ჟოზეს კომენტარი მატჩის შემდეგ.
ჟოზე მოურინიო ნამდვილად მოხარულია "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დერბიში, რომლის პირველი ტაიმიც გუნდმა 2-0 წააგო.
მატჩის შემდეგ ჟოზემ ჟურნალისტებს სხვადასხვა საკითხის შესახებ ინტერვიუ მისცა.
პირველი გოლით შეშფოთება"მართლაც დამწუხრებული ვიყავი მათი პირველი გოლით, რადგან კუთხურიდან გაიტანეს და თუ არ ვცდები, ამ სეზონში უკვე მესამე გოლი გაგვიტანეს კუთხურიდან. და ეს მოხდა იმ მომენტში, როცა მატჩს სრულად ვაკონტროლებდით. მეორე გოლის შემდეგ კი მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა შეენარჩუნებინათ. მატიჩი, პოგბა და ერერა ბურთს იჭერდნენ და ამოძრავებდნენ, ჩვენ უფრო მეტად გვეჭირა ბურთი, ვიდრე "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ სხვა გუნდებს უჭირავთ. ასე რომ, მხოლოდ თავდაჯერებულობის შენარჩუნებისა და ხაზის მაღლა აწევის, მაღალი პრესინგისა და პირველ გოლზე ლოდინის საკითხი იყო"
ოთხეულში ადგილი თითქმის განაღდებულია"ფეხბურთელებს რამდენიმე მაგალითი მოვუყვანე იმისა, რომ გუნდები 2-0 ანგარიშიდანაც აგებენ მოგებას და მინდა შევაქო ისინი, რადგან მათ სჯეროდათ და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოგვიტანეს, რადგან მათემატიკურად ახლა მხოლოდ 6 ქულა გვჭირდება ოთხეულში შევლისთვის. ეს საკითხი აუცილებელი საკითხია და ჩვენ სამ საშინაო და სამ გასვლით მატჩში 6 ქულა უნდა ავიღოთ. დღევანდელი გამარჯვება ამაში ძალიან დაგვეხმარა და მეორე ადგილზე გასვლაც მნიშვნელოვანია. როგორც ვიცი, "ლივერპულს" 4 ქულით ვუსწრებთ და თადარიგში ერთით მეტი მატჩი გვაქვს, "დეზებსაც" ასევე 4 ქულით ვუსწრებთ და "სიტის" მომდევნო ტურში მათი დამარცხება სჭირდება ტიტულის მოსაგებად. ჩვენი მიზანი მეორე ადგილზე გასვლაა."
ვულოცავ "სიტის" და პეპს"მივულოცე, რადგან ტიტული დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, დამწუხრებულები არიან, რადგან ამის გაკეთება დღესვე სურდათ, მაგრამ მე მაინც მივულოცე, რადგან მაინც მოიგებენ და თანაც დამსახურებულად. მათ უფრო მეტი ქულა დააგროვეს, ვიდრე სხვებმა და სხვა გუნდებს შანსიც კი არ დაუტოვეს. კვლავ ვიტყვი, რომ წელს უკეთესი სეზონი გვქონდა, ვიდრე შარშან, ვინაიდან მეტი მოგება, მეტი გოლი, მეტი ქულა, ნაკლები გაშვებული გოლი გვაქვს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მათ მიერ ჩატარებული სეზონის გამო. მაგრამ ჩვენ არა ვართ ის გუნდი, როგორიც ხალხს ჰგონია - არ ვართ ისეთი ცუდი, როგორც ხალხი ფიქრობს, არ ვარ ისეთი ცუდი მწვრთნელი, როგორიც ხალხს ვგონივარ, არ არიან ისეთი ცუდი ფეხბურთელები, როგორიც ხალხს ჰგონია და ჩვენ სწორედ იმის დამტკიცებას ვაპირებთ, რომ ქვეყნის მეორე საუკეთესო გუნდი ვართ და ამისთვის ქულები გვჭირდება."
მოხარული ვარ გულშემატკივართა გამო"ნამდვილად ბედნიერი ვარ გულშემატკივართა გამო, რადგან პირდაპირი კონკურენტების წინააღმდეგ მოპოვებული ქულები ყოველთვის მნიშვნელოვანია და ბოლო დროს ეს გავაკეთეთ "ჩელსის", "ლივერპულისა" და ახლა "სიტის" წინააღმდეგ. მათთვის სასიამოვნო შეგრძნებაა. მატჩამდე ვთქვი, რომ არაფრის აღნიშვნას არ ვაპირებდი, რადგან ადრე თუ გვიან ზეიმის მიზეზი მათ ექნებათ. მიზანი ქულებისთვის ბრძოლა იყო, რადგან ეს ქულები გვჭირდება. "მანჩესტერ იუნაიტედმა" მომდევნო 50 წლის განმავლობაში რომ ვერაფერი მოიგოს, მაინც "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება და მეც რომ ვერაფერი მოვიგო, ჟოზე მოურინიო ვიქნები, ფეხბურთელები კი ფეხბურთელები იქნება. ჩვენ პატიოსანი ხალხი და პროფესიონალები ვართ და ყოველთვის ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ. მე ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ოთხეულში შესვლა შეგვიძლია და მეორე ადგილზე გასვლის კარგი შანსიც გვაქვს ფანტასტიკური შედეგით."
ყოველთვის ვცდილობთ გაუმჯობესებას"ვფიქრობ, ჩემპიონატის დასასრულს "სიტის" მიერ დაგროვილი ქულები განასახიერებს იმას, თუ რამდენად კარგი იყვნენ. საკითხავია, გავუმჯობესდებით თუ არა იმდენად, რომ მათი დაწევა შევძლოთ? არ ვიცი. მაგრამ ვეცდებით და ეს შედეგი ბიჭებს ორი დღე დასვენების საშუალებას მისცემს და იმედი მაქვს, "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო უქმეებზე გასვლისას კარგი ატმოსფერო დაგვხვდება, რაც სამი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარება, რადგან ოთხეულისთვის 6 ქულა გვჭირდება. ასე რომ, 3 ქულის აღების შემთხვევაში თითქმის მივაღწევთ მიზანს".
წყარო:
manutd.com