10-02-2013, 15:04
ნანახია: 3301,
კომენტარები: 10
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" (ნაწილი მეოთხე)
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" (ნაწილი მეოთხე)
მიუნხენის ტრაგედია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ყველაზე მძიმედ გასახსენებელი ამბავი აღმოჩნდა მამაჩემისთვის. იმ დღეს ბევრი არ უამბია ამ საზარელი შემთხვევის შესახებ, რადგან თავადაც არ სიამოვნებდა ამაზე საუბარი.
- გუნდი ბელგრადიდან ბრუნდებოდა, სადაც ჩემპიონთა თასის მატჩი ითამაშა. "იუნაიტედი" ჩარტერული რეისით ბრუნდებოდა სახლში და სწორედ ჩარტერის გამო აღმოჩნდა მიუნხენში. თვითმფრინავი ჩამოვარდა და პირდაპირ იმ ადგილს დაასკდა, სადაც საწვავს ივსებდნენ ხოლმე თვითმფრინავები.
ეს კატასტროფა მოხდა 1958 წლის 6 თებერვალს და 8 ფეხბურთელი შეიწირა: ჯეოფ ბენტი , როჯერ ბირნი, ედი კოლმანი, დანკან ედვარდსი, მარკ ჯონსი, დევიდ პეგი , ტომი ტეილორი და ლაიამ "ბილი" უელანი. დაიღუპა აგრეთვე სხვა 15 მგზავრი, "იუნაიტედის" თანამშრომლების უოლტერ კრიკმერის, ბერტ უოლლისა და ტომ კურის ჩათვლით.
თვითმფრინავმა ორჯერ სცადა აფრენა, მესამე ცდის დროს კი ასაფრენი ბილიკის გაუმართაობის გამო თვითმფრინავის სიჩქარე შენელდა და მას არ ეყო სიჩქარე ასაფრენად. ის ჩამოვარდა ასაფრენი ბილიკის ბოლოს, გაარღვია ღობე და დაუსახლებელ სახლს შეასკდა. "იუნაიტედის" მეკარემ ჰარი გრეგმა გონება არ დაკარგა, მოახერხა შეენარჩუნებინა სიფხიზლე. მან იფიქრა, რომ თვითმფრინავი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა აფეთქებულიყო და შეძლო ბობი ჩარლტონისა და დენის ვაიოლეტის გამოხსნა ქამრებიდან და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. გუნდის 7 ფეხბურთელი კატასტროფის ადგილზევე გარდაიცვალა, დანკან ედვარდსი კი მიუნხენის ჰოსპიტალში 2 კვირა უშედეგოდ ებრძოდა სიკვდილს.
მარჯვენა გარემარბი ჯონი ბერი გადაურჩა ავიაკატასტროფას, მაგრამ მიღებულმა ტრავმებმა არ მისცა კარიერის გაგრძელების საშუალება.
მიუნხენელი ექიმების აზრით ბასბის გადარჩენის შანსები ნულს უახლოვდებოდა, ინგლისში მას პარაკლისიც კი გადაუხადეს, მაგრამ ის სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს და ორ თვეზე მეტი გაატარა ჰოსპიტალში, შემდეგ კი "იუნაიტედს" დაუბრუნდა.
- მერე რა მოხდა ?
- დაუბრუნდა და სულ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ნომერ პირველ გუნდად აქცია „მანჩესტერ იუნაიტედი“. შვილო, ამ ტრაგედიაზე საუბარი დავასრულოთ. მოდი, სხვა მნიშვნელოვან ისტორიას მოგიყვები.
- გისმენ, მამა. - ეს შემოთავაზება მომეწონა და რა საკვირველია, უყოყმანოდ დავთანხდმი.
- ერთ კვირაში „იუნაიტედი“ თავის უდიდეს მტერს, „ლივერპულს“ შეხვდება „ოლდ ტრაფორდზე“. ეს არის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში. არა მხოლოდ წელს, არამედ „იუნაიტედის“ დაარსებიდან მოყოლებული ყოველ წელიწადს. შენ უკვე იცი, რომ „წითელი ეშმაკუნები“ შექმნის დღიდან მაღალი მწვერვალებისკენ მიიწევდა და დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. წარმატების მიღწევა ინგლისში არც თუ ისე ადვილია, შვილო. ინგლისში ფეხბურთი რელიგიის დონეზეა თითოეული გუნდის გულშემატკივრისთვის, ამიტომ საკუთარი კლუბის ღირსებისა და ისტორიის დაცვა, ამავდროულად გაძლიერება, მთავარი მიზანია ნებისმიერი მათგანისთვის. „იუნაიტედმა“ თავისი არსებობით მრავალი საამაყო და ძლიერი კლუბის ისტორიას შეუქმნა საფრთხე თავისი მონდომებითა და ჩემპიონობის წყურვილით, განსაკუთრებით კი „ლივერპულს“. მიუხედავად იმისა, რომ „იუნაიტედი“ მერსისაიდელებს, ანუ ლივერპულელებს ტიტულების რაოდენობაში ამჟამად ძალიან ჩამორჩება, ამ ორ გუნდს შორის მაინც იგრძნობა მტრული დამოკიდებულა, რადგან „ლივერპული“ ძალიან კარგად გრძნობს „ეშმაკუნების“ განვითარების ტემპებს და მოსალოდნელ საფრთხეებს. მერსისაიდელებმა ბოლო ჩემპიონობა ხუთი წლის წინ მოიპოვეს, ამ პერიოდში კი „იუნაიტედი“ ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. 1995 წლის მონაცემებით „ლივერპულს“ 18-ჯერ აქვს ინგლისის ჩემპიონობა მოპოვებული, „მანჩესტერს“ კი 9-ჯერ.
- ეს იმას ნიშნავს, რომ „ლივერპული“ ჩვენზე ძლიერი გუნდია?
- არავითარ შემთხვევაში ! „იუნაიტედმა“ გადაიტანა მიუნხენის ტრაგედია, რამაც გამოიწვია „წითლების“ განვითარების ტემპის შენელება. ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, არავინ იცის ვის რამდენი ტიტული ექნებოდა. ფაქტია, „ლივერპული“ მთელი ცხრა თასით წინაა მანჩესტერზე, რასაც მერსისაიდელი გულშემატკივრები „წითელ არმიელებს“ ყოველი შეხვედრისას ახსენებენ და დამცინავი რეპლიკებით ამკობენ „იუნაიტედის“ ისტორიას.
- ეს რაღას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივრები გამუდმებით ცდილობენ ჩვენ დაცინვას და მასხრად აგდებას, იმის გამო, რომ ტიტულებით ჩვენზე გაცილებით წინ არიან. რა თქმა უნდა, „მანჩესტერის“ ზედიზედ ორჯერ გაჩემპიონება „ლივერპულის“ ფანებს ძალიან აღიზიანებთ, ამიტომ ამ გაღიზიანების დასამალად ისინი საჯაროდ მოგვიწოდებენ, რომ სანამ „იუნაიტედი“ 18 ტიტულს არ მოიპოვებს „წითელმა არმიელებმა“ ხმა არ ამოვიღოთ. საუბედუროდ, მათ არ იციან რა მოელით უახლოეს მომავალში.. შვილო, გახსოვდეს - „ლივერპული“ არის, იყო და იქნება „იუნაიტედის“ მტერი, ამიტომ ყოველთვის დიდი ყურადღება მიაქციე განვითარებულ მოვლენებს.
- გპირდები , აუცილებლად დავაკვირდები ჩვენი გუნდისა და „ლივერპული“ წინ სვლას.. მჯერა, რომ სულ მალე გავაჩუმებთ იმათ და თავაწეულები ვივლით.
- მართალი ხარ შვილო. კარგად ისწავლე და დიდი ბიჭი, რომ იქნები შენი თვალით იხილავ „მანჩესტერის“ თამაშებს „ოლდ ტრაფორდზე“..
ამ სიტყვებით დაასრულა მამამ ხანგრძლივი ისტორიის გაკვეთილი. ბოლოს გულში ჩამიკრა, ლოყაზე მაკოცა და წიგნი დახურა...
შვიდი წლის ასაკში პირველი და უდიდესი ოცნება ჩასახლდა ჩემ სულში. მინდოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატების მოწმე თავად გავმხდარიყავი და აღარასოდეს მოეგოთ "სკაუზერებს" ინგლისის ჩემპიონობა, რათა საკუთარი თვალებით მენახა "იუნაიტედის" ფეხბურთელების ხელებში ცისკენ აპყრობილი სარეკორდო მეცხრამეტე ტიტული. ახლა ამ ოცნების ახდენის საუკეთესო შანსი მქონდა. ასე დაიწყო ჩემ ცხოვრებაში ახალი ერა.
ავტორი : დიმა სანაია
P.S : ისტორიული ფაქტები გამოყენებულია Redarmy.ge - ს ისტორიის განყოფილებიდან