ოლე გუნარი მწრთვნელის რანგში.
„იუნაიტედის“ მთავარ პრინციპს ყოველთვის ლამაზი და შემტევი ფეხბურთის თამაში წარმოადგენდა. სწრაფი შეტევები ფლანგებიდან, გრძელი გადაცემები, ფეხზე წამომდგარი გულშემატკივარი, ბოლო წუთამდე გამარჯვების იმედი... ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სერ მეტ ბასბის დროიდან დაიწყო. შოტლანდიელმა სწრაფ ფეხბურთთან ერთად „იუნაიტედს“ კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება დაუტოვა - აკადემიელების აღზრდა „იუნაიტედის“ ხასიათით და შემდგომ მათი ვარსკვლავებად ქცევა.
სერ მეტ ბასბის გზას გაჰყვა სერ ალექს ფერგიუსონიც. 27 წლის განმავლობაში, გულშემატკივარს სანახაობა არ მოკლებია, თუმცა სწორედ 2013 წელს „იუნაიტედი“ გასაჭირში ჩავარდა და მისი ხსნა ვერავინ შეძლო.
მოურინიოს ერის ბოლო ერთი წელი ყველაზე რთული აღმოჩნდა. გულშემატკივარი თავადაც ვერ ხვდებოდა რა უფრო აბრაზებდა, დაცვითი სტილის ტაქტიკა და დაკარგული „იუნაიტედი“, თუ „წითლების“ წარუმატებლობა.
ოლე გუნარი „იუნაიტედის“ ისტორიაში „ოქროს ცვლილებად“ იყო ცნობილი. „იუნაიტედმა“ ტრადიციებს არ უღალატა და სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირდა, თავისი „ოქროს ცვლილება“ გამოიყენა და „ოლდ ტრაფორდს“ ოლე გუნარ სოლსკიაერი დაუბრუნა.
ერთი შეხევდით, მისი შედეგები შთამბეჭდავია. ნორვეგიელი წაუგებელი სერიით გამოირჩევა. მან პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივეს მოგება შეძლო. ოლე გუნარ სოლსკიაერი ძალიან ახლოს არის „პრემიერ ლიგის“ რეკორდის მოხსნასთან, რომელიც პირველი შვიდი მატჩის მოგებას გულისხმობს. პირველი ექვს თამაშში მოპოვებული გამარჯვებით კი, ის უკვე გაუთანაბრდა ანჩელოტსა და გვარდიოლას.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ოლე გუნარმა გააკეთა, სხვებისთვის მარტივი რამ იყო - ფეხბურთელებში ჩასახა რწმენა, თავდაჯერებულობა, მისცა მათ ცოტაოდენი თავისუფლება და ასწავლა თუ როგორ უნდა მიეღოთ სიამოვნება ფეხბურთისგან. შედეგი ფეხბურთელებსაც დაეტყოთ - ისინი ბევრად უფრო გახსნილად თამაშობდნენ და თითოეულ მათგანს ეტყობოდა, რომ ბედნიერი იყო. ეს სწორედ ის იყო, რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შედეგი მხოლოდ მოტივაციის ამაღლების დამსახურება არ არის. ოლე გუნარი ჯერ კიდევ სერ მეტ ბასბის შექმნილ ფილოსოფიას მიჰყვა და ეცადა, რომ „იუნაიტედი“ შეტევაში უფრო საშიში გაეხადა. ასეც მოხდა - ფეხბურთელები მეტს დარბიან, შეტევაში ხშირად ჩადიან, მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდებათ ერთი საჯარიმოდან მეორეში გადასაადგილებლად და თითოეული ბურთისთვის იბრძვიან. შედეგად, „იუნაიტედმა“ შვიდ მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო და მხოლოდ 5 ბურთი გაუშვა. აქედან, სამ მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. „წითლების“ გოლების საშუალო რაოდენობა თითოეულ თამაშში 2,4-ია, მაშინ, როცა მოურინიოს დროს „იუნაიტედის“ მაჩვენებელი 1,7-ს შეადგენდა. გარდა ამისა, მოურინიოს ხელმძღვანელობისას „იუნაიტედი“ თითქმის ვერასდროს აკონტროლებდა თამაშს. ისინი არათანმიმდევრულ ფეხბურთს თამაშობდნენ და გოლებიც შემთხვევით გადიოდა, რასაც ვერ ვიტყვით სოლსკიაერის „იუნაიტედზე“. თითქოს, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებებიდან არცერთი არაა განსაკუთრებული, მაგრამ „იუნაიტედს“ ამ მომენტში სწორედ ჩვეულებრივი, მარტივი მიდგომები სჭირდება.
ნორვეგიელმა პირველი ხუთი მატჩიდან ხუთივე მატჩი მოიგო, თუმცა მის შესაძლებლობებზე საუბარი თავდაპირველად ძალიან რთული იყო, რადგან, რეალურად, მას გაუმართლა და მარტივი მეტოქეები შეხვდა: „კარდიფი“, „ჰადერსფილდი“, „ბორნმუთი“, „ნიუკასლი“, „რედინგი“... ხუთივე მატჩი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სანახავი იყო - გრძელი გადაცემები, სწრაფი შეტევები, უხვი გოლები... ნორვეგიელმა მისი ნამდვილი შესაძლებლობები „უემბლიზე“ აჩვენა.

თუმცა თავად სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ მის ბიჭებს გამოცდები ყოველ მატჩში ჰქონდათ ჩასაბარებელი, ნამდვილი გამოცდა „ოლეს ჩვილებს“ „უემბლიზე“ ელოდათ. მატჩის ბედი, თითქოს, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა „იუნაიტედმა“ ყველასთვის მოულოდნელი შედეგი დადო და „უემბლიდან“ სამი ქულა წამოიღო. შესაძლოა, ბევრი ვისაუბროთ პირველ ტაიმზე, შექმნილ მომენტებზე, გატანილ გოლზე, დე ხეას სეივებზე, მაგრამ თავს ვერ ავარიდებთ „იუნაიტედის“ ყველაზე დიდ პრობლემას - დაცვის ხაზს. ყველასთვის ნათელია, რომ არა ესპანელი მეკარე, „იუნაიტედი“ გამარჯვებას ვერ მოახერხებდა. რა თქმა უნდა, როგორც ოლემ განაცხადა, „ფეხბურთში აკრძალული არ არის კარგი მეკარის ყოლა“, თუმცა ეს არგუმენტი დაცვაში არსებულ პრობლემებზე თვალს ვერ დაგვახუჭინებს. დაცვის ცენტრში, ფაქტობრივად, არავინ დგას. ისინი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და არასდროს არიან პოზიციურად იქ, სადაც უნდა იყვნენ. ოლე გუნარის ბოლოდროინდელი განცხადებით, სამწუხაროდ, „იუნაიტედი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე არავის დამატებას არ აპირებს. „წითლებს“ კი მაღალი დონის მცველის გარეშე სეზონის დარჩენილი ნაწილის ჩატარება ძალიან გაუჭირდებათ.

ოლე გუნარის წარმატების კიდევ ერთი საიდუმლო ფეხბურთელებთან ინდივიდუალური მიდგომებია. სწორედ ამ მუშაობის შედეგია პოლ პოგბას საოცარი სტარტი ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ, რომელმაც საერთო ჯამში შვიდ მატჩში ხუთი გოლის გატანა და ოთხი ასისტის გაკეთება მოახერხა. მარკუს რეშფორდი - რომელიც თამაშსა და მომენტების დაბოლოებას უკვე მთლიანად თავის თავზე იღებს. „იუნაიტედს“ სჭირდებოდა ერთი ასეთი ფეხბურთელი, ეს ტვირთი კი ახალგზრდა ფორვარდმა იტვირთა და სწორედ მან მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა „ტოტენჰემთან“.
ნორვეგიელმა „წითლები“ მოედნის თითქმის ყველა ნაწილში გარდაქმნა. ფორვარდებისა და ნახევარმცველების გარდა, დაცვაშიც შეიმჩნევა პოზიტიური ცვლილებები. ეშლი იანგი და ლუკ შოუ ძალიან ხშირად იწევენ მეტოქის ნახევარზე და ფლანგებიდან საშიში შეტევები სწორედ მათგან იწყება.
გარდა ამისა, ოლე გუნარი აქტიურად ცდილობს აკადემიელების მატჩებში ჩართვას. შეგახსენებთ, რომ სკოტ მაკტომინეისა და ჩონგს თამაშის შესაძლებლობა უკვე მისცა, ხოლო გარნერს სულ მალე ჰპირდება სათამაშო დროს. აკადემიელებისთვის ყურადღების მიქცევა და შანსის მიცემა აუცილებელია, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოტივაცია ემატებათ და იციან, რომ შრომის შედეგად „ოლდ ტრაფორდზე“ შეძლებენ თამაშს.
ოლე გუნარი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახლაც სათადარიგო სკამებიდან შევიდა მოედანზე და წაგებული სეზონის შემოტრიალებას ცდილობს. ნორვეგიელს დღითიდღე უფრო და უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტა უწევს. პრესაში აქტიურად იწერებოდა პოჩეტინოს მოსვლის შესახებ, თუმცა თავად მაურისიოს განცხადებით, ის „ტოტენჰემში“ დიდხანს აპირებს დარჩენას. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ნორვეგიელი ადგილის შენარჩუნებას კლუბში. გარი ნევილის აზრით, „ამისათვის მას „ჩემპიონთა ლიგის“ ტიტულის აღმართვა მოუწევს, „იუნაიტედს“ კი შესაბამისი დონის ფეხბურთელები არ ჰყავს.“
ოლე გუნარზე ფერგიუსონის გავლენა აშკარაა და ეს ბუნებრივიცაა. ის თხუთმეტი წელი იყო სერ ალექსის გვერდზე, ცამეტი, როგორც ფეხბურთელის, ხოლო ორი, როგორც დამხმარე მწრთვნელის რანგში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ნორვეგიელი შოტლანდიელის სტილით ითამაშებს და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან, ფაქტობრივად, ფერგიუსონმა შექმნა „იუნაიტედი“. ოლე გუნარი ყველასთვის წარმოუდგენელ შედეგებს დებს. მისი შესაძლებლობები დაამტკიცა „პრემიერ ლიგის“ მესამე ადგილზე მყოფ გუნდთან, „ტოტენჰემთანაც“.
წინასწარ მის დარჩენასა და წასვლაზე საუბარი რთულია. აშკარაა, რომ ნორვეგიელს შეუძლია პოზიტიური ცვლილებები მოუტანოს გუნდს, თუმცა მთავარი გამოცდები ჯერ კიდევ წინ აქვს. „ჩემპიონთა ლიგა“, „არსენალი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“... მხოლოდ მსგავს მატჩებში შეიძლება ითქვას რეალურად რა შეუძლია ოლე გუნარს. თუმცა ერთი რამ აშკარაა, მსოფლიო დონის ფეხბურთელებისა და განსაკუთრებით კარგი და გამოცდილი მცველების გარეშე, „იუნაიტედს“ ნებისმიერი მწრთვნელის ქვეშ გაუჭირდება თამაში.