ოლე გუნარი პირველ მატჩს "კარდიფის" წინააღმდეგ ჩაატარებს. მედიასთან საუბრისას აშკარა იყო, რომ მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე კონცენტრირებაა.
"მე აქ გასულ ხუთ წელზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. მე აქ შემდგომი ხუთი თვის გამოსასწორებლად მოვედი. ჩემი ერთადერთი მიზანი ისეთი მუშაობაა, რომელიც ყველას გაგვაბედნიერებს, გაგვაღიმებს და თამაშებს მოგვაგებინებს. ქულები აუცილებლად გვჭირდება, რადგან "ლიგაზე" ჩვენი ჩვეული პოზიციიდან ძალიან შორს ვართ."
"არ ვართ მიჩვეულები მეექვსე ადგილზე ყოფნას. "იუნაიტედი" ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ამას უნდა დავუმიზნოთ და წინ გავიხედოთ."
სოლსკიაერის განცხადებით, მისი "იუნაიტედში" მოსვლის შემდეგ ფეხბურთელებს ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება ეძლევათ.
"ყველა სუფთა ფურცლიდან იწყებს. ახლა ყველა სოლსკიაერის "იუნაიტედის" წევრია. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ფეხბურთელები მაშინ თამაშობენ უკეთ, როცა ბედნიერები არიან. სწორედ ამას ვეცდები მეც - გავხადო ისინი ბედნიერები და ვათამაშო უკეთესი ფეხბურთი."
ოლე გუნარმა ძალიან ბევრი იფიქრა, თუ ვინ დაეყენებინა ძირითადში "კარდიფთან" მატჩის წინ. მისი განცხადებით, კონსულტაცია გაიარა სამრწთვნელო შტაბის წევრებთან.
"ფეხბურთელების უმეტესობას უკვე ვესაუბრე. დრო გავატარე სამწრთვნელო შტაბთანაც, თუმცა მაინც ვერ დავმშვიდდი. დღეს პირველ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ - ვინ ვათამაშო "კარდიფთან". ძალიან აღელვებული ვარ. ბევრი იდეა ტრიალებს თავში, უამრავი ფეხბურთელი მყავს, რომლებთანაც აუცილებლად უნდა ვილაპარაკო."
"მაიკლი და კიერანი აქ იყვნენ მთელი სეზონის განმავლობაში. ისინი ძალიან მეხმარებიან გუნდის გაწრთვნაში. გუნდის არჩევის დროს მათ რჩევებს ვითვალისწინებ, ამიტომ ვნახოთ რა მოხდება. ტრავმებიც გვაწუხებს. ისიც დასადგენია ვინ გრძნობს თავს კარგად და ვინ არა."
სოლსკიაერმა ერთადერთ ფეხბურთელზე ისაუბრა - პოლ პოგბაზე. ნორვეგიელს ფრანგთან შეხება ჯერ კიდევ "იუნაიტედის" რეზერვების გაწრთვნის დროს ჰქონდა.
"პოლი დიდებული ბიჭია და ასე იყო ბავშვობაშიც, როცა მე მასთან მუშაობა მიწევდა. ის ყოველთვის მხიარული და ბედნიერი იყო. პიროვნების მხრივ, არც ახლა შეცვლილა. პოგბა ბევრად უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე - წარსულში. მან "მსოფლიო ჩემპიონატი" მოიგო. პოლ პოგბა მოთამაშეა, რომლისგანაც მაქსიმუმის მიღება მსურს. ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ პოგბა არავის ჰგავს."