"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს მისი გუნდი ძლიერი მენტალიტეტით უდგება, მიუხედავად ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლისა.
"სევილიასთან" დაპირისპირებაში ვერ ითამაშებენ მარუან ფელაინი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ფილ ჯონსისა და მარკოს როხოს მონაწილეობა კი საეჭვოა.
პოლ პოგბა, რომელმაც "ჰადერსფილდთან" შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გუშინ ვარჯიშებს დაუბრუნდა და სავარაუდოა, რომ ესპანეთში გუნდთან ერთად იქნება.
მოურინიო იმედოვნებს, რომ დაბრუნებას შეძლებენ ანტონიო ვალენსია, ანდერ ერერა და მარკუს რეშფორდიც, რომლებმაც შაბათის მატჩი ასევე გამოტოვეს.
"მე ვფიქრობ, მენტალიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ძლიერი გუნდი, ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებს.
შეიძლება თუ არა, რომ ოთხშაბათამდე რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიბრუნდეს? ამის მჯერა. რეშფორდს, ერერასა და ვალენსიას შანსი აქვთ.
პოლის შესახებ არ ვიცი. მარკოს როხოს, ფილ ჯონსს, ზლატანსა და ფელაინის, არა მგონია, შანსი ჰქონდეთ, ასე რომ, მნიშვნელოვან მომენტს გარკვეული პრობლემებით ვხვდებით.
"ჰადერსფილდთან" მატჩში დავიდ დე ხეას გარდა არავინ დამისვენებია, ასე რომ, ვინც ხელმისაწვდომი იყო, ყველა განაცხადში მყავდა. ორი ფეხბურთელი მოვიყვანე, რომლებმაც წინა დღეს 90 წუთი ითამაშეს, რადგან სხვები არ მყავდა".