ბელგიამ ბრაზილია ტურნირს გამოთიშა.
"კაზან არენაზე" მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ბელგიელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა და ისტორიაში მეორედ, "წითელი ეშმაკები" მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებენ.
პირველი ტაიმი სანახაობრივი გამოდგა, სწრაფი ტემპი, უამრავი მომენტი და ორი გატანილი გოლი. ბრაზილიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ბელგიელთა კონტრშეტევები საკმაოდ სახიფათო იყო. შეხვედრის მე-13 წუთზე ბელგიელთა კუთხურის შემდეგ ფერნანდინიომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 33-ე წუთზე ბელგიელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს, ლუკაკუს შესანიშნავი თამაშის შემდეგ, კევინ დე ბრუინემ ულამაზესი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში ბრაზილიელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, თავი შეცვლაზე შემოსულმა რენატო აუგუსტომ გამოიჩინა. ბრაზილიელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს.
ბელგიის ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება, რომელმაც ურუგვაის ნაკრები დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დარჩენილი 6 გუნდიდან ყველა ევროპის წარმომადგენელია და მსოფლიოს კვლავ ევროპელი ჩემპიონი ეყოლება.
რომელუ ლუკაკუ 40 გოლით ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. "იუნაიტედის" ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია, ბელგიელმა ბოლო 12 საერთაშორისო მატჩში 17 გოლი გაიტანა.