშეებისთვის ეჩვენებინა, სად უნდა მდგარიყვნენ. ხალიჩების წყვილი თითქმის ერთმანეთზე იყო დაგებული, რაც ნიშნავდა, რომ სქოულზი და კერიკი ერთმანეთთან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ, რათა შეტევები ნახევარდაცვის ხაზშივე ჩაეხშოთ. "ბარსელონამ" ორიდან ვერც ერთ მატჩში ვერ გაიტანა გოლი.

მატჩამდე 36 საათით ადრე ჩვენი მომზადება სრულიად გაწერილი იყო. ვარჯიშის წინ მოთამაშეებს მოწინააღმდეგის ვიდეოჩანაწერს ვუჩვენებდით, შემდეგ კი, სასტუმროში, გამოვყოფდით მომენტებს, რომლებისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციათ. ამ ვიდეოების ხანგრძლივობას მაქსიმალურად ვამცირებდით, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლოთ ყურადღების მოკრება. ყოველთვის ვამჯობინებდი მათი ყურადღების მიპყრობას მოწინააღმდეგის სუსტ მხარეებზე და არა - ძლიერზე. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგის კარგი თავდამსხმელის თამაშზე ყურება ძალზედ საინტერესოა, ბრძოლებს მყარი დაცვა არ იგებს. იმისათვის, რომ ბრძოლა, ომი და თამაში მოიგო, უნდა შეუტიო და მოწინააღმდეგეს ყოველთვის აჯობო. სწორედ ამიტომ მომწონდა მოწინააღმდეგის სუსტი მხარეების გამოყოფა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ მატჩში გამომეყენებინა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მოთამაშეებში ჩამენერგა აზრი, გამარჯვება სავსებით რეალურია. თუ ძალიან დიდხანს შეისწავლით სხვა გუნდების თამაშის კარგ მომენტებს, საკუთარი კლუბის მოთამაშეებში ეჭვის მარცვალს გააჩენთ.

თამაშის დღეს სათამაშო გეგმას საბოლოოდ ვადგენდი და მოთამაშეებთან ერთად დავრბოდი იმ სქემით, რომლის ნახვა მინდოდა მოედანზე. სხვა რამეებსაც ვუთმობდი ყურადღებას. ვამოწმებდი, მოწინააღმდეგის რომელი მოთამაშეები ითამაშებდნენ "ოლდ ტრაფორდზე" პირველად. ამ ფეხბურთელებზე შეგნებულად ვახდენდით განსაკუთრებულ ზეწოლას, რითაც ჩვენს სტუმართმოყვარეობას ვავლენდით. სხვა რამ, რასაც ყურადღებას ვაქცევდი, ნიჭიერი, მაგრამ არცთუ შრომისმოყვარე მოთამაშეები იყვნენ, რომლების წინააღმდეგაც უნდა გვეთამაშა. ამ ფეხბურთელებს შეხვედრის ბოლო 20 წუთში ენერგიის მარაგი შერჩებათ, რადგან საწყის ეტაპზე თავს ძალიან არ იწუხებენ.

მეთიუ ლე ტისიე, რომელმაც "საუთჰემპტონში" ხუთასზე მეტი მატჩი ჩაატარა, სწორედ ასეთების რიცხვს მიეკუთვნება. შეეძლო თამაშის მნიშვნელოვან ნაწილში უსაქმოდ ყოფილიყო, შემდეგ კი, როცა ყველა დაიქანცებოდა, ჩვენთვის ხასიათი ერთ წამში გაეფუჭებინა. ასევე თამაშობდნენ ე.წ. "თავისუფალი მხატვრები", მოთამაშეები, რომელთაც ჩვეულებრივ 10 ნომრიანი მაისურები ეცვათ და წარმოშობით ესპანეთიდან ან სამხრეთ ამერიკიდან იყვნენ. ისინი ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის არსებულ სივრცეს ავსებდნენ და შეუძლებელი იყო გაგეგო, შეტევას მარჯვენა ფლანგიდან გაამწვავებდნენ, მარცხნიდან თუ ცენტრიდან. დავიდ სილვა ორიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ამ როლს "ვალენსიაში" ასრულებდა. ასეთი ტიპის ფეხბურთელებს თავიანთი პოზიციის დატოვების უფლება ეძლევათ, როცა მათი გუნდი ფლობს ბურთს. ის ფაქტი, რომ "მხატვრები" მოედნის ნებისმიერ ნაწილში შეიძლებოდა გენახა, მთელი მატჩის განმავლობაში გვეხმარებოდა კონცენტრაციის შენარჩუნებაში.

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი I)

მეთიუ ლე ტისიე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, 1996 წელი.


ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეები ვარჯიშზე გიჟდებოდნენ. ნაწილობრივ ამიტომაც გახდნენ დიდი ფეხბურთელები. დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, კრიშტიანუ რონალდუ და უეინ რუნი ვარჯიშის შემდეგ რჩებოდნენ, რათა საჯარიმო დარტყმა დაემუშავებინათ. ეს მოთამაშეები აბაზანაში დასვენებას ან მასაჟებზე სიარულს არ აპირებდნენ, მით უმეტეს გასასვლელისკენ იმისთვის არ გარბოდნენ, რომ ახალი მანქანა ეყიდათ.

მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარჯიშის შემდეგ ნახევარი საათის გატარება მანეკენებისთვის ბურთის გადატარებასა და მეკარისთვის გოლის გატანაში. სწორედ ამიტომ ასრულებდა ჯარიმებს ოსტატურად ბექჰემი 23-27 მეტრიდან, გიგზი სტანდარტებს 20 მეტრიდან იყენებდა, რუნი კი საჯარიმოს ხაზთან ახლოს იყო კარგი. რაც შეეხება რონალდუს, მას მთვარიდანაც კი შეეძლო ჯარიმის გატანა.

გოლს, რომელიც 1996 წელს "უიმბლდონს" ბექჰემმა მოედნის ცენტრიდან გაუტანა, ბევრი სასწაულად აღიქვამდა. მაგრამ ასე არ არის. ბექჰემი ამ დარტყმას ასჯერ ამუშავებდა და როცა სამხრეთ ლონდონში მიიღო შანსი, გამოიყენა. იგივე ეხება "იუნაიტედის" მოთამაშეების მიერ გატანილ ბევრ სხვა გოლსაც. ვარჯიშებზეც გაჰქონდათ, ან როგორც მინიმუმ, დარტყმის ტექნიკას ასობით საათის განმავლობაში ამუშავებდნენ.

აღფრთოვანებული ვარ მწვრთნელებით, რომელთაც "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის ფეხბურთელების მსგავსიც კი არ ჰყავთ განკარგულებაში, მაგრამ გუნდს მაინც ამზადებენ. სემ ელერდაისი, რომელიც "ბოლტონის", "ბლექბერნის", შემდეგ კი "ვესტ ჰემის" მწვრთნელი იყო - ამის ნათელი მაგალითია.

კევინ დევისი, თავდამსხმელი, რომელიც სემის ხელმძღვანელობის ქვეშ "ბოლტონში" თამაშობდა ასეთი მეხთამტეხელი არ იყო, პირიქით, ძალიან ნელი და მძიმე ფორვარდი იყო. "ბოლტონში" მუშაობის პერიოდში სემი ცდილობდა დევისის მსგავსი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიეღო სავარჯიშო პროცესებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეების საშუალებით. იცოდა, როგორი სახის პასები შეუქმნიდა მოწინააღმდეგეს ყველაზე მეტ პრობლემას საჯარიმოში და მოედნის საფარზე ველოტრენაჟორების დაყენებაც კი ბრძანა, რათა სათადარიგოზე მყოფი ფეხბურთელები მოედანზე გამოსვლამდე კარგად გახურებულიყვნენ. ცოტამ თუ იცის, მაგრამ სწორედ ასეთმა კერძო მიდგომამ მოუტანა სარგებელი სემს. ამასთან ერთად, ზოგიერთ მფლობელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ ქმნიდა საშუალო დონის ფეხბურთელებისგან შესანიშნავ გუნდს.

ხანდახან სრულ ფიასკოს განვიცდიდით და ასეთ დროს მიხდებოდა საქმისადმი ჩვენი მიდგომის სრული შეცვლა. როცა "ჩელსიმ" პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო 2004/05 წლებში, ჩვენი წინასასეზონო მომზადება ხელახლა შევაფასე. "ლურჯებმა" ლიგის დანარჩენი გუნდები გააცამტვერეს და სეზონის ბოლოს 95 ქულა აიღეს. "არსენალმა" იმავე სეზონში 83 ქულა დააგროვა, "იუნაიტედმა" კი - 77. სირცხვილი იყო. მთელი სეზონი "ჩელსის" კუდში დავდევდით, მაგრამ იოტის ოდენადაც კი ვერ მივუახლოვდით. არ მინდოდა, ასეთი რამ კვლავ განმეორებულიყო.

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი I)

"ჩელსი" 2004/05 წლებში ლიგის თასის მოგებას ზეიმობს


ლონდონელების პირველი ტრიუმფის შემდეგ ჩვენს წინასასეზონო მომზადებას უფრო ყურადღებით დავაკვირდი. 2004/05 წლების "ჩელსი" გაცილებით უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყო, ვიდრე "იუნაიტედი". 2006/07 წლების სეზონის წინა განრიგი შევცვალეთ (რადგან 2005/06 წლების სეზონის მატჩები უკვე დადგენილი იყო) და უფრო რთული მოწინააღმდეგეები ავირჩიეთ. შესაძლოა, კლუბისთვის მნიშვნელოვანიც კი იყო სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა ბევრ გულშემატკივართან ერთად, მაგრამ რა აზრი აქვს ისეთ მატჩში მონაწილეობას, სადაც ფაბიენ ბარტეზსაც კი შეეძლო თავდასხმაში კარგად თამაში? ამიტომ, ყველაფერი შევცვალეთ. გუნდისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამხანაგურ შეხვედრაში იბრძოლოს გამარჯვებისთვის, ვიდრე ნაბიჯების კეთებით დაამარცხოს "ტაილანდის ვარსკვლავები" 10:0. ეს იყო რეალური გაკვეთილი იმისა, რამდენად საშიშია წარსულზე დაყრდნობა და არა დროსთან ერთად სვლა.

მიუხედავად "ჩელსის" წარმატებისა, სეზონისთვის მომზადების გაძლიერება არ მინდოდა. რაც შეიძლება ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობდი, ფეხბურთელები სათამაშო რიტმთან დამებრუნებინა. უმაღლესი დონის სპორტსმენებს ჩვევად აქვთ ფიზიკურად გადატვირთვა და მენტალურად დაძაბვა. ვიღაც ვარჯიშებს ეტრფის, ვიღაც კი თავის ფიზიკურ ფორმას უჩივის და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა აშინებს. სეზონის წინ მოთამაშეების მოძრაობის დაბრუნებას ვცდილობდით, მაგრამ მძიმე ფიზიკურ და ენერგოხარჯვად ინტერვალურ ვარჯიშებს ვერიდებოდით.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ ჩვეული, სერიოზული ლექციები არ ჩამიტარებია, ჩვენი მატჩების ვიდეოანალიზი არ მოგვიხდენია. ამის ნაცვლად ჩვენი პერსონალი სხვადასხვა სამედიცინო ტესტებს ატარებდა. სატრენაჟორო დარბაზში დაახლოებით თხუთმეტი სამედიცინო სადგური იყო მედდებითა და ექიმებით, თითოეულ მათგანში კი ფიტნეს-შემოწმების სერია მიმდინარეობდა. ამგვარად, მოთამაშეების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ზუსტ მონაცემებს ვიღებდით. მყესის ულტრაბგერითი სკანირება, კარდიოლოგიური ტესტი, სისხლის ანალიზი, რა აღარ იყო.

ამ ტესტებზე დაფუძნებით ყოველი მოთამაშისთვის სტანდარტებს ვაწესებდით, რომლის მიხედვით ვზომავდით დაზიანებისა და დაღლის დონეს. ფეხბურთელის სხეულის თითოეულ ნაწილს სპეცილისტი ამოწმებდა; სტომატოლოგები კბილებს იკვლევდნენ, ორთოპედები ტერფებს. ამაზე დაყრდნობით მოთამაშის ტრავმებით დაზიანებას ვარკვევდით და სამ კატეგორიად ვყოფდით: მაღალი, საშუალო და დაბალი. შემდეგ სეზონის პირველ ნაწილში თითოეული ჩემი შეგირდისთვის ინდივიდუალურ გეგმას ვადგენდით.

წინასასეზონო მომზადებასთან მიდგომის ცვლამ შედეგები მოგვიტანა. 2005/06 წლებში "ჩელსიმ" კვლავ მოიგო პრემიერ ლიგა, მაგრამ ამჯერად გაცილებით ნაკლები სხვაობით - 8 ქულით. მომდევნო სეზონში ჩვენი ფიზიკური ფორმა საკმაოდ კარგი იყო, რათა ეს რვაქულიანი ჩამორჩენა "იუნაიტედის" მორიგ ჩემპიონობად გვექცია.

ფეხბურთში, ისევე როგორც, საქმიანობის სხვა სფეროებში, ყველაზე გათვლილი გეგმაც კი არ ამართლებს და იმპროვიზირება გიხდება. სინამდვილეში, ასე ხშირად ხდება. თამაშისა თუ შესვენების დროს გარკვეულ მომენტებზე ვფიქრობდი. გონებაში მაშინვე "ვესტ ჰემთან" მატჩი მომდის, რომელიც 2011 წლის აპრილში შედგა.

ამ თამაშამდე რამდენიმე თვით ადრე "ჩაქუჩებმა" ლიგის თასზე 4:0 მოგვიგეს. იმ მატჩში ბევრი ახალგაზრდა ვათამაშე. მატჩის მიწურულს უოლი დაუნსმა, "ვესტ ჰემის" მცველების მწვრთნელმა უეს ბრაუნს, რომელიც ჯონი ევანსის შეცვლას აპირებდა, ჰკითხა: "იმისთვის გამოდიხარ, რომ მატჩი შემოატრიალო?"

ამან და "ვესტ ჰემის" გულშემატკივართა დაცინვამ, რომელიც აგრესიულ განწყობას გამოხატავდა, გამაბრაზა და პარკირებამდეც კი გამყვნენ. მაშინ ვუთხარი: "აქ აპრილში დავბრუნდებით და თქვენს გავარდნაში წვლილს შევიტანთ". და აი, ჩვენ ისევ "ბოლეინ გრაუნდზე" ვართ და შესვენებამდე 2:0 ვაგებთ, მე კი ძალიან შორს ვარ პირობის შესრულებისგან.

წინა გეგმა ნაგვის ურნაში მოვისროლე, პატრის ევრა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა შუა კვირაში, სკამზე დაჯდა და მარცხნივ რაიან გიგზი გადავიდა. საბოლოოდ 4:2 მოვიგეთ, უეინ რუნიმ კი ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. რამდენიმე კვირის შემდეგ, სეზონის ბოლოს, "ვესტ ჰემი" ჩემპიონშიპში გავარდა.

დაახლოებით ასეთი რამ მოხდა 2009 წელს "ოლდ ტრაფორდზე", როცა "ტოტენჰემთან" შესვენებაზე 2:0 ვმარცხდებოდით. შესვენების შემდეგ ნანის ნაცვლად კარლოს ტევესი შევიყვანე და ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა. არგენტინელი მოედანზე დასაქოქი სათამაშოსავით დარბოდა, მაგრამ მისი დაქოქვა საჭირო არ იყო. ტევესი დაუჯერებლად ამტანი იყო - მოედანზე გავიდა, "ტოტენჰემის" თითქმის ყოველ ფეხბურთელს კეტავდა, მატჩის ტემპი მთლიანად შეცვალა და გულშემატკივარი გააქტიურა. ხუთი ბურთი გავიტანეთ და ჩემპიონობა ოთხქულიანი სხვაობით მოვიპოვეთ. გასაოცარია, რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სათამაშო გეგმაზე ერთ ცვლილებას.

ისეც ხდებოდა, რომ კონკრეტული მატჩისთვის უფრო მომზადებული და კარგად შემუშავებული ტაქტიკის მქონე მოწინააღმდეგეები გვამარცხებდნენ. 1996 წელს "ნიუკასლმა" "სენტ ჯეიმს პარკზე" ხუთი უპასუხო ბურთი გაგვიტანა. კევინ კიგანმა, იმ დროს "ნიუკასლის" მწვრთნელმა, თავდასხმის რამდენიმე მრისხანე მოთამაშე გამოიყვანა - ალან შირერი, ლეს ფერდინანდი, პიტერ ბერდსლი და დავიდ ჟინოლა. ამ მატჩის სირცხვილს "ჯორდების" მიერ გატანილი ბოლო გოლი უსვამს ხაზს. ფილიპ ალბერმა, მათმა ცენტრალურმა მცველმა შმეიხელს 18 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი. დაგვამცირეს.

პირადი მოუწესრიგებლობაც ძვირად გვიჯდებოდა. შეიძლება უფსკრულში აღმოჩნდე, თუ მოთამაშეები შენს გეგმას უარყოფენ და არ ასრულებენ. ასე მოუვიდა "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ. წავაგეთ, რადგან 2-3 ფეხბურთელი ჩემს მითითებას არ უსმენდა და საკუთარ ფეხბურთს თამაშობდა. ეს დაუშვებელია, როცა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშობ, მით უმეტეს, თუ მას პეპ გვარდიოლა წვრთნის. საქმე მათ მიერ ბურთის კარგად ფლობის უნარშია. "იუნაიტედი" ბურთის ფლობას მატჩის 3/4 ნაწილში მიეჩვია და ვიცოდით, რომ ტიკი-ტაკა მწყობრიდან გამოგვიყვანდა.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2019 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
Madloba avtors❤️
0
№2
ავტორი: giorgi_mg
22 თებერვალი 2019 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა, ისე დავამთავრე კითხვა გაგრძელება მინდოდა :)
ველოდები...
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2019 12:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჩვენი თითოეული სათამაშო და ტაქტიკური მომზადებები მეორდება, რათა თამაშის დროს ფეხბურთელმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, გონებით იფიქრონ და არა გულით. love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top