ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ რომელუ ლუკაკუ და ალექსის სანჩესი შაბათს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ მატჩს. ორივე ფორვარდმა "ნიუკასლთან" კარგი მატჩი აჩვენა და ანგარიშზე გავლენა მოახდინეს. ლუკაკუმ თავად გაიტანა გოლი, ხოლო სანჩესი რეშფორდს დაეხმარა.
ერიკ ბაიის წითელი ბარათის გამო მეორე თამაშის გამოტოვებაც მოუწევს. მცველებიდან მატჩის ჩატარებას ვერ შეძლებს ვერც როხო და ვერც სმოლინგი.
ოლე გუნარის განცხადებით, პოლ პოგბას თამაშიც საეჭვოა "ნიუკასლთან" მიღებული მცირედი ტრავმის შემდეგ, თუმცა ნორვეგიელი იმედოვნებს, რომ მარუან ფელაინი პარასკევის ვარჯიშებს დაესწრება.
"როხო და სმოლინგი ლაზარეთში იმყოფებიან. არ ვიცი პოლ პოგბა შეძლებს თუ არა "რედინგის" წინააღმდეგ თამაშს. ის "ნიუკასლთან" წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაშავდა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ფელაინი დღეს ივარჯიშებს. ასე თუ ისე ფეხბურთელები სრულად მეყოლება. რამდენიმე ცვლილებას განვახორციელებ და სხვადასხვა ფეხბურთელები მიიღებენ შანსს. ლუკაკუ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს ალექსისთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან მეტი სათამაშო დრო სჭირდებათ."
ხვალინდელი მატჩი სოლსკიაერის "იუნაიტედისთვის" მეხუთე იქნება. შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" პირველი ოთხი მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. იმისთვის, რომ ოლე გუნარმა მეხუთე თამაშიც მოიგოს, ის რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს:
"არ გვაქვს ისეთი ტრავმები, რაზეც უნდა ვიღელვოთ. თუმცა ოთხშაბათსა და შაბათს შორის ცოტა დროა, ასე რომ ცვლილებებს ნამდვილად იხილავთ. ბევრმა მათგანმა ოთხივე თამაში ჩაატარა, მათ ცოტაოდენი დასვენება სჭირდებათ. თუმცა "რედინგისთვის" მზად ვართ."
"რა თქმა უნდა, ფეხბურთელები შანსს მიიღებენ. რადგან აქ ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საკმარისად კარგი ხარ. მე მათ ვენდობი და მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს."