ოლე გუნარის განცხადებით, "ოლდ ტრაფორდზე" ძველი პოლ პოგბა დაბრუნდა. ფრანგმა აღნიშნული "ჰადერსფილდსა" და "კარდიფთან" ჩატარებულ მატჩებში დაამტკიცა.
სოლსკიაერმა პოგბასთან ჯერ კიდევ 2009 წელს იმუშავა. სწორედ მისი წყალობით შედგა ფრანგის დებიუტი რეზერვებში. ამჯერად კი ნორვეგიელმა პოგბა სტადიონს დაუბრუნა.
"რა თქმა უნდა, მე ფეხბურთელებთან დროს ვატარებ და ვცდილობ, რომ თითოეულ მათგანთან მაქსიმალური დრო გავატარო. პოლი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დღეს სტადიონზე მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. "კარდიფთან" მატჩში მან ორი თუ სამი გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი თავად გაიტანა ორი გოლი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღით დიდი სიამოვნება მიიღო."
"დღეს ჩვენ ის პოგბა ვიხილეთ, რომელსაც ადრე ვიცნობდი. ის ყოველთვის ბედნიერი ბიჭი იყო, მის სახეს ღიმილი ამშვენებდა და სწორედ ეს მჭირდებოდა მისგან. დღეს წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო. ეს აუცილებელია. როდესაც ისეთი კლუბისთვის თამაშობ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" ბედნიერი უნდა იყო. ეს შენი, როგორც "იუნაიტედის" ფეხბურთელის პასუხისმგებლობაა, თუმცა პასუხისმგებლობასთან ერთად ეს დიდი პატივი და პრივილეგიაა. პოლს ამ კლუბში თამაში უყვარს. ის ოდითგანვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ბიჭი იყო და იქნება. ის ბავშვია, რომელმაც იცის, თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თამაში," - დაასრულა სოლსკიაერმა.