8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დავითობას, აღნიშნავს.
დავითი მეფობდა საქართველოში XI საუკუნეში. იგი იყო მეტად ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი, აშენებდა ეკლესიებს, ხშირად დადიოდა წირვა-ლოცვაზე და მის მოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა. მან მღვდელი გაათავისუფლა მონობისაგან, მიანიჭა დამოუკიდებლობა და უფლება ეპისკოპოსად კურთხევისა. განიკვეთნენ უღირსი სასულიერო პირები და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ. დავითმა საქართველო კიდევ უფრო იმით გააძლიერა, რომ განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან დააარსა მრავალი სასწავლებელი: დაბალი, საშუალო და მაღალი. ხალხს შვილები მიჰყავდა ამ სკოლებში და ეწაფებოდა განათლებას. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა. თვითონ დავით მეფე უჩვენებდა ხალხს ჩინებულ მაგალითს სწავლის სიყვარულისა, ჰქონდა მდიდარი წიგნების ბიბლიოთეკა და კითხულობდა ყოველთვის, როცა სამეფო საქმეებისაგან მოიცლიდა. ლაშქრობისა და ნადირობის დროსაც თან დაჰქონდა წიგნები. როცა ქვეყანამ ძალ-ღონე მოიკრიფა, დავითმა შეადგინა დიდი ჯარი და ხარკი აღარ მისცა ოსმალებს. ისენი გაბრაზებულნი გამოეშურნენ საქართველოსკენ, მაგრამ დავითი მათ საზღვარზე მიეგება და საშინლად დაამარცხა. გაქცეულ მტერს უკან დაედევნა და სულ გაანადგურა. ათჯერ კიდევ სცადეს ოსმალებმა ბედი, მაგრამ ყველა ომი მთავრდებოდა მათი დამარცხებით და გაქცევით. მის სიმამაცეს საზღვარი არ ჰქონდა, თავგანწირულად იბრძოდა და არაერთხელ დაჭრილა გაცხარებულ ბრძოლაში. დავითმა მთლიანად გაათავისუფლა საქართველო ოსმალებისაგან, მაგრამ მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა. ველური ოსმალები გარეკა სომხეთიდანაც და მათი მონობისაგან გაათავისუფლა სომეხთა დედაქალაქი ანისი, სადაც დანიშნა მთავარმართებლად ჩინებული ქართველი მოღვაწე. აგრეთვე განდევნა ოსმალები ყველა მახლობელი ქვეყნიდან. შავი ზღვიდან დაწყებული კასპიის ზღვამდე ოსმალები აღარსად იყვნენ და ხალხმა შვება იგრძნო. ამიერკავკასიის მადლიერმა ხალხებმა დავითი აღიარეს მეფეთა მეფედ და ნებაყოფლობით ყოველწლიურ ხარკს აძლევდნენ. დავითი ყველას ხიბლავდა თავისი კაცთმოყვარეობით, შესისხლხორცებული ჰქონდა სახარების სწავლა, განმსჭვალული იყო მოყვასის გულწრფელი და მხურვალე სიყვარულით, მუდამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და საკუთარი თავი დავიწყებული ჰქონდა. ამასთან, მეტად უყვარდა ღვთის მსახურება. ამის გამო დავითი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანთა თანა შერაცხა.
მინდა საიტის სახელით ყველას მოგილოცოთ ეს დღესასწაული! (განსაკუთრებით დავითებს)