თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2019, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1615,
კომენტარები: 3
სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი III)
თავი 2
სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი III)
მისწრაფება

მრავალი წელი ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, რატომ ისწრაფოდა ზოგიერთი ფეხბურთელი უფრო მეტად, ვიდრე სხვები. არა მგონია, ახლა უფრო ახლოს ვიყო საკითხის ამოცნობასთან, ვიდრე 30 წლის წინ, მაგრამ ამ ენერგიის გამოყენება ვისწავლე. როგორც უკვე აღვნიშნე, მიზანდასახულსა და ნიჭიერს შორის არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, პირველს ავირჩევდი. ჩემთვის მისწრაფება ნიშნავს შრომისთვის მზადყოფნას, ემოციურ მედგრობას, დაუჯერებელი კონცენტრაციის უნარსა და მარცხის უღიარებლობას.

„იუნაიტედში“ ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებიც განასახიერებდნენ წარმატებისთვის აუცილებელ დრაივს. მათგან ყველაზე გამოკვეთილნი იყვნენ სტივ ბრიუსი, ბრაიან რობსონი, როი კინი, მარკ ჰიუზი, ბრაიან მაკკლერი და პატრის ევრა. ერთი მოთამაშის მიზანსწრაფულობას შეეძლო, გავლენა მოეხდინა მთელ გუნდზე. გამარჯვებისკენ სწრაფვა ჯადოსნური ელექ****ს დარია, რაც ერთი ადამიანიდან სხვაზე გადადის. ბრაიან რობსონისთვის შიშის გრძნობა სრულიად უცნობი იყო. ის წარმოშობით ჩესტერ-ლი-სტრიტიდან, დარემის საგრაფოდან არის, სადაც ჩრდილოეთ ინგლისის ქვანახშირს მოიპოვებდნენ. ბრაიანს თავისუფლად შეეძლო ისეთ ორთაბრძოლაში შესვლა, რომელსაც სხვები გაექცეოდნენ. შედეგად, დიდი დრო გაატარა ლაზარეთში, მაგრამ ფასდაუდებელ ლიდერად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაიანმა რამდენიმეჯერ ამოიგდო მხარი, მაინც აგრძელებდა ყოველდღიური ვარჯიშების შესრულებას და ასი აზიდვის კეთებას. ჩემს ფეხბურთელებს ხშირად ვუჩვენებდი კუთხურის დროს საჯარიმოში მყოფი რობსონის ფოტოს. ფოტოზე მას ცივსისხლიანი თვალები აქვს; მთელი მსოფლიოსგან ყურადღება ერთ მომენტზე გადაჰქონდა. დიდებული ფარია მოწინააღმეგის მხრიდან კუთხურის შესრულებისას.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი III)

ბრაიან რობსონი


როი კინის უშრეტი სწრაფვა შთაგაგონებდა. სტივ ბრიუსმა დაცვის ხაზში 414 მატჩი ჩაატარა, უშიშრად თამაშობდა და დიდებული ორგანიზატორიც იყო, მაგრამ სისწრაფე აკლდა. სხვათაშორის, ასევე იყო ტონი ადამსიც, მაგრამ მან თავისი ნაკლოვანებები გამარჯვების ღრმა და ცხადი სურვილით შეავსო.

დევიდ ბექჰემს გამარჯვება სწყუროდა, ისევე, როგორც ნიკი ბატს, რომელმაც 387 მატჩი ჩაატარა „იუნაიტედში“ და სტადიონთან ახლოს ცხოვრობდა. ბერიდან (დიდი მანჩესტერის საგრაფოს ქალაქი) ჩამოსული ძმები ნევილები, დენის ირვინი როინი კინის მსგავსად კორკში დაიბადა და ასევე ფლობდა უნიკალურ მიზანსწრაფულობას. მათ მსგავსი ხასიათი ჰქონდათ: კლუბისადმი აბსოლუტური ერთგულება; ძალიან საიმედო ფეხბურთელები, რომელთა იმედიც ყოველთვის უნდა გქონოდა სეზონის 80% მატჩებში; და თითოეულ მათგანს შეეძლო გუნდისთვის საკუთარი სურვილების გადაცემა. ეს ბიჭები ვერ იტანდნენ მარცხის მწარე გემოს. საბედნიეროდ, წლიდან წლამდე ასეთ ფეხბურთელებს ვიძენდით.

ამ ბიჭებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებისას სულაც არ ვაკნინებ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ მოასპარეზე სხვა ფეხბურთელებს. ისინი ვახსენე იმის გამო, რომ ჰიუზის, კოულის, კანტონას, ვერონის, სქოულზისა თუ გიგზის მსგავს ბუნებრივ ნიჭს არ ფლობდნენ. ისინი მიზანდასახულობის მაგალითად იმიტომ მომყავს, რომ უშრეტი სურვილის, მოტივირებისა და სიმტკიცის ძალაზე დაფუძნებით მთელი თავიანთი ნაკლი გადაფარეს.

ზოგჯერ ფეხბურთელის ენერგია კონტროლს არ ექვემდებარებოდა და ჩარევა მიწევდა. იყო შემთხვევა, როცა „მიდლსბროს“ ვეთამაშებოდით და ჩვენი რამდენიმე მოთამაშე მსაჯს დასდევდა ძაღლის ხროვასავით. მათ თავს დავესხი, მაგრამ ფრთხილად უნდა მოვქცეულიყავი, რომ შემთხვევით მათში დემოტივაცია არ გამომეწვია. როცა ზედმეტად ერევი, ფეხბურთელს მთელი დრაივი უქრება. დამიჯერეთ, ამის გაკეთება გაცილებით ადვილია, ვიდრე ამავე გრძნობის ჩანერგვა ადამიანში, ვინც ბუნებას არ დაუჯილდოებია. როგორც წესი, შეუძლებელია ფეხბურთელში დრაივისა და მიზანდასახულობის ჩასახვა, თუკი ეს როგორღაც მოზარდობისას თავისთავად არ შეიძინა. თუმცა, ხანდახან იმედისმომცემი შემთხვევებიც ხდება. ასეთი შემთხვევის მაგალითად მახსენდება ოლე გუნარ სულშერი. ის ნორვეგიის მეთევზეთა პატარა და მყუდრო სოფელში გაიზარდა, 1996 წელს კი, როცა 23 წლის გახდა, „ოლდ ტრაფორდზე“ მოვიდა. ისე გამოიყურებოდა, როგორც 14 წლის სტიქაროსანი ბიჭი; მასში სურვილი იგრძნობოდა. „იუნაიტედში“ მან პირველად გაიღო გამარჯვების გემო. ოლე თანდათან მისკენ ისწრაფოდა და შედეგად თამაშში უფრო აგრესიული გახდა, რის ხარჯზეც დიდი თავდაჯერებულობა შეიძინა.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი III)

ოლე გუნარ სულშერი


თავდაჯერებულობა

ადამიანთა უმრავლესობას შინაგანი თვითრწმენა არ გააჩნია. მათი თავდაჯერებულობის შერყევა ადვილია, იქით მიდიან, საითაც ქარი უბერავს, ხშირად ტანჯავთ ეჭვი. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იქცე ეფექტურ ლიდერად მტკიცე ხასიათისა და ღრმა თვითრწმენის გარეშე. ფეხბურთელობისას ჩემი თავდაჯერებულობა გამოსცადეს, როცა „რეინჯერსმა“ ჩემი თავიდან მოშორება მოინდომა, მომთხოვეს, დავთანხმებულიყავი სხვა ფეხბურთელის შეძენაში შეთანხმების ნაწილად ყოფნას. მაგრამ საკმარისად მტკიცე ვიყავი იმისათვის, რომ დავეჩაგრე. ვარჯიშების წინ გოლფის სათამაშოდ დავდიოდი, რათა გონება გამენიავებინა და მნიშვნელოვანი მოქმედებისთვის ვყოფილიყავი მზად. მოვახერხე და მათ საბაბი არ მივეცი, ამიტომ 1969 წელს, როცა „ფალკირკში“ გამყიდეს, შეთანხმება ჩემი პირობების საფუძველზე შედგა.

როცა რამეში ეჭვი მეპარებოდა ან ბოლომდე არ ვიყავი სამართლიანი საკუთარ თავთან, ისეც ხდებოდა, რომ სხვა ადამიანს გამოვყავდი გასაჭირიდან. 1991 წელს, „იუნაიტედში“ ჩემი კარიერის აისზე ასეთი შემთხვევა მოხდა. ჯოკ უილასმა, „რეინჯერსის“ ყოფილმა მენეჯერმა, დამირეკა და შემატყობინა, რომ „საუთჰემპტონთან“ ჩვენს მატჩს დაესწრებოდა. ჯოკს პარკინსონის დაავადება ტანჯავდა, მაგრამ, როგორც მანამდე, ახლაც უდრეკად იდგა. მატჩის შემდეგ სავახშმოდ წავედით, მან კი მითხრა: „ეს არ არის ალექს ფერგიუსონის გუნდი. როგორც კი გახდება, ყველაფერი კარგად იქნება“. თითქოს მხრებიდან ლოდი მომხსნესო, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკუთარ თავთან ბოლომდე მართალი არ ვიყავი. ვიცოდი, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი საკმარისად კარგი არ იყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ისინი გამეყიდა, ვცდილობდი, იმად მექცია, ვინც უბრალოდ ვერ გახდებოდნენ. ჯონ ლაიალმა, „ვესტ ჰემის“ მენეჯერმა ასეთივე რჩევა მომცა: „დარწმუნდი, რომ შენს გუნდში ალექს ფერგიუსონს ხედავ“. ჯოკიც და ჯონიც იმას მიმანიშნებდნენ, რომ საკუთარი პრინციპებისა და მიდგომისათვის არ უნდა მეღალატა. ამიტომ ახლა, როცა რომელიმე მწვრთნელისადმი მხარდაჭერას გამოვხატავ, მეც ამ სიტყვებს ვიყენებ.

„აბერდინის“ დატოვების შემდეგ არც ისე ხშირად შემპარვია ეჭვი საკუთარ თავში. საფეხბურთო საქმიანობას 29 წელზე მეტი ვსწავლობდი და ვსაქმიანობდი, თუ ჩავთვლით კარიერის დაწყებიდან შოტლანდიის დატოვებამდე პერიოდს. „აბერდინში“ მნიშვნელოვანი მიღწევები მქონდა. მთელი ეს გამოცდილება შინაგან სიმტკიცესა და საკუთარ შეხედულებებში დამაჯერებლობის მოპოვებაში დამეხმარა. „იუნაიტედისგან“ შემოთავაზების მიღების შემდეგ ამაყი და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ „ოლდ ტრაფორდზე“ მისვლისთანავე დავინახე, რომ გუნდში ალკოჰოლის პრობლემა იყო და ამასთან ბრძოლა მომიწევდა. ცოტათი შეშფოთებული ვფიქრობდი: „რაში გავყავი თავი?“ 1989 წელსა და 1990-ანების დასაწყისში „იუნაიტედში“ ყველაფერი თავდაყირა იდგა. ჩემპიონატში ჩატარებულ პირველ 24 ტურში მხოლოდ 6 მატჩი მოვიგეთ, 1989 წლის ნოემბრიდან 1990 წლის თებერვლის დასაწყისამდე კი ყველაფერმა უარესი სახე მიიღო. 11 მატჩში ვერც ერთი ვერ მოვიგეთ. ფაქტიურად 1989 წლის 12 ნოემბერს „ნოტინგემ ფორესტის“ დამარცხების შემდეგ არ მოგვიგია სახლში „ლუტონ თაუნთან“ მატჩამდე, რომელიც 1990 წლის 3 მარტს შედგა. გულშემატკივარი ღელავდა, პრესა კი თანდათან აჩენდა თავის კლანჭებს. „აბერდინში“ მუდმივად წარმატებას ვაღწევდი, ამიტომ შექმნილმა ვითარებამ შოკამდე მიმიყვანა. ჩემს შვილ ჯეისონს (მაშინ მოზარდი იყო) ახსოვს, როგორ იჯდა სამზარეულოში, ტიროდა და მთხოვდა, აბერდინში დავბრუნებულიყავით. ახლა მეუბნება, რომ მაშინ ვუპასუხე: „არა. სამუშაოს გავაგრძელებთ. ყველაფერი გამოვა.“

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი III)

ალექს ფერგიუსონი თავის პირველ მატჩზე


ერთია საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა და სულ სხვაა - მისი ჩანერგვა სხვებში. ყოველი მოთამაშე იბრძვის შემადგენლობაში მოსახვედრად. თუ ვინმემ გაიარა საკლუბო აკადემია, შემდეგ სარეზერვო გუნდიდან მოხვდა ძირითადში, მაინც ყოველთვის იფიქრებს, რომ სხვამაც შეიძლება გაიაროს იგივე გზა ან ტრანსფერით გადმოვიდეს. ყოველი სეზონის შემდეგ არსებობდა ფეხბურთელი, რომელიც შვებულებაში ისე გადიოდა, რომ მომდევნო სეზონის პირველ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის გარანტია არ ჰქონდა. როგორც წესი, ახალგაზრდებს ვეტერანების ეშინიათ - მეტწილად იმიტომ, რომ მოედანზე ბავშვობის კერპებთან ერთად გამოდიან. უფროსი ასაკის ფეხბურთელები კი მუდმივ ბრძოლას აჩაღებენ ასაკსა და ტრავმებთან. ტრავმები კარიერულ წინსვლას აფერხებს ან რაც უფრო ცუდია, დაღს ასვამს მას საწყის ეტაპზევე, როგორც ბერნ თორნლის შემთხვევაში მოხდა 1994 წელს. ტრავმის შედეგად სუსტდება ფეხბურთელის თავდაჯერებულობა და მისი სულის სიმტკიცე.

ფეხბურთელთა უმრავლესობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, საკუთარი სხეული საიმედო პარტნიორად მიაჩნიათ და მას ღვთის მადლად აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, ტრავმის შემდეგ მაშინვე იკარგებიან გაურკვევლობაში. ისინი აღარ მოგზაურობენ გუნდთან ერთად, დამოუკიდებლად გადიან აღდგენით პროგრამებს, ეჭვი ეპარებათ ფორმის აღდგენაში ან ფიქრობენ, რომ კლუბი მათ ადგილას სხვა ფეხბურთელს მოიყვანს.

ზოგიერთს სინდისიც კი ღრღნის იმის გამო, რომ ხელფასს იღებენ, თუმცა გუნდისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვთ. ერთბაშად ორი ასეთი მაგალითი მახსენდება: როცა ფერნანდო როდენდო „მილანში“ გადავიდა მადრიდის „რეალიდან“, ერთ-ერთი პირველი ვარჯიშის დროს საშინელი ტრავმა მიიღო. სანამ მოედანზე გასვლას შეძლებდა, ხელფასის აღებაზე უარს აცხადებდა. მისი პირველი მატჩი ახალ კლუბში გადასვლიდან ორ წელიწადნახევარში შედგა და ამ დროის განმავლობაში ერთი პენიც კი არ აუღია. მარტინ ბაკენმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1983 წელს, კლუბისთვის მიძღვნილი 11 წლის შემდეგ დატოვა. ამის შემდეგ „ოლდჰემ ატლეტიკში“ გადავიდა და კონტრაქტის გაფორმების შედეგად სოლიდური თანხა მიიღო. მეორე სეზონის სტარტზე გააცნობიერა, რომ პროფესიონალურ დონეზე თამაში აღარ შეეძლო. ამიტომ გუნდის მწვრთელთან მივიდა, გათავისუფლება სთხოვა და გადახდილი თანხა უკან დაუბრუნა. ორი ღირსეული ადამიანი დიდსულოვნად მოიქცა.

მატჩის მიმდინარეობისას ნებისმიერი ფეხბურთელის თავდაჯერებულობა შეიძლება შეირყას. ადამიანს წარუმატებელი დღე აქვს, როცა იმასაც კი ვერ ხედავ, რომ ბურთი შენკენ მოგორავს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ფეხბურთელს გულის სიღრმეში სურს, რომ შეცვალონ. ჩემს პერიოდში ყველაზე მეტად მეკარეებსა და თავდამსხმელებს ეპარებოდათ ეჭვი საკუთარ თავში. თავდაჯერებულობას რომ დაკარგავდნენ, სრულიად სხვა ადამიანებად იქცეოდნენ. როცა თავდამსხმელი გოლს ვერ იტანს, დარწმუნებულია, რომ ვეღარასოდეს გაიტანს და პირიქით - როცა გოლს იტანს, ვერც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება მიზანს ააცილოს. ჩემი ყველა ფორვარდი ასეთი იყო, მათ შორის მარკ ჰიუზი, ერიკ კანტონა და რუდ ვან ნისტელროიც. მარკ ჰიუზი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მწვრთნელია, 1983-1985 და 1988-1995 წლებში ირიცხებოდა „იუნაიტედში“. რკინასავით მაგარი, მტკიცე ადამიანი იყო. მარკი დიდი მატჩებისთვის იყო დაბადებული, ამიტომ მნიშვნელოვან შეხვედრებში მისი იმედი ყოველთვის უნდა გქონოდა. მაგრამ ძალიან ნერვიულობდა, როცა გოლს ვერ იტანდა.

ვან ნისტელროის მთელი ნატურა გოლების გატანასთან იყო დაკავშირებული. მეტოქის კარს თუ ვერ აიღებდა, მატჩი რომ მოგვეგო, სულში მაინც ეშმაკები უსახლდებოდნენ. რუდი საქმეს კალვინისტურად (კალვინიზმი - პროტესტანტული ქრისტიანობის რაციონალური მიმდინარეობა) უდგებოდა. მიაჩნდა, რომ ღვაწლის ანაზღაურებას არ იმსახურებდა, თუკი გოლი ვერ გაიტანა. ეჭვგარეშეა, ჩემს ყველა თავდამსხმელს შორის ის ყველაზე მტკიცე იყო. მთელი მისი არსებობა გოლების ირგვლივ სუფევდა. 2003 წელს „ევერტონს“ ვძლიეთ და ჩემპიონები გავხდით, მატჩის შემდეგ კი რუდი გასახდელში გაიქცა, რათა ენახა, ვინ მიიღო ოქროს ბუცი, პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო - მან თუ ტიერი ანრიმ. აღმოჩნდა, რომ რუდმა გაიმარჯვა, ამიტომ ზაფხულის არდადეგებით მშვიდად ისიამოვნა.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი III)

რუდ ვან ნისტელროი და ალექს ფერგიუსონი



რაც შეეხებათ მეკარეებს, 2006 წელს „იუნაიტედის“ დატოვების შემდეგ ტიმ ჰოვარდის კარიერა „ევერტონში“ შესანიშნავად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-დან „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლის შემდეგ პირველი სეზონი კარგად დაიწყო, მისი თავდაჯერებულობა აღარასდროს აღმდგარა 2004 წელს „პორტუსთან“ დაშვებული შეცდომის შემდეგ. სწორედ ამის გამო გავვარდით ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან. ნაკუწებად ვაქციე. შემადგენლობაში მაინც დაბრუნდა, მაგრამ აღარ ჰგავდა ურყევს. მესმის მეკარეების, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ მთელი სტადიონი მათ უყურებს. ბურთის წართმევის წარუმატებელი მცდელობა, რამდენიმე არაზუსტი პასი ან ბურთის უკან დაბრუნებისას ჩაჭრა მარტივად ავიწყდებათ, არადა გოლის გამოწვევა ამასაც შეეძლო.

როცა 2011 წელს გუნდში დავიდ დე ხეა გამოჩნდა, შესაშური როლი ნამდვილად არ ერგო - მას უნდა შეეცვალა დიდებული ჰოლანდიელი, ედვინ ვან დერ სარი, რომელიც 6 წლის განმავლობაში ოსტატურად იცავდა კარს. დავიდი სულ რაღაც 20 წლის იყო. მიუხედავად თავისი სიმაღლისა, კუნთები უნდა გაეზარდა, რათა პრემიერ ლიგის „დოღს“ გამკლავებოდა. პირველი რამდენიმე თვე წარუმატებელი გამოდგა და პრესაცა და გულშემატკივარიც მას აკრიტიკებდა. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ შევამჩნიე, რომ გულჩათხრობილი იჯდა, ამიტომ მასთან პირისპირ არ მისაუბრია და ამის ნაცვლად მთელ გუნდს გავუზიარე შთაბეჭდილებები. ვლაპარაკობდი იმის შესახებ, რომ დავიდი შესანიშნავი მაგალითია „იუნაიტედის“ მენტალიტეტის მქონე ადამიანისა, ვინც ინგლისში ენის ცოდნისა და მართვის მოწმობის გარეშე ჩამოვიდა, კვირიდან კვირამდე სიცოცხლეს უმწარებდნენ თავდამსხმელები, ვინაიდან მათი მიზანი დავიდის ცხოვრების კოშმარად ქცევაა. საუბარს მოვრჩი და აღმოვაჩინე, რომ ჩემმა სიტყვებმა მისი სულისკვეთება აამაღლა. ახლა ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მეკარეთა მწვრთნელის, ერიკ სტილსა და სხვებთან ერთად მუშაობის შედეგად.

ფეხბურთელის თავდაჯერებულობის კიდევ ერთი შემოწმება - პენალტების სერიაა. ზოგიერთი ფეხბურთელი, მაგალითად, პატრის ევრა, ამაში დიდებული იყო ვარჯიშებზე, მაგრამ მატჩების დროს პენალტების გაგონებაც არ უნდოდა. პოლ ინსიც ასეთი იყო, უეს ბრაუნი კი, ჩვენი დიდი ხნის ერთგული მცველი, ამჯობინებდა, ქანცგაწყვეტილს ეთამაშა კიდევ ერთი მატჩი, ვიდრე პენალტი დაერტყა. ვფიქრობ, უესი ლოცულობდა, რომ გამარჯვებულის ბედი მანამდე გადაწყვეტილიყო, სანამ მისი დარტყმის ჯერი მოვიდოდა. მეორე მხრივ, იყვნენ ისეთებიც, ვისი თავდაჯერებულობაც გვერდიდან იღვრებოდა. იმ იშვიათ შემთხვევებშიც, როცა ერიკ კანტონა ნიშნულიდან აცდენდა, სახეზე ეწერა შეკითხვა: „ასე როგორ შეიძლება?“. როგორც ჩანს, წარმოუდგენელ ფაქტად მიაჩნდა. დენის ირვინი, სტივ ბრიუსი, ბრაიან მაკკლერი, რუდ ვან ნისტელროი, რობინ ვან პერსი, უეინ რუნი - თითოეულ მათგანს სიამოვნებდა პენალტის შესრულება. რუნი წარმატებას მაშინ აღწევს, როცა ზეწოლის ქვეშ იმყოფება. 2011 წლის მაისში „ბლექბერნ როვერსთან“ 1-0 ვმარცხდებოდით. ჩემპიონატის მოსაგებად კი მხოლოდ 1 ქულა გვჭირდებოდა და მატჩის დასრულებამდე 17 წუთით ადრე პენალტის დარტყმის უფლება მივიღეთ. რუნიმ ძლიერი დარტყმით ჩასვა ბურთი ზედა კუთხეში. დარწმუნებული ვარ, მოედანზე გასვლამდე იცოდა, სად დაარტყამდა პენალტს და ეს მას დაეხმარა.

ზოგჯერ ვხვდებოდი, რომ პენალტების სერია გარდაუვალი იყო და ბოლო წუთებზე შესაბამისი ფეხბურთელები შემყავდა მოედანზე. ასე მოვიქეცი 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. პენალტის დასარტყმელად ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი შევიყვანე. მაშინ იგი მხოლოდ 20 წლის იყო, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების ღრმად სწამდა. ანდერსონმა მეექვსე პენალტი გაიტანა და სწორედ ამით დაგვეხმარა „ჩელსის“ დამარცხებასა და ტურნირზე მესამე ტრიუმფის მიღწევაში.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი III)

ანდერსონი


ზოგჯერ მატჩის სტატუსი ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელსაც კი გამოიყვანს მწყობრიდან. უბრალოდ წარმოიდგინეთ ზეწოლა, რომელიც ფეხბურთელზე კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ ხდება. შეუძლებელია ისე მოხდეს, რომ არავინ მიაქციოს ყურადღება პრესაში ატეხილ აჟიოტაჟს, გამოეთიშონ ირგვლივ არსებულ ატმოსფეროს და აღიქვან ფინალი - განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ფინალი - როგორც რიგითი მატჩი 11 ადამიანის წინააღმდეგ. ცხოვრებაში ასე არ ხდება. როცა 1991 წელს როტერდამში „ბარსელონას“ დავუპირისპირდით თასების მფლობელთა თასის ფინალში, 23 წლის პოლ ინსი ნერვების გაწყვეტამდე იყო დაძაბული. ისიც კი ვერ დაეხმარა, რომ მატჩის დასაწყისი გადაიდო, რადგან ყველა გულშემატკივარმა ვერ მოახერხა სტადიონზე შესვლა. მატჩის პირველი ნახევარი პოლმა საკმაოდ ცუდად ჩაატარა, ბრაიან რობსონი გაკვირვებული დარჩა. შესვენებაზე კი მასთან მივედი: „ინსი, უბრალოდ მატჩზე იფიქრე. დაივიწყე ყველაფერი, რაც მატჩამდე მოხდა. ცუდი არაფერი მოხდება. უბრალოდ მოედანზე გადი, მოდუნდი და ისიამოვნე“. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ითამაშა რობსონთან ერთად დიდებულად ეხმარებოდა დაცვის ხაზს.

ისეც ხდებოდა, რომ ფეხბურთელი თავადვე ირთულებდა ცხოვრებას და პანიკას სწევდა. ასე იყო 1995 წელს, როცა უეფა-ს თასის გათამაშებაზე ვოლგოგრადის „როტორმა“ ტურნირს გამოგვთიშა. გადავწყვიტე, რომ ჯონ ო’კეინი, ძალზე ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც სულ რამდენიმეჯერ გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში, მარჯვენა მცველად მეთამაშებინა. მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, როცა სასტარტო შემადგენლობები უკვე დიდი ხნის შეთანხმებული იყო, მთხოვა, მარცხენა ფლანგზე დამეყენებინა. ნათელი იყო, ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ უკვე ვეღარაფერს გავაწყობდი. მისი ბაგეებიდან თხოვნამ სასიკვდილო სურვილად გაიჟღერა, ვოლგოგრადელი ვინგერი უბრალოდ დაფრინავდა მოედანზე. მარჯვენა ფლანგზე ფილ ნევილი გადავიყვანე, ო’კეინი კი მარცხნივ დავაყენე, მაგრამ საბოლოოდ ნაკუწებად აქციეს და ცვლილება პირველ ნახევარ საათში განვახროციელე.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი III)

დევიდ ბექჰემი ვლადიმირ ნიდერგაუსთან ორთაბრძოლაში


ისეთი რამეც შეიძლება მოხდეს, რაც მთელი გუნდის სულისკვეთებასა და თავდაჯერებულობას ანადგურებს. ასეთ მომენტებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო განწყობის ამაღლება. როცა „მანჩესტერ სიტიმ“ ბრიტანეთში უნახავი თანხების ხარჯვა დაიწყო, „იუნაიტედის“ ყველა წევრი კითხულობდა გაზეთებს და შოკსა და შიშს განიცდიდა. ყველაფერი გაცილებით გაუარესდა, როცა 2012 წელს ჩემპიონობა „სიტის“ დავუთმეთ გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდების გამო. მაშინ ბოლო 6 ტურში შესაძლო 18 ქულიდან მხოლოდ ათის აღება მოვახერხეთ. შესაძლოა, ხალხმა არასწორად გამიგოს ან ჩათვალოს, რომ თავს ვიმართლებ, მაგრამ „სიტის“ არ მოუგია ის ტიტული, ჩვენ წავაგეთ.

იმ ზაფხულს „სიტის“ ჩემპიონობა საერთო განწყობის ასამაღლებლად გამოვიყენე. როცა მომდევნო სეზონისთვის მზადება დავიწყეთ, მუდმივად ვამტკიცებდი: „იუნაიტედი“ ვალდებულია, ყველა მატჩი მოიგოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მეტოქე - პრემიერ ლიგის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თუ მეოთხე დივიზიონის რომელიმე გუნდი, რომელსაც ინგლისის თასზე დავუპირისპირდებით - რასაც არ უნდა ფლობდნენ მოწინააღმდეგე კლუბის ხელმძღვანელები, თუნდაც მთელი სპარსეთის ყურის ნავთობს, თუნდაც რუსეთის ყველა ქვანახშირის საბადოს.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
3 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
14 თებერვალი 2019 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დიდი სიამოვნებაა ფერგის ნაამბობის კითხვა, მადლობა სტატიის ავტორს
უნიკალური ადამიანია ფერგი, დიდი ფსიქოლოგი დიდი გამოცდილებით და მენტალიტეტით, განუმეორებელია მისი მოღვაწეობა ფეხბურთში
2
№2
ავტორი: ikeoni
14 თებერვალი 2019 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Fergi sheudarebelia❤️
2
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2019 15:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორედ ეს დრაივი აკლიათ დღეს ფეხბურთელებს, რაზედაც ფერგი საუბრობს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top