"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს მიზნად, მაგრამ აცხადებს, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.
"წითელი ეშმაკები" სამ ტურნირზე ასპარეზობენ და თუკი პრემიერ ლიგა უკვე წაგებულად ითვლება, გუნდს ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობა ჯერ კიდევ რჩება.
დღეს თბილისის დროით 21:30 საათზე "იუნაიტედი" ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის შეხვედრას გამართავს "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთში "სევილიას" ეწვევა.
ჟოზეს მიაჩნია, რომ ამჟამად "ჰადერსფილდთან" შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რადგან ყველა ტურნირს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუდგეს და ვინაიდან ინგლისის თასის პლეი-ოფები ერთმატჩიანია, სურს დარწმუნდეს, რომ მეოთხედფინალში მისი გუნდიც გააღწევს.
"უნდა ვცადოთ, უნდა ვცადოთ. ჩემპიონთა ლიგა გაცილებით რთულია, ვიდრე ევროპა ლიგა, ეს ყველამ ვიცით.
და ასევეა ინგლისის თასიც ამჟამად, როგორც მახსოვს, მხოლოდ "ლივერპული" და "არსენალი" გამოეთიშნენ გათამაშებას. კარგი იყო კენჭისყრის შედეგები "ჩელსის", "სიტისა" და "ტოტენჰემისთვის", ასე რომ, მეოთხედფინალში დიდი გუნდები გავლენ.
უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენც იქ ვიქნებით, მაგრამ ინგლისის თასის მოგებაც რთული იქნება".