თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2019, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1562,
კომენტარები: 3
ერთიანად შეკრებისას (ნაწილი II)
თავი III
ერთიანად შეკრებისას (ნაწილი II)
მზადება

ხანდახან ჩვენს გაოცებას ატმოსფერო იწვევდა, რომელსაც ვაწყდებოდით. ყველაზე არასტუმართმოყვარე სტადიონები "ენფილდი" და "ელანდ როუდი" (როცა "ლიდსი" ჯერ კიდევ ჩვენი რეალური კონკურენტი გახლდათ) იყო. "ლივერპულის" სტადიონზე ჩვენი საუკეთესო შემადგენლობები ჩადიოდნენ, მაგრამ ბრბო სტუმარ გუნდებსა და მსაჯებს არ ინდობდა და საშინელ ატმოსფეროს ქმნიდა. "იუნაიტედის" მოთამაშეები ხანდახან თავდაჯერებულობას კარგავდნენ და ყურადღების მოკრებას ვერ ახერხებდნენ. მხოლოდ რამდენიმე წამია საკმარისი იმისთვის, რომ მრავალსაათიანი ვარჯიშები წყალს გაატანო და ამას ვერაფერს მოუხერხებ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს რაღაც საერთო აქვს ჭადრაკთან, ვინგერები, მეკარეები და ცენტრალური მცველები - ლაზიერები, სპილოები და ეტლები არ არიან. მათ ვენებში სისხლი ჩქეფს და ემოციას ეფუძნებიან.

მომზადების კიდევ ერთი ელემენტის ხსენება ღირს - ყოველთვის სარისკო მოქმედებებს ვექომაგებოდი. არ გამიკვირდება, თუ გულშემატკივარი "იუნაიტედის" წარმატებას მოჩვენებით შანსებზე მოჭიდებას მიაწერს. როცა "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი მაყურებელი სკანდირებს: "შეუტიეთ! შეუტიეთ! შეუტიეთ!", ადვილია იფიქრო, რომ თვითგამოზოგვის ინსტინქტი გვეკარგება. ამისთვის არასდროს შემიხედავს ასეთი კუთხით: ჩემი როლი იმაში მდგომარეობდა, რომ რაც შეიძლება მეტი რისკი გამეწია. დოღსა და ბანქოს თამაშებისადმი ჩემი მიდრეკილება გაფიქრებინებს, რომ ცხოვრებაშიც აზარტული მოთამაშე ვარ. მაგრამ ასე სულაც არ არის.

ფსონებსა და ცხენებზე არასდროს დამიხარჯავს არნახული თანხა, ამიტომ რისკს "იუნაიტედშიც" ვითვლიდი. ვცდილობდით შემთხვევითობისთვის არაფერი მიგვენდო. გახსენებაც კი მიჭირს, რამდენჯერ მითქვამს შესვენებაზე, რომ უნდა მოითმინო და შესაფერის საგოლე მომენტს დაელოდო და არა მოედანზე თავქუდმოგლეჯილმა ირბინო. რისკს მხოლოდ მაშინ ვწევდი, როცა მატჩის ბოლო 15 წუთი მოდიოდა. ასეთ შემთხვევებში უკვე უმნიშვნელოა, ერთი ბურთის სხვაობით მარცხდები თუ ორით, ძალები შეტევისკენ უნდა მიმართო.

ხშირად, გეგმა "ბ" ჩვენს მოწინააღმდეგეს ბადეში ახვევდა, როცა უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდნენ. თავდამსხმელის ნაცვლად მცველი გამოჰყავდათ და მთელი ბალანსი იცვლებოდა. თავისუფლად შეგვეძლო მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ტრიალი და კონტრშეტევის შიში საერთოდ არ გვქონოდა. სხვა გუნდები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ რისკს ახშობდნენ, როცა თავიანთი კარისკენ იწევდნენ, სინამდვილეში, უბრალოდ სივრცეებს გვაძლევდნენ. ჩვენი გუნდი მშვიდად ქმნიდა ბევრ საგოლე მომენტს დამატებითი რისკის გარეშე. უფრო ხშირად მაინც გაგვქონდა გოლი. ბოლო წუთებზე გატანილი ბურთი დიდ გავლენას ახდენდა ჩვენს გასახდელსა და გულშემატკივარზე, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ მატჩის განხილვას სახლისკენ მიმავალ გზაზე ან პაბში.

ჩვენი კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ყველაფრის თავი გამართლება და "ფერგი-თაიმის" დამატებითი ზეწოლა იყო, მაგრამ, სიმართლე ვთქვათ, გამარჯვებას სპეციალური მომზადებისა და რისკთან სწორი მიდგომით ვაღწევდით.

კონვეიერი

როცა რაიმე ორგანიზაციის სათავეში ხარ, ყველაფერი რამდენიმე ნაბიჯით წინ უნდა გათვალო. მაგრამ როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს რამესთან გაქვს შეხება, პერსპექტივები ყოველთვის იცვლება. ხანდახან შესაძლებელი იყო ყველაფერი რამდენიმე წლით ადრე გამოგეცნო, ხანდახან კი შეუძლებელი იყო მიმხვდარიყავი, რა მოხდებოდა მომდენო გამოწვევის შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში - მომდევნო მატჩის შემდეგ. გადამწყვეტი ფაქტორი გრძელვადიან პერსპექტივაზე აქცენტის გაკეთებაა და ჩვენ "იუნაიტედში" ფუნდამენტს ყოველთვის მომავლისთვის ვყრიდით. ამისთვის ნიჭიერების კონვეირების დალაგება გვჭირდებოდა.

ყოველი მატჩის განაცხადში 11 ძირითადი და 7 სათადარიგო ფეხბურთელი უნდა იყოს და ჩვენი ორგანიზაციის მთელი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ეს ადგილები ჩვენი აღზრდილებით შეგვევსო. ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა, აკადემიიდან რომელ ფეხბურთელებს ავირჩევდი ძირითადისთვის სამი წლის შემდეგ. გაცილებით იოლია კარგ დონეზე სტაბილურად თამაში, როცა ახალგაზრდებს საკუთარი ხელით ზრდი, მათ განვითარებაში ეხმარები და ყველა კარს უხსნი.

რთული დავალებაა. პრაქტიკაში ეს მილიონობით ახალგაზრდის აღმოცენებას ნიშნავს, რომლებიც პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ოცნებობენ და ასევე ათი ათასობით მატჩის ყურებას კოკისპირულ წვიმასა და დამამცირებელ პირობებში. ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ სტივ კოპელს ("მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე 1975/83 წლებში) თავისი სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე უთქვამს: "ამ პროცესის შედარება სამხრეთის ზღვების კუებთან შეიძლება: გამოიჩეკება ათასი, ზღვას კი მხოლოდ რამდენიმე მიაღწევს".

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი II)

სტივ კოპელი


სტივი უსაზღვროდ მართალი იყო, მაგრამ "იუნაიტედის" შემთხვევაში ამ თეზისს ერთი პირობა უგულებელყოფდა: ჩვენ გვაინტერესებდა კუები, რომლებიც არა მარტო აღწევდნენ ზღვის კიდეს, არამედ მის ტალღებსაც უძლებდნენ.

"აბერდინის" შტატი 1978 წელს ჩემი მისვლისას ორ სკაუტს ითვლიდა, წასვლის დროს კი - ჩვიდმეტს. თითოეული მათგანი შოტლანდიაში ახალგაზრდა ნიჭის მოძებნაზე აგებდა პასუხს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: თასების მფლობელთა თასის ფინალში "რეალის" წინააღმდეგ ჩემს გუნდში აკადემიის 18 ფეხბურთელი ირიცხებოდა და მხოლოდ სამი ფეხბურთელი ვიყიდეთ სხვა კლუბიდან (მათ შორის იყო გორდონ სტრაკანი, რომელიც კლუბში ჩემს მისვლამდე თამაშობდა).

გორდონთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ დამეხმარა პირადად აღზრდილი ფეხბურთელების სარგებლიანობისადმი რწმენის განმტკიცებაში. როცა კლუბში მოვედი, მის თავზე უკვე მომზადებული იყო გილიოტინის დანა. ჩემი წინამორბედი მის გაყიდვას აპირებდა. მმართველობას განვუცხადე, რომ გორდონის გაყიდვას არ დავუშვებდი, სანამ პირადად არ შევაფასებდი მის სათამაშო უნარებს. და იცით, სტრაკანით კმაყოფილი დავრჩი. გადავწყვიტე გუნდში დამეტოვებინა და ჩემს შტაბთან ერთად მოედნის მთელი სიფართოვის გამოყენება და პოზიციის სწორად შერჩევა ვასწავლეთ. საბოლოოდ, გორდონმა "მანჩესტერ იუნაიტედში" მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, შოტლანდიის ნაკრების ლიდერი გახდა და მოგვიანებით მწვრთნელის რანგში სათავეშიც კი ჩაუდგა. შეუდარებელი კარიერის მოწყობა შეძლო.

"იუნაიტედში" ოთხმოციანების შესაფერისი სკაუტები იყვნენ, რომლებიც მთელ ინგლისსა და ირლანდიაში მუშაობდნენ. თუმცა სისტემა სრულყოფილი არ იყო: დიდი მანჩესტერისა და მიდამოების ფარგლებში, მთელ მანჩესტერში ოთხი სკაუტი. ეს რომ მოგვეგვარებინა, ახალგაზრდებთან მუშაობის განყოფილება შევცვალეთ. ახალი ხელმძღვანელი ლეს კერშოუ გახდა, რომელიც მანამდე ნობი სტაილზსა და ბრაიან კიდს ეხმარებოდა. ადგილობრივ ახალგაზრდებსა და მოთამაშეთა ძიების სისტემას კარგად იცნობდა. ლესი ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

კლუბში მოსვლამდე კერშოუ Manchester Metropolitan University-ში ქიმიას ასწავლიდა და "არსენალის" სკაუტი იყო ნახევარგანაკვეთით. ლესმა "ოლდ ტრაფორდის" სამეცნიერო ლაბორატორიაში თავისი ობიექტურობა შემოიტანა და ფასდაუდებელი როლი შეასრულა ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების ჩვენს სტრატეგიაში.

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი II)

ლეს კერშოუ (მარცხნივ) ჯილდოს იღებს ექიმ საიმონ კემპბელისგან, რომელიც სამეფო ქიმიის საზოგადეობას წარმოადგენს.


სკაუტები სრული განაკვეთით არ მუშაობდნენ დღის განმავლობაში, ამიტომ სტიმულის სახით სისტემაში ბონუსები შევიტანეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა? ძირითადში მოხვდა? ნაკრებში მიიწვიეს? შეთანხმება კიდევ რამდენიმე წლით გაახანგრძლივა? ამ ყველაფრისთვის სკაუტი, რომელმაც ფეხბურთელი აღმოაჩინა, დამატებით თანხას იღებდა.

ახალგაზრდების ძალებისა და მასთან ერთად ჩვენი მიდგომის სისწორეში დამადასტურებელი საბუთი გახდა გუნდი, რომელმაც 1999 წელს ტრებლი მოიგო. განაცხადში შეყვანილი 30 ფეხბურთელის ნახევარი 25 წლამდე ბიჭები იყვნენ. იქ იყო, მაგალითად, ბექჰემი - კლუბის ახალგაზრდული პოლიტიკის ცოცხალი რეკლამა. 12 წლის დევიდის შესახებ პირველად 1986 წელს სკაუტ მალკოლმ ფიჯენისგან გავიგე. ამის შემდეგ, ბექსი, რომელიც ბავშვობიდან "იუნაიტედის" ქომაგი იყო, ბობი ჩარლტონს შეხვდა და მან ბავშვი ჩვენკენ მაგნიტივით მოიზიდა. იმავე 1986 წელს პირველად გავიგეთ გიგზის შესახებაც.

რაიანის და დევიდის დებიუტი კლუბში 17 წლის ასაკში შედგა. ძირითადში პირველად გამოჩენის მომენტში ნიკი ბატი და გარი ნევილიც 17 წლის იყვნენ, ფილი თვრამეტის, სქოულზი - ცხრამეტის.

ახალგაზრდებთან ჩვენი მუშაობის ეფექტურობა 1995/96 წლების სეზონის სტარტზე გამოჩნდა, როცა ოცდაათიდან ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც "ასტონ ვილასთან" მატჩში ვათამაშე, ჩვენი აკადემიის აღზრდილები იყვნენ. ის შეხვედრა წავაგეთ და ტელეექსპერტმა ალან ჰანსონმა მატჩის შედეგის ნახვის შემდეგ უკეთესი ვერაფერი იპოვა და იმავე დღეს ბრიტანეთის საზოგადოებას განუცხადა: "ბავშვებით ვერაფერს მოიგებთ".

ყოველთვის პირიქით ვფიქრობდი - ბავშვების გარეშე ვერაფერს მოიგებთ.

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი II)

კლას-92


ახალგაზრდები გუნდს ფანტასტიკურ სულისკვეთებას მატებენ. თინეიჯერი არასდროს დაივიწყებს ადამიანს ან კლუბს, რომელმაც მას ცხოვრების გზა გაუკვალა. ახალგაზრდა ბიჭებისთვის შეუძლებელი არაფერია - თუ საჭიროა, ეკლებიან ღობეშიც კი გაძვრებიან, პრაგმატული ფეხბურთელები კი მის გაჭრას ეცდებიან. ახალგაზრდებთან ერთად იზრდება თამაშის ხარისხიც, რადგან ყოველი ახალი თაობა ერთი თავით მაღლა დგას წინაზე.

მოცემული დებულება უფრო სარწმუნო ხდება ტელევიზიის გლობალური ზეგავლენისა და სკაუტური ხელმისაწვდომობის ზონის გაზრდის გამო. ტელევიზია მთელი მსოფლიოს ბიჭებს საშუალებას აძლევს მესისა და რუნალდუს თამაშს უყუროს. დარმწუნებული ვარ, რომ ათასობით ბავშვი ცდილობს მესისა და რუნალდუს ფინტებში მიბაძოს. სადღაც ნახავთ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც თავიანთ კერპებს აჭარბებენ და ახალ თაობებს მანამდე უხილავ მწვერვალამდე აიყვანენ.

შესაძლოა, ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდისადმი ჩვენი მიდგომა ძალიან სერიოზული, რომელიმე გლობალური ორგანიზაციის თანამშრომლების სწავლების მინიატურული ასლი იყო. გარკვეული დეპარტამენტების განყოფილებები გვქონდა. ცალკე აღებული ფეხბურთელის წარმატებისკენ მიმავალი გზა გასაგები იყო, თუ უნივერსიტეტის კურსდამთავარებული სამუშაოზე სტაჟიორად მოდიოდა და ოცნებობდა გენერალური მენეჯერი ან მმართველი ყოფილიყო.

"იუნაიტედში" იყო ახალგაზრდული გუნდის განყოფილება, დუბლი, რეზერვი და ძირითადი გუნდი. ინგლისის ახალგაზრდული თასი ჩვენთვის ძლიან მნიშვნელოვანი იყო: ახალგაზრდებს სერიოზული კონკურენციის გემოს გაღების საშუალებას აძლევდა. მზადების ასეთი სახე თავისებური მსგავსება იყო პირველი გუნდის თამაშებთან, შეეძლოთ დამარცხებასა და გამარჯვებას შორის განსხვავება შეეგრძნოთ.

ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებთან პირველად შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, მოსვენებას არ ვაძლევდით - მუდმივი ვარჯიშებით ვტვირთავდით და ვუყვებოდით რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. სამწვრთნელო შტაბს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ბიჭებმა შემდეგი განვითარებისთვის საჭირო ყველაფერი გაითავისეს. აკადემიაში ვარჯიში ხუმრობა როდია.

სამშაბათ და ოთხშაბათ საღამოს ახალგაზრდები თავიანთი მწვრთნელისა და პირველი გუნდის მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდნენ; დანარჩენ დროს კი ბიჭები ერიკ ჰარისონის კონტროლის ქვეშ ატარებდნენ. იმ დღეებში ახალგაზრდების ვარჯიშებს არჩი ნოქსიც ხშირად სტუმრობდა და შეძლო ვარჯიშები ისე მოეწყო, რომ ბიჭები ყოველ ვარჯიშზე ისე გამოდიოდნენ, როგორც თასის ფინალზე. ზოგიერთ მათგანს ერიკთან ვარჯიში უფრო აშინებდა, ვიდრე ჩემთან.

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი II)

ერიკ ჰარისონი და გარი ნევილი


ერიკ კანტონამ, როცა "წითელი ეშმაკი" იყო, ერთხელ ყველაზე დიდსულოვანი მოქმედება ჩაიდინა ახალგაზრდებთან მიმართებაში. "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ერთი აზარტული თამაშის თამაში გადაწყვიტეს. ამისთვის თითოეული ფეხბურთელი საერთო ბანკში იკრიბებოდა და კალათში, რომელსაც ინგლისის თასის კენჭისყრისთვის იყენებენ, ქაღალდებს ყრიდნენ, რომლებზეც ფეხბურთელთა გვარები ეწერა. თითოეულს ეძლეოდა არჩევანი: აიღოს თავისი მოგებული წილი ან ითამაშოს ბოლო გავარდნამდე და კოეფიციენტის ამაღლება სცადოს.

ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემისა და გარი ნევილის ჩათვლით, თავისი ნაწილი აიღო, თუმცა პოლ სქოულზმა და ნიკი ბატმა გარისკვა გადაწყვიტეს. როცა ერიკ კანტონამ მოიგო, მთელი ფული სქოულზსა და ბატს გაუყო. ისინი სულ მცირე ხნის წინ მოხვდნენ ძირითადში და 7500 ფუნტი მათთვის ორი თვის ხელფასის ტოლი იყო. როცა ერიკს ვკითხე, ასე რატომ მოიქცა, თავის სტილში მიპასუხა: "იმიტომ, რომ კვერცხები აქვთ".

ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იმის გაცნობიერება, რომ მის ზურგს უკან დგას თავკაცი, რომელიც მის კარიერაზე მთელი გულით დარდობს - უდიდესი სტიმულია. ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოცდილებს უფრო მყარი ჯაჭვით უკავშირდებიან, ვიდრე სამწვრთნელო შტაბს. ნაწილობრივ, ასე ხელმძღვანელსა და ქვეშევრდომს შორის არსებული დადგენილი დისტანციურობის გამო ხდება. შესაძლოა, სხვადასხვა კატეგორიის ასაკშია საქმე. მაგალითად, "იუნაიტედში" ჩემი ეპოქის მიწურულს, ჯეიმს უილსონს უფრო უადვილდებოდა პატრის ევრასთან საერთო ენის პოვნა, ვიდრე ჩემთან, რადგან მას ბაბუად ვერგებოდი. იმაზე, სწორ ხელმძღვანელს აირჩევ თუ არა, საჭირო ხალხთან მუშაობისას გაგიმართლებს თუ არა, ბევრი რამეა დამოკიდებული. საუკეთესო მასწავლებლებს შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.

მაგრამ, რამდენად კარგადაც არ უნდა გემუშავა ახალგაზრდებთან, "ბარსელონა" ყოველთვის უკეთესად აკეთებდა ამას. ის, თუ როგორ იქცევიან ეზოს ბიჭები მათ საუკეთესო ფეხბურთელებად, უბრალოდ გაოცებს. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივასა და ორგანიზაციულ საკითხებში შესაფერისი მომზადების უპირატესობას ავლენს. ცალკეული გუნდური ატმოსფერო კლუბში არსებული ოჯახური ატმოსფეროსგან მომდინარეობს და ფეხბურთელებს შორის კავშირებს აბამს. ხალხი, რომელთაც თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, შესანიშნავად გრძნობენ ერთმანეთს და ყველაფერი უსიტყვოდ ესმით. ასე ხდება საფეხბურთო მოედანზეც. ამის შესანიშნავი მაგალითია მესი-ჩავი-ინიესტას სამეული. შესანიშნავად ურთიერთქმედებდნენ, მათი მუდმივი პასებისგან თავბრუ დაგეხვეოდა. დატრიალებული კარუსელის ყურებას ჰგავს.

ერთიანად შეკრებისას (ნაწილი II)

"ბარსელონას" სამეული


"არსენალში" ვენგერი გუნდის გრძელვადიან მშენებლობას თავისებურად უდგებოდა. ინგლისში მოსული ვენგერი ფრანგული ფეხბურთის ცოდნას ეყრდნობოდა და ფრანგი ფეხბურთელები იყიდა, რომლებიც ან მოზარდები იყვნენ, ან თითქმის 20 წელს აღწევდნენ: ტიერი ანრი, პატრიკ ვიეირა, ნიკოლა ანელკა. სულ რამდენიმე ხნის წინ, არსენმა მიდგომა შეცვალა თანამედროვე რეალიების გამო და დიდი ფული დახარჯა მესუთ ოზილისა და ალექსის სანჩესის შეძენაზე, მათთან ერთად კი "მეთოფეებს" ისეთი ახალგაზრდა ინგლისელები შესძინა, როგორებიც ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უოლკოტი და ჩემბერსი არიან.

"იუნაიტედში" მუშაობის ჩემი ბოლო ათი წლის განმავლობაში ამავე ტაქტიკას ვეყრდნობოდით. ჩვენი კავშირები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავავრცელეთ და ტყუპი და სილვები შევიძინეთ, როცა 17 წლის იყვნენ, ჯუზეპე როსი, ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც შემდეგ "ვილიარეალში" გავყიდეთ, ჟერარ პიკე "ბარსელონადან", რომელიც მხოლოდ 17 წლის იყო. კლუბს უფლება აქვს 16 წლის ბიჭებს კონტრაქტი შესთავაზოს, მოთამაშეს კი 17 წლის ასაკში შეუძლია ხელის მოწერა. ესპანეთში სხვა სისტემა მოქმედებს. სწორედ ესპანური კანონების წყალობით შევიძინეთ პიკე, როცა 16 წლის ასაკში შევთავაზეთ კონტრაქტი. თავის მხრივ, ესპანური კლუბები თავიანთ ახალგაზრდა კადრებს ვერ იცავდნენ. ისტორია განმეორდა, როცა ფაბრეგასი "არსენალში" გადავიდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ჩვენი აქცენტი წლების განმავლობაში მხოლოდ ძლიერდებოდა და სისტემა სულ უფრო კარგად მუშაობდა. "იუნაიტედის" ფართო სკაუტური კავშირის წყალობით ნებისმიერ ქვეყანაში ვპოულობდით მოთამაშეს - მაკედა (იტალია), პოსებონი (ბრაზილია), იანუზაი (ბელგია) და ასე შემდეგ. ჩემი ბოლო სეზონების განმავლობაში კონტრაქტები გავუფორმეთ ისეთ ახალგაზრდებს, როგორებიც არიან ტაილერ ბლეკეტი, პედი მაკნეირი, ჯეიმს უილსონი, ანდრეას პერეირა და უილ კინი.

ჩემი ნება რომ იყოს, "იუნაიტედის" ყველა მოთამაშის შვილები ჩვენი აკადემიის სამიზნეები გახდებოდნენ. ეს ხაზს უსვამს ახალგაზრდულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადების მნიშვნელობას, რომელიც, კერძო შემთხვევაში მშობლებს "იუნაიტედის" სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაში დაარწმუნებს. შვილებისთვის ყველას საუკეთესო უნდა და ასეთი გავლენის დახმარებით კლუბს გაცილებით ძლიერი პოზიცია ექნება მოლაპარაკებებში. გაცილებით რთულია ნათელ მომავალზე ოცნება გაყიდო, თუ ვერ შეძლებ პერსონალისა და სპორტული აღჭურვილობის დემონსტრირებას, რომელთა წყალობით ის შეიძლება ახდეს.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 თებერვალი 2019 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მადლობა ავტორ
1
№2
ავტორი: giorgi_mg
1 მარტი 2019 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა ავტორს და ფერგის
ფაქტია ახალგაზრდული სული და აკადემიელები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გუნდისთვის, თუმცა 1-2 კაცი "კვერცხებიანი"_ც საჭიროა
0
№3
ავტორი: men1me
1 მარტი 2019 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ავტორ მადლობა რომ ასე გვანებივრებ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top