თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2019, 18:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1721,
კომენტარები: 2
სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი II)
თავი 2.
სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი II)
შრომისმოყვარეობა

ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება მუშაობდნენ. მამა გლაზგოს ნავსადგურში მუშაობდა, ხოლო დედა - თავიდან თოკების მწარმოებელ ქარხანაში, შემდეგ კი თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელ ფაბრიკაში. მამა ხშირად კვირაში 60 საათს აგროვებდა, მისი ცხოვრება კი მკაცრი, სახიფათო და აბურდული იყო. გლაზგო თითქმის იმავე განედზე იმყოფება, სადაც მოსკოვი, ამიტომ კლაიდიდან ქარი ქროდა, ნავსადგურზე კი რთული დრო დგებოდა. მამა წელიწადში ერთხელ ორკვირიან შვებულებას იღებდა. 1955 წელს კვირაში 64 საათს მუშაობდა 7 ფუნტად და 15 შილინგად - დღევანდელი თანხის შესაბამისად ეს 189 ფუნტია. მას შემდეგ, რაც 1979 წელს მამა გარდაიცვალა, დედამ სახლების დალაგებას მიჰყო ხელი. შესაძლოა, მშობლების დამოკიდებულება სამუშაოსადმი იმით იყო განპირობებული, რომ მაშინ სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობდა. უსაფრთხოების სტანდარტები საშინელი იყო, სამედიცინო დაზღვევა არარაობა, სასამართლო მსაჯულების პრაქტიკა კი იდიოტური მიზეზების გამო ჯერ კიდევ არ გაჩენილიყო. არ მახსენდება ისეთი დრო, მშობლებს რომ არ ემუშავათ. ზაფხულის არდადეგებზე ავტობუსით სოლსტკოუტსში მივემგზავრებოდით, სადაც ძმებთან ერთად ფეხბურთს, შაშსა და ჭადრაკს ვთამაშობდით.

რადგანაც ჩემი მშობლები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, დამეუფლა აზრი, რომ საკუთარ ცხოვრებაში წარმატებას მხოლოდ შრომისმოყვარეობით მივაღწევდი. მაგალითისთვის რომ ვთქვა, ამ აზრს დედის რძესთან ერთად ვჭამდი. უბრალოდ არ შემეძლო დინების მიმართულებით მეცურა და ყოველთვის მაცბუნებდნენ ისინი, ვინც საკუთარ ნიჭს მიწაში ფლავდა მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე დახარჯვა არ შეეძლოთ. გაცნობიერება იმისა, რომ სრული დატვირთვით მუშაობ, უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. ხოლო როცა შენი ნამუშევარი ნაყოფს იღებს, უფრო მეტად კმაყოფილდები. ვფიქრობ, ჩემი პოზიცია კარგად ხსნის, თუ რატომ გამოვედი მოედანზე სათამაშოდ ჩემი ქორწილისა და ჩემი ვაჟის დაბადების დღეს. "იუნაიტედის" ხელმძღვანელის პოსტზე ჩატარებული 1500 მატჩიდან მხოლოდ 3 გამოვტოვე. პირველი იყო 1998 წელს, როცა გლაზგოში ჩემი ძმის გვერდით ვიყავი ჩემი რძლის გარდაცვალებისას, შემდეგ 2000 წელს, როცა ჩემმა უფროსმა ვაჟმა სამხრეთ აფრიკაში ცოლი შეირთო და ბოლოს, 2010 წელს, როცა დავიდ დე ხეას თამაშზე დასაკვირვებლად წავედი.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი II)

ალექს ფერგიუსონი და დავიდ დე ხეა


"სენტ-მირენსა და "აბერდინში" მუშაობისას ვცდილობდი, კვირაში რაც შეიძლება მეტი მატჩი მენახა. ჩვეულებრივ, კამპანიას არჩი ნოქსი, "აბერდინის" მწვრთნელის დამხმარე მიწევდა. არჩის მშობლები ფერმერები იყვნენ, თავად ის კი დანდიში გაიზარდა. ისიც მიეჩვია თავისი მშობლების მსგავსად მუშაობას, ამიტომ მისი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ჩემსას ემთხვეოდა. ერთად დავდიოდით თამაშებზე და თუ გლაზგოში მივემგზარებოდით, არჩი საჭესთან იჯდა, ხოლო მე მეძინა, უკანა გზაზე კი - პირიქით, მე ვატარებდი მანქანას და არჩი ხვრინავდა. ჩასვლა-დაბრუნებას 6 საათი სჭირდებოდა. მაგრამ თუ რამე ხელს გვიშლიდა და გამოსაშვები დღის აღება გვიწევდა, ერთმანეთს ვეუბნებოდით: "გლაზგოში ერთ თამაშს თუ გამოვტოვებთ, მეორეზეც აღარ გავირჯებით".

უმეტესი კლუბის მწვრთნელი იმაზე მეტს შრომობს, ვიდრე ხალხი წარმოიდგენს. პრემიერ ლიგაში მუდმივად ხდება ზეწოლა, მის ფარგლებს გარეთ კი მწვრთნელს არასაკმარისი რესურსი აქვს დიდი შტაბის დასაქირავებლად. ყოველ შემთხვევაში, კარიერის დასაწყისში სწორედ ასე იყო. "სენტ-მირენში" ჩემი მისვლისას ოთხი ადამიანი მუშაობდა: მწვრთნელის დამხმარე, სარეზერვო გუნდის მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი და ეკიპირებაზე პასუხისმგებელი ნახევარგანაკვეთით. "აბერდინში" კი ტედი სკოტი იყო ეკიპირებაზე პასუხისმგებელიც, რეზერვისტებთან მომუშავეც და საერთოდ ყველაფრის მქმნელი. მასვე ეხებოდა რეცხვა და ფორმის კომპლექტების წმენდა. ხანდახან ტედის ბილიარდის მაგიდაზე უწევდა დაძინება, რადგან სახლისკენ მიმავალ ბოლო ავტობუსზე აგვიანებდა. "იუნაიტედშიც" კი, გზის დასაწყისში, სულ რაღაც რვაკაციანი შტაბი მყავდა.

"აბერდინში" რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ყველა დასაქმებული, მოსწავლეებისა და კლუბის ხელმძღვანელის ჩათვლით, სამსახურში დილის ექვს საათზე მიდიოდნენ სამსახურში, რათა მოედანი თოვლისგან გაეწმინდათ. 1980 წლის მარტში ჩვენი პირველი ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა დავიწყეთ იმ დღეს, როცა მოედანი 20-სანტიმეტრიანი ფენის თოვლისგან გავწმინდეთ. მაშინ "მორტონი" 1:0 დავამარცხეთ. ეს იყო ერთადერთი მატჩი, რომელიც იმ დღეს შოტლანდიაში ჩატარდა.

მაღალი დონის ყველა მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი, ჟოზე მოურინიო, არსენ ვენგერი - უმკაცრესად ეკიდებიან სამუშაო დისციპლინას. მაგრამ ჩემში აღფრთოვანებას ყველაზე მეტად იწვევენ დაუფასებელი გმირები - მწვრთნელები, რომლებიც არასდროს ნებდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ბედს მათთვის არ ურგუნებია ტოპ-კლუბში მუშაობა. შოტლანდიაში ხშირად ვაწყდებოდი ალექს სმიტსა და ჯიმ მაკლინს ღვთისგან მივიწყებულ ადგილებში წვიმიან საღამოებზე, როცა უფრო სასიამოვნო იქნებოდა სახლში ტელევიზორის წინ ჯდომა. ალექსი დაახლოებით 40 წლის განმავლობაში წვრთნიდა შოტლანდიურ კლუბებს, ჯიმი კი 22 სეზონის განმავლობაში უდგა სათავეში "დანდი იუნაიტედს". ლენი ლოურენსისა და ჯონ რაჯას სახელები არასაფეხბურთო პუბლიკისთვის სულაც არ არის ცნობილი, მაგრამ სწორედ ლენია ადამიანი, ვინც სამწვრთნელო თანამდებობაზე 1000-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ისეთ კლუბებში მუშაობდა, როგორიცაა "ჩარლტონ ატლეტიკი", "ბრედფორდ სიტი", "ლუტონ თაუნი" და "გრიმსბი თაუნი". ჯონი კი 16 სეზონის განმავლობაში წვრთნიდა "პორტ ვეილს", შემდეგ კი 14 წელი ედგა სათავეში "სტოკ სიტის" საფეხბურთო განვითარების დირექტორიას. ეს ბიჭები არასდროს ნებდებოდნენ. ფეხბურთს მთლიანად ჰყავდა ისინი დაპყრობილი. ხშირად შემიმჩნევია, როგორ ისხდნენ ჩვენი სარეზერვო გუნდის მატჩებზე გულშემატკივრებს შორის.

ზემოხსენებულ სპეციალისტებთან კონკურენციის გაწევა თავდადებასა და ამტანიანობაში რამდენიმე ფეხბურთელსაც შეეძლო. სამი მათგანი მაოცებდა: ტონი ადამსი "არსენალიდან", ჯანფრანკო ძოლა, რომელიც "ჩელსიში" თამაშობდა და ჯეიმი კარაგერი "ლივერპულიდან". ადამსი ყოველთვის წარმომედგინა "იუნაიტედის" ფეხბურთელად, რომელმაც არასწორი მაისური მოირგო. ალკოჰოლმა ბევრი ფეხბურთელის ცხოვრება დაანგრია და სიცოცხლე შეიწირა, მეხსიერებაში ყოველთვის ამოტივტივდება "იუნაიტედისთვის" სამწუხარო ბედის მქონე ჯორჯ ბესტი. ამიტომაც ის, რომ 90-ანი წლების მიწურულს ტონიმ საკუთარ დემონებს გამოუცხადა ბრძოლა, უკვე არის თავისთავადი ასახვა. მაგრამ ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, თუ რა დონეზე აიყვანა თავისი თამაშის დონე. როცა ნიჭი და სისწრაფე არ ჰყოფნიდა, ამის ანაზღაურებას შრომისმოყვარეობით ახდენდა. საკმაოდ საშუალო დონის ფეხბურთელი იყო, რომელიც მონდომებითა და შრომისმოყვარეობით იქცა დიდებულ ლიდერად. მას ყოველთვის ჰქონდა გამარჯვებულის მენტალიტეტი და ჯორჯ გრემსა და არსენ ვენგერს მისდამი ნდომის ამაგი სრულად გადაუხადა.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი II)

ტონი ადამსი


ძოლას ყოველთვის შესანიშნავ პროფესიონალად მივიჩნევდი. ყოველთვის უსიამოვნებაში გვხვევდა და არასდროს ნებდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი იყო, ადვილად უმკლავდებოდა მასზე ერთი თავით მაღალ და ძლიერ მცველებს. ძალიან ცბიერი, დაუჯერებლად კრეატიული და სრულიად დაუოკებელი იყო. თამაშისადმი მისი მიდგომა აბსოლუტურად შეესაბამებოდა ჩემსას.

ჯეიმი კარაგერი ახალგაზრდობაში "იუნაიტედში" ვარჯიშობდა. ჩვენთან ნახევარმცველის პოზიციაზე მოქმედებდა და საკმაოდ დამუხტული იყო. "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ კი როგორღაც გუნდის სული და გული, მისი მოძრავი ძალა გახდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემი ბოლო სეზონის დროს შეცვლაზე უნდა შემოსულიყო. სრულიად ვაკონტროლებდით თამაშს. მასთან მივედი და ვუჩხვლიტე: "მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ - ჩვენი ბიჭებისთვის პანჩურების ამორტყმას მოეშვი". ჯეიმიმ მიპასუხა: "თითოეულ მათგანზე თავდასხმას ვაპირებ". მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულა, რამდენიმეჯერ შევხვდი და მართლაც გაოცებული ვიყავი. არ გამიკვირდება, თუკი მომავალში "ლივერპულს" გაწვრთნის, მაგრამ ჯერ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ტელევიზიის დატოვება და უფრო რთული საფეხბურთო გამოწვევის მიღება.

"იუნაიტედს" გაუმართლა და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ბევრი ფეხბურთელი შეიძინა. როცა გამარჯვება ცხოვრების სტილი ხდება, ნამდვილი გამარჯვებულები დაუოკებელნი არიან. და თუმცა ეს ბანალურად ჟღერს, საუკეთესო ფეხბურთელები საკუთარ თავს ეჯიბრებიან, რათა ითამაშონ იმდენად კარგად, რამდენადაც შესაძლებელია. გასაკვირი არ არის, რომ ზოგჯერ საკაცით გასაყვანი ხდებოდნენ რონალდუს, ძმები ნევილების, კანტონას, სქოულზის, გიგზისა და რუნის მსგავსი ფეხბურთელები. მათ მტრული სურვილი ჰქონდათ განვითარებისა და წარმატებისა. მაგალითად, გარი ნევილი განსაკუთრებით ბევრს შრომობდა, რადგან ხვდებოდა, რომ ბუნებრივი ნიჭი საკმარისად არ გააჩნდა. არასდროს მინერვიულია იმის გამო, თუ როგორ ატარებდა პარასკევ საღამოს, რადგან ადრე, მითუმეტეს ახალგაზრდულ წლებში, ყოველთვის ათის ნახევარზე წვებოდა.

დევიდ ბექჰემიც უნიკალური იყო. როცა კლუბში შემოგვიერთდა, წუმპეში ცხოვრობდა, ამიტომ დილით ან დღისით ვერ მოდიოდა ვარჯიშზე, სამაგიეროდ საღამოობით გამოჩნდებოდა და სკოლელებთან ერთად ვარჯიშობდა. სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელები გარბენებს აკეთებდნენ, რათა გაგვეგო, რამდენად იყო მზად მათი ფიზიკური მონაცემები. ბექჰემიც შედეგები ყოველთვის გადაჭარბებული იყო. იგივე შეიძლება ითქვას რონალდუს შესახებაც. მას ჰქონდა სურვილი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. გარდა ამისა, ინგლისში გადასვლამდეც კი აქცევდა უდიდეს ყურადღებას კვებას. იმ დროს ფანატიკოსივით წვებოდა ყინულის აბაზანაში ყოველი მატჩის შემდეგ, რათა იმავე დონეზე ეთამაშა, რაც საკუთარ თავს თვითონ დაუწესა. ალკოჰოლისთვის ხელიც კი არასოდეს უხლია და წონა ყოველთვის სამი კილოგრამით ნაკლები ჰქონდა შესაბამისთან შედარებით. ახლა კი, როცა 30 წელს გადააჭარბა, ეს ყველაფერი ეხმარება სისწრაფის შენარჩუნებაში.

იდეალურ შემთხვევაში მოედანზე ყოველთვის ის ფეხბურთელები გამომყავდა, რომლებიც რამდენადაც ნიჭიერები, იმდენად შრომისმოყვარენი იყვნენ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი როდი ხდება ასე. არჩევანის გაკეთება თუ მიხდებოდა ძალიან ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც ან არც ისე კარგ, მაგრამ თავდადებით და მიზანდასახულად მშრომელ ფეხბურთელს შორის - უყოყმანოდ ავირჩევდი ამ უკანასკნელს. ფეხბურთელის პირველი ტიპი მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში თამაშობს კარგად და ისინი არ არიან ხანგრძლივები, ამის გარეშე კი კლუბს ვერ ექნება სტაბილურობა და მუდმივობა.

სამუშაო ეთიკა, რომელიც მე აღვწერე, გამოსადეგია არა მარტო მენეჯერებისა და ფეხბურთელებისთვის, არამედ ყველა დისციპლინის სპორტსმენისთვის. ასეთ ადამიანებს დაუჯერებელი მადა აქვთ სამუშაოსი და დიდებული თვითკონტროლი. შეხედეთ ჟოკეი ე. პ. მაკკოის, რომელმაც 4 ათასზე მეტი გარბენი მოიგო კარიერის განმავლობაში, დაიმტვრია ხერხემალი და ბევრი სხვა ძვალი. მისი საშუალო წონა - 75 კგ იყო, მაგრამ 25 წლამდე 63 კილოგრამს ინარჩუნებდა. კარიერის დასრულების შემდეგ მისმა ცოლმა აღნიშნა, რომ ახლა კარტოფილის მომზადების სწავლა მოუწევდა. ნემანია ვიდიჩს, "იუნაიტედის" დაცვის ბურჯს მრავალი წლის განმავლობაში, ჰყავს მეგობარი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ის ჩოგბურთის ჩემპიონია და მასაც აქვს მსგავსი ენერგეტიკა. უბრალოდ აღფრთოვანდებით, როცა მისი ფიტნეს-რეჟიმისა და დიეტის შესახებ მონათხრობს მოისმენთ.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი II)

ალექს ფერგიუსონი და ნემანია ვიდიჩი უიმბლდონზე


საუკეთესო ფეხბურთელებიც ასეთივე დისციპლინირებულები არიან, თუმცა ხანდახან სოციალურ ქსელში ვრცელდება დუბაიში დასვენების ან რომელიმე წვეულებაზე გოგოსთან ხელჩაკიდებული ფოტო და განსხვავებული შთაბეჭდილება იქმნება. ისინი თავდაუზოგადავად მუშაობენ და ასე იქცევიან არა მარტო იმიტომ, რომ აუცილებელია მწვერვალების დასაპყრობად, არამედ იმიტომაც, რომ ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვისაც მათი ადგილის დაკავება სურს. ეს თავისებურად ხსნის, თუ რატომ წარმოადგენს ფეხბურთელთა უმრავლესობა მუშათა კლასს.

გასაკვირი არ არის, რომ საშუალო ფენის ოჯახებში მშობლები ვაჟებს კოლეჯში გზავნიან ან რაიმე პროფესიას აუფლებენ. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთს ასეთ ოჯახებში დიდ ყურადღებას არავინ აქცევს. მთელ მსოფლიოში ფეხბურთი ისეთ ახალგაზრდა ბიჭებს იზიდავს, რომლებიც ალბათ ვეღარ დაეუფლებიან სამომავლო განათლებას. არჩევანი აღარ რჩებათ - აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა საკუთარი საფეხბურთო ოსტატობის ასამაღლებლად, რათა საუკეთესო ცხოვრებისკენ სწრაფვა გაგრძელდეს. ჩვენს დროში სიტყვათა შეთანხმება „მუშათა კლასი“ აღარ ნიშნავს იმას, რასაც ათეულობით წლების წინ აღნიშნავდა, მაგრამ „იუნაიტედის“ ფეხბურთელთა უმრავლესობა იმ კლასს ეკუთვნის, რასაც „ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებს“ უწოდებენ. არ მინდა, აუტანელ ბებერად მოგაჩვენოთ თავი, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების საერთო დონე გაიზარდა და ფეხბურთელები ცხელი წყლით, ტელევიზიით, ტელეფონებით, კომპიუტერით, ავტომობილებითა და ბიუჯეტური ავიახაზებით სარგებლობენ და საერთოდ, გარემო ახლა გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ჩემი მოზარდობის პერიოდში. დიდი ხნის განმავლობაში ვგრძნობდი სისუსტეს მუშათა კლასის ადამიანებისადმი, რადგან მიმაჩნდა, რომ მათმა წარმომავლობამ ცხოვრების სირთულეებისთვის უკეთ მომზადების საშუალება მისცათ.

თითოეული ბრიტანელისთვის, ვისაც ჩემს ხელში უთამაშია, ფეხბურთი იღბლიანი ბილეთი იყო საბრალო არსებობიდან თავის დასაღწევად. რაიან გიგზს რთული ბავშვობა ჰქონდა. დედამისი მხოლოდ 17 წლის იყო, როცა ის დაიბადა. მამის ხაზით ბაბუა კი სიერა-ლეონედან ჰყავდა, ამიტომ მრავალი რასისტული გამონათქვამის მოსმენა უწევდა. პატარაობისას მისი ოჯახი უელსიდან გაემგზავრა. მამამისმა დენი უილსონმა რაგბის კავშირი დატოვა და ჩრდილოეთ ინგლისში პროფესიონალი მორაგბე გახდა. შემდეგ მამამ ოჯახი მიატოვა და რაიანი გაზარდა დედამ, რომელსაც ლინ გიგზი ერქვა. ისინი სოლფორდში ცხოვრობდნენ, სადაც დაიწყო გიგზის საფეხბურთო ნიჭის განვითარება. ლინი ორ ადგილას მუშაობდა - ოფიციანტად და უმცროს მედდად. რა თქმა უნდა, დედა მარტო ვერ დააგროვებდა იმდენ ფულს, რომ რაიაინისთვის საუკეთესო საფეხბურთო ბუცები შეეძინა. მაგრამ მან შრომისმოყვარეობა ასწავლა. ის წმინდანია. რაიანმა სათანადო ამაგი მიაგო და თავისი გვარი უილსონიდან გიგზით შეცვალა.

დევიდ ბექჰემის ოჯახი ლონდონის აღმოსავლეთით პატარა ქოხში ცხოვრობდა, მამამისი თბოტექნიკოსი იყო. პოლ სქოულზი ლენგლის მუნიციპალურ სახლში აღიზარდა, ხოლო ნიკი ბატი - გორტონის გამოზრდილია. ვერც ერთ ამ ადგილას ვერ დაინახავთ „ბენტლის“. უეინ რუნი წარმოშობით ლივერპულის არაკეთილსინდისიერი რაიონიდანაა, რის გამოც სერიოზულად ფიქრობდა, პროფესიონალი მოკრივე გამხდარიყო. დენი უელბეკი და უეს ბრაუნი ლონგსაითში ცხოვრობდნენ, მანჩესტერის ეს რაიონი ცნობილია თავისი ქუჩური ბანდებით. ბრაიან რობსონის მამა სატვირთოს მძღოლი იყო, რიო ფერდინანდი პექჰემში, ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ კვარტალში გაიზარდა. სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.

წლებთან ერთად უკეთ გავერკვიე ბრიტანელ ფეხბურთელებზე წარმომავლობის გავლენაში, რადგან მათ ოჯახებსა და სკოლებზე, სადაც ეს ბიჭები დადიოდნენ, ინფორმაციის მოპოვებას ვახერხებდი. როცა ახალგაზრდებს სამხრეთ ამერიკიდან ან დასავლეთ ევროპიდან ვყიდულობდით, მთელ ამ ნიუანსებში გარკვევა გაცილებით რთული ხდებოდა. გარდა ამისა, 1990-ანების შუა პერიოდამდე ახალგაზრდები ნათლად აცნობიერებდნენ საკლუბო იერარქიაში საკუთარ ადგილს. მათ მოვალეობაში შეიოდა ბუცების წმენდა, გასახდელის დასუფთავება და ბურთების შეგროვება - მოედანზე შედიოდნენ და ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელების მიერ დატოვებულ ბურთებს აგროვებდნენ. მაშინ ყმაწვილებს ესმოდათ, რომ გასახდელში შესვლა მკაცრად ეკრძალებოდათ. ასეთი რიტუალები უფრო მეტის მიღწევის სურვილს უჩენდათ.

სამწვრთნელო საქმიანობის ბოლო ათწლეულის განმავლობაში უცხო ქვეყნებში აღზრდილ ახალგაზრდებში ვამჩნევდი ხასიათის ნიშნებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ ბრიტანელებში შემიმჩნევია. კრიშტიანუ რონალდუს ნათლად ესმოდა, რას ნიშნავს საჭიროება. ის კუნძულ მადეირაზე ერთ-ერთ სოფელში დედასთან ერთად იზრდებოდა. ტიმ ჰოვარდი, რომელმაც „იუნაიტედის“ მაისურით 77 მატჩი ჩაატარა, წარმოშობით ნიუ-ჯერსიდან არის და მასაც მარტოხელა დედა ზრდიდა, რომელიც უნგრეთიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ორ სამსახურში იყო დასაქმებული, როცა ტიმის მამამ ოჯახი მიატოვა. კიდევ ერთი მაგალითი - ძმები და სილვები არიან. წარმოშობით ისინი ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისიდან არიან და ორივე მათგანი ბევრს შრომობდა. მანჩესტერის ყველაზე ცივ დღეებშიც კი რაფაელი ვარჯიშზე მოკლე მკლავიანი მაისურით და შორტებით მოდიოდა, ყველა დანარჩენი კი, ჩემი ჩათვლით, რამდენიმე სახის ტანსაცმელში ვიყავით გამოწყობილი. ერთ-ერთი სეზონის ბოლოს ვურჩიე, ზაფხულში კარგად დაესვენათ, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მამამ მათ ქალაქში ნამდვილი საფეხბურთო მოედანი ააშენებინა, რათა მეგობრებთან ერთად ყოველდღე ეთამაშათ ფეხბურთი.

სურვილის განსაზღვრისას (ნაწილი II)

რაფაელ და ფაბიო და სილვები



ბევრი უცხოელი ფეხბურთელისთვისაც იყო ფეხბურთი ცხოვრებისეული ბილეთი. მათგან საუკეთესოებს ამ ინდუსტრიაში საქმისადმი მტრული დამოკიდებულება აქვთ და ქვეცნობიერის დონეზე ესმით, რომ ნიჭისა და შრომის შერწყმით ბევრის მიღწევა შეიძლება. ჩემს ბავშვობაში მამა თავად მიკეთებდა სათამაშოებს საშობაოდ. ვეჭვობ, ზოგიერთმა უცხოელმა ფეხბურთელმა იცის, რასაც ნიშნავს ეს. ბევრი მათგანი, ვინც შეგვიძენია, ისეთივე საშინელ პირობებში ცხოვრობდა, როგორც მათი ბრიტანელი კოლეგები და შესაძლოა, უარესშიც კი. ადნან იანუზაი 11 წლის იყო, როცა 2011 წელს შევიძინეთ. ის ბელგიაში დაიბადა, სადაც მისი მშობლები ყოფილი იუგოსლავიის საშიში ქვეყნიდან გაიქცნენ. ეკვადორელი ანტონიო ვალენსია წარმოშობით ძალიან ღარიბი ოჯახიდანაა, როგორც ბრაზილიელი ანდერსონი. ანდრეი კანჩელსკისი, ჩვენს რიგებში მოასპარეზე ფეხბურთელი 90-ან წლებში, საბჭოთა კავშირში დაიბადა. კარლოს ტევესი ბუენოს აირესის ნახევრადმივიწყებულ ნარკოტიკული ნივთიერებებით სავსე ფორტ ა-პაჩიდან გახლავთ. ქვინთონ ფორჩუნი სამხრეთ აფრიკის რაიონში აპარტეიდის პერიოდში გაიზარდა.

სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც გიგზისა და რონალდუს მსგავს პირობებში გაიზარდნენ, მაგრამ მიუხედავად უდიდესი ნიჭისა, ემოციურად და ფსიქოლოგიურად ძლიერები არ იყვნენ. მათ ვერ დაძლიეს ბავშვობის ტრავმები და შინაგანი დემონები. ყველაზე სამწუხაროდ რაველ მორისონის ბედი წარიმართა. ისეთივე ნიჭიერი იყო, როგორც ჩვენ მიერ შეძენილი სხვა ფეხბურთელები, მაგრამ უსიამოვნებების გამოწვევას თავს ვერ აღწევდა. ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება იყო 2012 წელს „ვესტ ჰემში“ მისი გაყიდვა, რადგან მისგან დიდებული ფეხბურთელი დადგებოდა. მაგრამ წლები გადიოდა და მოედნის ფარგლებს გარეთ მისი პრობლემები მხოლოდ იზრდებოდა, ამიტომაც ერთადერთი არჩევანი გვრჩებოდა: სარეველას ამოძირკვა. როგორც ჩანს, რაველი ვერა და ვერ გაიზარდა, 2015 წელს „ვესტ ჰემმა“ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მკაცრად მჯერა, რომ ადამიანებში, ვინც ბავშვობაში ცხოვრებისეულ სირთულეებს აწყდებოდა, სურვილისა და მოტივაციის აღმოჩენა შესაძლებელია. როცა „იუნაიტედის“ თამაშში რაღაც ისე ვერ იყო, ფეხბურთელებს კი მოტივაცია სჭირდებოდათ, მატჩის წინა საუბრებს ყოველთვის იმის შეხსენებით ვამთავრებდი, რომ თითოეული მათგანი მიეკუთვნებოდა მუშათა კლასს, სადაც ხალხი მცირედით კმაყოფილდებოდა. ვახსენებდი, რომ მათი ბებიები ან ბაბუები ყოველდღიურად ირჯებოდნენ სარჩოს საშოვნელად მაშინ, როცა მათ მხოლოდ 90 წუთი სჭირდებათ დიდი თანხის მისაღებად. ეს რომ მახსენდება, ვხვდები, რომ ფრაზა „მუშათა კლასი“ ბევრს არაფერს ნიშნავდა მათთვის, განსაკუთრებით კი უცხოელებისთვის, მაგრამ თითოეული მათგანი იცნობდა მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც, ვინც ასეთი დრო გამოიარა. რაღაც მხრივ თითოეული ჩვენგანი აუთსაიდერად ვგრძნობდით თავს და თუ საქმე ასეა, ორი გზა გრჩება: ან დამცირებულად გრძნობ თავს, მიზეზს ეძებ საჩხუბრად და ცხოვრებას უჩივი, ან ამ გრძნობას იყენებ მწვერვალის დასაპყრობად და ვირივით შრომობ. ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს ფეხბურთელებს: „იმ წამს, როცა სხვა გუნდებზე ნაკლებად ვიშრომებთ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ აღარ ვიქნებით“.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2019 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მადლობა ავტორ❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 10:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აზრიც ისე აქ დალაგებული როგორც კარიერა ქონდა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top