"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, მწრთვნელი და დამხმარე მენეჯერი კლუბში ოლე გუნართან ერთად ბრუნდება. მაიკ ფელანმა პოლ პოგბასა და მაიკლ ქერიკის შესახებ ისაუბრა. მაიკ ფელანის განცხადებით, ქერიკს გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ მას შეუძლია აუხსნას ახალწვეულებს, თუ რას ნიშნავს "იუნაიტედისთვის" თამაში.
ზაფხულში ფელანმა ინგლისურ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდისთვის ქერიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე კარგი სწავლების საშუალება ფეხბურთელებისთვის იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნაა, რომლებმაც ეს მომენტები წლების წინ გაიარეს. ეს ყველაფერი ვარჯიშსა და თამაშზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია."
"მე ძალიან გამიმართლა, რადგან ვყოფილვარ ფეხბურთელიც, მწრთვნელიცა და დამხმარე მენეჯერიც. სამწრთვნელო შტაბში ყოფნისას, მე უკვე ვიცოდი როგორი გრძნობა იყო "მამჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თამაში. ყველა ემოცია განცდილი მქონდა. ვიცოდი, რამხელა წნეხის ქვეშ უწევდათ ფეხბურთელებს თამაში. აბსოლუტურად ყველაფერი ვიცოდი."
"მაიკლ ქერიკი კი ზუსტად ის არის, ვინც ეს ყველაფერი იცის და ვისაც ყველა ეტაპი გაუვლია. მან იცის, რას ნიშნავს წარმატება და რას ნიშნავს იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი."
"რაზე დგას საერთოდ ეს კლუბი, რას ნიშნავს იყო პატივსაცემი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, როგორ გახადო შენი თავი "ოლდ ტრაფორდის" ღირსი... ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის ცოდნა ახალწვეულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია."
"რაც შეეხება პოლ პოგბას, მან მსოფლიოზე ბრწყინვალე თამაშები ჩაატარა. მართალია, "იუნაიტედში" ბევრი ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მისი შესაძლებლობებიც. ის ხალხის ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" დიდი თანხის სანაცვლოდ დაბრუნდა, რადგან მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და უბრალოდ იმიტომ რომ ის პოლ პოგბაა. თუმცა მჯერა, დასტაბილურებას შეძლებს", - დაასრულა მაიკმა.