ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,
სანაკრებო შესვენებები დასრულდა. დღეიდან ყოველდღიურ რუტინას ვუბრუნდებით და „კრისტალ პალასთან“ გასამართ მატჩისთვის ვარჯიშებს ვიწყებთ. რუტინა ვუწოდე, მაგრამ ჩემთვის ეს გასაოცარი შეგრძნებაა. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან შემიძლია ჩემი დრო და ენერგია მივუძღვნა იმას, რაც მთელი არსებით მიყვარს - ფეხბურთს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან დიდი იღბალია.
ახლა შევამჩნიე, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ 28 ოქტომბრის შემდეგ არ გვითამაშია. 3 კვირა გამოდის... ძალიან დიდი დროა! გუნდს ენატრება „ოლდ ტრაფორდი“. ეს გასაკვირი არც არის, რადგან როდესაც განსაკუთრებული სახლი გაქვს, განსაკუთრებული დამოკიდებულებებით გამოირჩევი. რაც შეიძლება მალე გინდა დაბრუნება, რათა გულშემატკივრებს ბოლომდე მიუძღვნა თავი და კარგი მატჩი აჩვენო.
კარგია, რომ მომდევნო ორი თამაში „ოლდ ტრაფორდზე“ უნდა ჩავატაროთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კვირას „კრისტალ პალასს“ ვეთამაშებით, სამ დღეში კი „იანგ ბოიზს“ ჩემპიონთა ლიგაზე.
არ ვაპირებთ მოდუნებას და თამაშების იმ განწყობით ჩატარებას, რომ ეს მატჩები გაცილებით უფრო მარტივი იქნება ვიდრე სხვები. ჩვენ სრულიად გვაქვს გააზრებული ამ თამაშების მნიშვნელობა. წლის ბოლო თვე ძალიან დატვირთულია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დეკემბერს კარგი ფორმითა და პოზიციით შევხვდეთ. მოტივირებულები ვართ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ.
კარგი იყო სანაკრებო შესვენებაც. მეგობრები და ოჯახის წევრები მოვინახულე და სასიამოვნო დრო გავატარე მათთან, მაგრამ უკვე დროა რომ სასიამოვნო რუტინას დავუბრუნდე და უკვე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მოვემზადო გულშემატკივრის გასაბედნიერებლად.
იმედია ყველას საოცარი შაბათ-კვირა გქონდათ!
გეხვევით,
ხუანი
ManUtd.com