"მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მისი კლუბის მიზანი არა მარტო ოთხეულში მოხვედრა, არამედ ტიტულის მოგებაც არის.
ოთხ დღეში ორი სათასო ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ "ტოტენჰემის" მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს მეორეხარისხოვანი ტიტულები და "დეზებისთვის" გაცილებით მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობა.
სოლსკიაერი თავის კოლეგას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ "წითელი ეშმაკები" არ უნდა დაკმაყოფილდნენ იმით, რითაც "ტოტენჰემი" კმაყოფილდება.
"თუ ტიტულს იგებ, კლუბში ყველასთვის დიდებული დღე დგება, შენი ცხოვრების საუკეთესო დღე, რადგან არასდროს იცი, კიდევ როდის მოიგებ მომდევნო ტიტულს. სერ ალექს ფერგიუსონი ყოველთვის ამბობდა: "რა ტიტულიც არ უნდა მოიგოთ, უბრალოდ ისიამოვნეთ ამით".
აქ იმისთვის არ ვიმყოფები, რომ პოჩეტინოს ან რომელიმე მწვრთნელის სიტყვები განვსაჯო. უბრალოდ ვამბობ, რომ ამ კლუბში ყოველთვის ტიტულებს ვესწრაფვით. ასეთია ჩვენი ბუნება. ამიტომაც ვეცდებით ინგლისის თასის მოგებას.
ოთხეულში მოხვედრა - ეს ოცნება არ არის. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ ჩემპიონატის მოგებას. წელს ეს არ გამოგვივა, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად უნდა გავხდეთ პრეტენდენტები. ახლა მეექვსე ადგილზე ვართ და პირველამდე ბევრი ქულა გვაშორებს, მაგრამ სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ", - განაცხადა სოლსკიაერმა.