თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2018, 15:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 1772,
კომენტარები: 4
ანტონი,მიბაძე ლუკ შოუს !
რატომ უნდა მიბაძოს ანტონი მარსიალმა ლუკ შოუს ?
ანტონი,მიბაძე ლუკ შოუს !
"6 თვის თავზე ექიმმა მითხრა, რომ ფეხის დაკარგვასთან ახლოს ვიყავი. უკან საშინელი დღეები მოვიტოვე და მინდა ეს ყველაფერი წარსულში დარჩეს. მე დღეს სხვა ადამიანი ვარ და მსურს, კარიერის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მომიხსენიონ"

აღნიშნული ციტატა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი წინასამატჩო პრესკონფერენციიდანაა მოყვანილი, რომელზეც ლუკ შოუ გარეთ საუთგეიტთან ერთად იმყოფებოდა. საშინელი ტრავმიდან 3 წლის თავზე შოუ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელისა და აგვისტოს თვის საუკეთესო გოლის ავტორის წოდება მოიპოვა.

როგორ მოახერხა ლუკ შოუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტოში დაბრუნება და რატომ არის შოუს ეს მიღწევა მესიჯი ანტონი მარსიალისთვის ?

2016 წლის მაისში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცად ჟოზე მოურინიო დაინიშნა. მოურინიოს დანიშვნას პრესის მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. იმ დროს ჟურნალისტებმა კიდეც შეადგინეს იმ ფეხბურთელთა სია, რომელთაც სავარაუდოდ პორტუგალიელთან მუშაობისას პრობლემები ექნებოდათ და მათგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი სწორედ ლუკ შოუ იყო.

ბევრის გასაოცად ჟოზე მოურინიომ ლუკ შოუ პირველივე მატჩებში დააყენა სასტარტო შემადგენლობაში. ინგლისელმა ძირითადში რამდენიმე მატჩი ჩაატარა ზედიზედ, თუმცა შემდეგ იყო მატჩი "უოტფორდთან":

"მეორე გოლის მომენტში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგზე იყო და ჩვენი მარცხენა განაპირა მცველი მისგან 25 მეტრის მოშორებით იდგა, მაშინ როცა ის მასთან 5 მეტრის მანძილზე უნდა ყოფილიყო და მაქსიმალურად შეევიწროვებინა."


აღნიშნული მატჩის შემდეგ ნათელი იყო, რომ მოურინიო შოუს აღარ ენდობოდა. ამის დასტურად შემდეგი კომენტარიც გამოდგება:

"მან კარგად იცის, რომ მე მცველში სტაბილურობა მიყვარს. გუნდში არიან ბლინდი, როხო, დარმიანი, რომლებიც მასზე უკეთ თამაშობენ და მეტად იმსახურებენ ადგილს ძირითადში. შოუ უნდა დაელოდოს საკუთარ შანსს და ბევრი იმუშაოს."

2016/17 წლების სეზონის მიწურულს, ანუ პერიოდში, რომელშიც "იუნაიტედისთვის" პრემიერ ლიგაში უკვე ყველაფერი იყო გარკვეული, ლუკ შოუს კვლავ მიეცა მოედანზე დაბრუნების საშუალება, მაგრამ ის აღარ იყო მოურინიოს პირველი არჩევანი. ეს ბუნებრივიც იყო, რადგანაც შოუს ბევრის გაცდენა მოუწია და მის ადგილს ძირითადში სხვა ფეხბურთელები დაეუფლენ.

2017/18 წლების სეზონის დასაწყისს შოუ კვლავ ტრავმით შეხვდა. სეზონის დაწყების წინ ბევრი წერდა, რომ მოურინიო შოუს არ ენდობა და მანამ, სანამ კლუბში პორტუგალიელია ინგლისელს "იუნაიტედში" კარგი არაფერი ელოდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ დეკემბერში შოუ კვლავ დაუბრუნდა "იუნაიტედის" სასტარტოს. რამდენიმე მატჩის შემდეგ მოურინიომ შოუზე შემდეგი თქვა:

"ტაქტიკურად, მენტალურად, ფიზიკურად ის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ამ მომენტში თქვენ ვერ ნახავთ ბევრ მარცხენა განაპირა მცველს, რომელიც ამ ლუკ შოუზე უკეთესია"


თუმცა შოუსთვის ყველაფერი კვლავ მალე გართულდა. "ბრაიტონთან" მატჩში მოურინიომ ინგლისელი შეხვედრის პირველივე ნახევარში შეცვალა, როგორც შემდეგ გაირკვა იმ მიზეზით, რომ მას თავის უკეთ დაცვა მართებდა.

2018/19 წლების სეზონის დაწყების წინ პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო და თითქმის ყველა ამბობდა, რომ სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლაში "იუნაიტედს" აუცილებლად სჭირდებოდა ძლიერი განაპირა მარცხენა მცველი და გუნდს აუცილებლად უნდა შეეძინა ამ პოზიციაზე ფეხბურთელი. პრაქტიკულად გაწყვეტილი იყო ისიც, რომ ლუკ შოუ გუნდიდან უნდა წასულიყო, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, დუბაიში არდადეგებზე მყოფმა შოუმ მოურინიოსგან შემდეგი შეტყობინება მიიღო:

"ვიცი, რომ შეგიძლია ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ამისთვის კი შენგან მხოლოდ ერთს ვითხოვ, მეტი იმუშავე."

პრესაში ხშირად ამოვიკითხავდით, თუ როგორ "ანადგურებდა" მოურინიო ახალგაზრდა ფეხბურთელს და როგორი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მათ, მაგრამ ამის შესამოწმებლად შოუს შემდეგი ინტერვიუ მოვიყვანოთ:

"ჟოზე მიბრაზდებოდა, რადგანაც იცოდა, რომ მეტი შემეძლო. მან კარგად იცოდა, რომ შემეძლო უკეთ მეთამაშა. სეზონის დაწყების წინ მითხრა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა და ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. მასთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია, ახლა მისი უკეთ მესმის, მისი დამსახურებაა, რომ დღეს ინგლისის ნაკრებში დავბრუნდი. მინდა, რომ მასაც და ყველას გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა ჩემი კარგი თამაშით გადავუხადო"

როგორც ვხედავთ, რეალობა, რომელსაც სპორტული მედია გვიხატავდა არ იყო ნამდვილი. მწვრთნელის კრიტიკამ დღეს ლუკ შოუ "მანჩესტერ იუნაიტედს" და ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნა. შესაძლოა "იუნაიტედის" შედეგები არ იყოს სახარბიელო, მაგრამ განვლილ 4 მატჩში ლუკ შოუ ნამდვილად იყო ნათელი წერტილი და დიდი იმედი. დღეს ყველაფერი კვლავ მის ხელშია, შოუს შეუძლია მიაღწიოს იმ მაღალ მიზნებს, რომლებზედაც ის უკვე საჯაროდ და ხმამაღლა საუბრობს.

რა კავშირშია ლუკ შოუ ანტონი მარსიალთან ?

ლუკ შოუ მარსიალთან შედარებით გაცილებით რთულ ვითარებაში იყო. საშინელი ტრავმის შემდეგ მას სჭირდებოდა ფორმაში ჩადგომა და კონკურენციის გაწევა ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელისთვის, ისეთებისთვის, როგორებიც ბლინდი,როხო,დარმიანი და იანგი იყვნენ. განვლილი რთული გზის შემდეგ დღეს ლუკ შოუ არის იქ, სადაც მას სურდა, რომ ყოფილიყო. სად არის მარსიალი ? გულშემატკივრებს შორის მარსიალი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. არავინ დავობს, რომ ფრანგი ძალზედ ნიჭიერი და დიდი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია, მაგრამ მარსიალს სჭირდება ის ხასიათი, რა ხასიათიც ლუკ შოუს აღმოაჩნდა.

2016/17 წლების სეზონში მოურინიოს არ ჰქონია არანაირი პრობლემა მარსიალთან, თუმცა იმ სეზონში ფრანგმა მაინც ვერ შეძლო თავის გამოჩენა. ის ჩაგდებული სეზონი მარსიალის რთულ ხასიათს და ოჯახურ პრობლემებს დაბრალდა. 2017/18 წლების სეზონი კი ფრანგმა იდეალურად დაიწყო, თუმცა სეზონის განმავლობაში მარსიალი კვლავ დაიკარგა და ამაში ბრალი მოურინიოსაც მიუძღვის. ალექსის სანჩესის ტრანსფერის შემდეგ მარსიალის სიტუაცია კლუბში კიდევ უფრო პრობლემური გახდა. შემდეგ იყო 2018/19 წლების წინასასეზონო ტურნე და ის ცნობილი სიტუაცია მარსიალის შვილთან დაკავშირებით. ფრანგს ჰქონდა ყველაზე უფრო კარგი შანსი მთავარი ფეხბურთელების არ ყოფნით ესარგებლა და ძირითადში ადგილი მოეპოვებინა, თუმცა ანტონი ვარჯიშებზე საერთოდ აღარ დაბრუნებულა. ამ მაგალითის საპირისპიროდ "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა შეიძლება ალვარო მორატას ან ფაბიან დელფის შემთხვევები გაიხსენონ.

"რომელია ჩემი საუკეთესო შენაძენი ? მე შევიძინე ლამპარდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მარსიალი ჩემი საუკეთესო შენაძენია. მას შეუძლია გახდეს დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ამისთვის მან საკუთარ ხასიათში ბევრი უნდა შეცვალოს და ბევრი იმუშაოს" - კლაუდიო რანიერი

გავრცელებული ხმებით ფრანგი "იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. მიმდინარე სეზონი მარსიალისთვის იქნება მე-4 "წითელი ეშმაკების" რიგებში და დროა, რომ მან საკუთარი ფასი საკუთარ თავს, კრიტიკოსებს და გულშემატკივრებს უფრო სერიოზულად დაუმტკიცოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის დღეს მისი მწვრთნელი !

კლუბში ლუკ შოუს სახით მას ჰყავს მაგალითი, მაგალითი იმის, რომ კრიტიკის მიღებით, შრომით და შანსის გამოყენებით მას შეუძლია დაუბრუნდეს როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადს, ასევე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს !

სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
6 სექტემბერი 2018 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შოუ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია იუნაიტედში, იგივე შემიძლია ვთქვა მარსიალზეც, მიუხედავად თავისი ხასიათისა, იმდენად კარგი სტილი აქვს, რომ ბევრ გულშემატკივარს მალევე შეაყვარა თავი, იმედია ორივე მაქსიმალურ შესაძლებლობებს მიაღწევს და დიდ კვალს დატოვებს გუნდის ისტორიაში winked
0
№2
ავტორი: ikeoni
6 სექტემბერი 2018 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აშკარად მისაბაძი მაგალითია და უნდა მოუმატოს რა
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
7 სექტემბერი 2018 00:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
კარგი სტატია კარგი ანალიზი როგორც ყოველთვის
0
№4
ავტორი: stepno
9 სექტემბერი 2018 09:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგარია ლუკი და იმედია უტრამვოთ ჩაატარებს წლევანდელ სეზონს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top